ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ვაშლევის სკოლაში საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ამ სკოლის მოსწავლეების, შოთი და გვანცა წიქარიშვილების ორგანიზებით სკოლაში თანასწორ-განმანათლებელთა ფესტივალი ჩატარდა. ამავე დღეს მოეწყო სკეტჩები და მუსიკალური ნომრები ჰიგიენაზე, ნახატების კონკურსი ძირულას ხეობის სოფლებში მოქმედი სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.

შოთი და გვანცა წიქარიშვილები ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ ახალგაზრდული მოხალისეობის პლატფორმის წევრები არიან. ეს ორგანიზაცია პროექტებს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით ახორციელებს.

ახლახან შოთიმ და გვანცამ მოხალისეობასთან და ჰიგიენასთან დაკავშირებით ტრენინგები გაიარეს. ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნით შოთი წიქარიშვილმა პროექტი შეადგინა და „ჰელფინგ ჰენდის“ დაფინანსება მოიპოვა. სკოლას ეს ორგანიზაცია 1 500 ლარით წყლის სისტემის მოწყობისთვის დააფინანსებს. ამ თანხით მოაწესრიგებენ წყალგაყვანილობის სისტემას, შეიძენენ რეზერვუარს და სკოლას წყალი უწყვეტად ექნება.

„ჰელფინგ ჰენდმა“ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ვაშლევის სკოლა 300 ლარით დააფინანსა. სკოლის დირექტორმა ქეთინო ლურსმანაშვილმა და სკოლის კოლექტივმა გადაწყვიტა, რომ ამ დაფინანსებით ძირულას ხეობის სოფლებში მოქმედი სკოლების მონაწილეობით ხატვის ზონალური კონკურსი ჩაეტარებინათ.

ხატვის კონკურსში ბორითის, ხევის, ნადაბურის, ხუნევის სკოლების მოსწავლეებთან ერთად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშის სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ.

თანასწორ-განმანათლებელთა ფესტივალი შოთი წიქარიშვილმა გახსნა პრეზენტაციით „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ“. მან პანდემიის დროს ჰიგიენის დაცვისა და სკოლის მუდმივი წყალმომარაგების აუცილებლობაზე ისაუბრა.

საერთოდ, ყველა სიახლესა და აქტივობას მივესალმები, – ამბობს ნადაბურის სკოლის დირექტორი დოდო ხაჩიძე, – ყოველთვის ვერთვები მეზობელი სკოლების მიერ დაგეგმილ ზონალურ ღონისძიებებში. ჩვენი სკოლის ოთხი მოსწავლე ხატვის კონკურსში ჩაერთო. კორონავირუსის პანდემიამ ერთმანეთს დაგვაშორა. სკოლებს ურთიერთთანამშრომლობა გვაძლიერებს“.

ხევის სკოლის ხელოვნების მასწავლებელი რომან ტაბატაძე თვლის, რომ კონკურსებში მონაწილეობა მოსწავლეებს სტიმულს აძლევს და წარმატების მიღწევაში ეხმარება.

ხატვის კონკურსში მონაწილეებმა ვაშლევის სკოლის ეზო, სკოლის კედლები და ჭიშკარი მოხატეს. ზოგმა საკუთარი ჩანაფიქრი ფურცელზე გადაიტანა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ამ კონკურსში პირველი ადგილი ნადაბურის სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ბორითელი მოსწავლეების გუნდი გავიდა, მესამეზე – მასპინძელი ვაშლევის სკოლის მოსწავლეთა გუნდი.

ხატვის კონკურსის მონაწილე მოსწავლეები სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მოსწავლეები ამ ღონისძიებაში მონაწილეობას გამოცდილების მიღების კუთხით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

ამავე დღეს ვაშლევის სკოლას რიკოთის ავტობანის მშენებელმა ჩინურმა კომპანიამ 3 ათასი ლარი გადასცა. სკოლის დირექტორი ქეთინო ლურსმანაშვილი აპირებს, რომ ნაჩუქარი თანხითა და სკოლის ბიუჯეტით შენობის მეორე სართული გაარემონტონ.

ნინო კაპანაძე