მეათე წელია, ვერტყვიჭალის სკოლა სასწავლო წლის მიწურულს „ცოდნის კვირეულს“ მართავს. კვირეულზე სასწავლო წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნას აჯამებენ, სწავლა-სწავლების პროცესში ძლიერ და სუსტ მხარეებს მსჯელობენ და სამომავლო გეგმებს სახავენ.
წლევანდელი კვირეულის სლოგანი იყო „ჩვენ ეს შევძელით“. ვერტყვიჭალის სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე ამბობს, რომ „ცოდნის კვირეულის“ ჩატარების ტრადიცია 2020 და 2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის გამო დაირღვა.
„მასწავლებლები შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ ონლაინ სწავლებისას ყველა მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში ჩაგვერთო, – ამბობს ლენა აბაშიძე, – ვერტყვიჭალის სკოლაში მოსწავლეები ხუნევის თემის ხუთივე სოფლიდან დადიან. ზოგ სოფელში ინტერნეტი კი არა, ტელეფონიც არ იჭერს. პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს რამდენად გაართვეს თავი მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, – ამის შეჯამება იყო ამ კვირეულის ძირითადი მიზანი.
30 წელია, რაც ვერტყვიჭალის სკოლის დირექტორი ვარ. კოლეგიალურობამ და გუნდურობამ გამაძლებინა ამდენი წელი. მოსწავლეების შედეგებით ვამაყობ. ყოველ წელს მედალოსანი კურსდამთავრებულები გვყავს. სკოლაში სამი წამყვანი მასწავლებელია, რომლებიც მენტორობისთვის ემზადებიან. ვერტყვიჭალის სკოლას 18 მოსწავლე ამთავრებს და ამდენივე პირველკლასელი გვეყოლება. თანამედროვე მოთხოვნებს მაქსიმალურად ფეხს ვუწყობთ.
მხოლოდ გაკვეთილების ჩატარებით არ შემოვიფარგლებით. შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოსაყალიბებლად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დასანერგად პრეზენტაციები, კომპლექსური დავალებები და ინტეგრირებული გაკვეთილები აუცილებელია.
ვამაყობ ჩემი მოსწავლეების შემოქმედებითი უნარებით. ვერტყვიჭალაში სამუსიკო სტუდია „ჰარმონიას“ ფილიალი ფუნქციონირებს. აქ მოსწავლეებს კლასიკურ მუსიკას პედაგოგი გულნაზი აბრამაშვილი ასწავლის. სკოლაში ქორეოგრაფიული წრე მოქმედებს. ქორეოგრაფი ალიკა ტაბატაძე ახალგაზრდებს ქართულ ეროვნულ ცეკვებს ასწავლის.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და ღია გაკვეთილებზე ძირულას ხეობის სოფლებში მოქმედი სკოლების მასწავლებლებს ვიწვევთ. მიხარია მათგან ობიექტური შეფასება და აზრთა გაზიარება“, – ამბობს ლენა აბაშიძე.
nვერტყვიჭალის სკოლაში „ცოდნის კვირეული“ დევიზით „ჩვენ ეს შევძელით“ 16 მაისს ხელოვნების კათედრის ღონისძიებით გაიხსნა. სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. სკოლის ფოიე ნახატებით, ნაქარგებით, ნაქსოვებით, ხელნაკეთი ნივთებით დამშვენდა.
„ბაღის ასაკიდან ვხატავ, – ამბობს მეათეკლასელი თამარ კურტანიძე, – ხატვა თავად ვისწავლე. ძლიერი ემოციის დროს ხელში ფუნჯს ვიღებ და ვხატავ. გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე მინდა რომ ჩავაბარო“.
მეოთხე კლასში საჩვენებელი გაკვეთილი მასწავლებელმა მზია გიგაურმა ჩაატარა. მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება „ხელოვნების ძალა და მეჩონგურე“ წარმოადგინეს. მეოთხე კლასელებმა მეჩონგურის პორტრეტი საკუთარი წარმოსახვით დახატეს. მათ ცოდნა გრამატიკაშიც გამოამჟღავნეს, გაარჩიეს მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირები, ზედსართავი სახელებით დაახასიათეს მეჩონგურე. წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე „რას გვანიჭებს ხელოვნება“.
16 მაისს პირველკლასელებმა, რომლებიც უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ამ ქვეყნის დროშის ფერებში გამოეწყვნენ, ანბანის გაცილების ღონისძიება გამართეს. ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც ჩაერთვნენ. ჩანდა, რომ პედაგოგმა მზია ტაბატაძემ შედეგის მისაღწევად ბევრი იშრომა.
კვირეულის პირველი დღე „მხიარული სტარტებით“ დასრულდა. ამ ზონალურ შეჯიბრებაში ვერტყვიჭალის, ხევის, ნადაბურისა და ბორითის სკოლები მონაწილეობდნენ. გამარჯვება ხევის სკოლამ მოიპოვა.
ამავე დღეს სკოლის კურსდამთავრებულის, სპორტსმენ მადონა წიქარიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ სპორტულ მარათონს ჩაეყარა საფუძველი. წელს მადონას 50 წელი შეუსრულდებოდა. მისი გარდაცვალებიდან კი ათი წელი გავიდა. სპორტულ მარათონში გამარჯვებულ ხევის სკოლას მადონა წიქარიშვილის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცა.
17 მაისს საბუნებისმეტყველო საგნების კათედრამ (ხელმძღვანელი დოდო ლილუაშვილი) ინტეგრირებული გაკვეთილი დაგეგმა თემაზე – „რა აროლს ასრულებს მათემატიკა სამზარეულოში“. ეს იყო მათემატიკის, გეოგრაფიისა და ბიოლოგიის ინტეგრირებული გაკვეთილი. მეშვიდე და მერვეკლასელები ერთმანეთს შეეჯიბრენ, ვინ უკეთეს გეომეტრიულ ფიგურებს შექმნიდა ბოსტნეულისა და ხილისგან. მათ დამსწრეთ აუხსნეს, თუ რომელ ქვეყანაში მოიპოვება კონკრეტული ხილი და ბოსტნეული, რა სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს თითოეული მათგანი და რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს მათმა ჭარბმა მიღებამ. ამ მეთოდით სწავლება სახალისოც გამოვიდა და დასამახსოვრებელიც.
შემეცნებითი გასართობი კონკურსი „მხოლოდ ქართული“ მეათე და მეთერთმეტე კლასელების მონაწილეობით გაიმართა. კონკრეტული გამონათქვამის ეკრანზე გამოტანის შემდეგ მოსწავლეებს წიგნის ავტორი უნდა გამოეცნოთ, ნახატითა და მუსიკით კი – ფილმი. გამარჯვებული გუნდის წევრები სასწავლო წლის ერთ-ერთ დღეს სკოლაში მათთვის სასურველ ქართულ ფილმებს ნახავენ.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მასწავლებელ ნუგზარ კაპანაძის ხელმძღვანელობით, ვერტყვიჭალის სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა. 17 მაისს კალათბურთში შეჯიბრება სერგო ლომიძის თასზე გაიმართა.
18 მაისს მასწავლებელმა მაია ღარიშვილმა, მეექვსე კლასელებთან ერთად, გერმანულ ენაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა. საკუთარი დღის განრიგზე მოსწავლეები გერმანულად გვესაუბრენ. შემდეგ კი სპექტაკლი „რატომ არის თოვლი თეთრი“ წარმოადგინეს. ამ ღონისძიებით და მოსწავლეთა ცოდნის დონით მასწავლებლები და მშობლები კმაყოფილები დარჩნენ.
19 მაისს მეათეკლასელებმა ეკოპროექტის „გარემო და კლიმატური ცვლილება“ პრეზენტაცია გამართეს. ეს მოსწავლეები და მათი პედაგოგი მანანა ჯიქურიძე საქართველოს ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის წევრები არიან. გასულ წელს მათ ამ კლუბის მიერ ორგანიზებულ ქიმიის ეროვნულ კონფერენციაში გაიმარჯვეს.
როგორია სამყარო, სადაც იბადები, იზრდები და ვითარდები, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ქვეყანამ და პიროვნებამ კლიმატური ცვლილებების შესამცირებლად, – ამ თემებზე მეათეკლასელებმა საინტერესო ვიდეორგოლები წარმოადგინეს.
ვერტყვიჭალის სკოლაში „ცოდნის კვირეული“ კონცერტით დასრულდა. მოსწავლეებმა კლასიკური ნაწარმოებები, ქართული ცეკვები და ხალხური სიმღერები წარმოგვიდგინეს.
„კორონავირუსის პანდემიის გამო სასკოლო აქტივობები შეფერხდა, – ამბობს ვერტყვიჭალის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მარინა ლურსმანაშვილი, – ამიტომ ამ კვირეულს განსაკუთრებულად ველოდით. საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები და ღონისძიებები ჩატარდა. ნასწავლი მასალა გავიმეორეთ და კონკურსების დროს ცოდნა გამოვამჟღავნეთ. წლევანდელი კვირეული ერთ-ერთი საუკეთესოა ახალ გარემონტებულ სკოლაში და სასწავლო პროცესში დანერგილი სიახლეებით“.
„მთელი სკოლა კვირეულისთვის მზადების პროცესში ჩაერთო, – ამბობს მეათეკლასელი ლევან ცხოვრებაძე, – კარგია, რომ სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ხელს უწყობს.
ვერტყვიჭალის სკოლაში თეონა ლომიძისა და ფიქრია ზუბაშვილის სამ-სამი შვილი სწავლობს. ისინი კმაყოფილები არიან, რომ მათი შვილები გერმანულ ენას კარგად ეუფლებიან და ამბობენ, რომ კვირეულმა სასკოლო ცხოვრება გამოაცოცხლა, მოსწავლეებს სწავლისთვის მეტი სტიმული და ხალისი მიეცათ.
კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე მყოფმა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ კვირეულის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის სკოლის დირექციას მადლობა გადაუხადა. მან სკოლა გეოგრაფიული ატლასით დაასაჩუქრა.
განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი ვაქერ-სებისკვერაძემ ვერტყვიჭალის სკოლას პროფკავშირისგან მადლობის სიგელი გადასცა „დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ეფექტური სოციალური პარტნიორობისთვის“.
„სკოლა მარტო საგაკვეთილო პროცესს არ მოიცავს, – ამბობს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე, – კონკურსები, შეჯიბრებები მოსწავლეს სწავლის სურვილს უძლიერებს და ეს შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია“.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-მუშაკმა ეკა შველიძემ ვერტყვიჭალის სკოლას კვირეულის წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლებისა და მშობლების თანამშრომლობა იგრძნობა. ეკა შველიძემ სკოლას ერმინე მაღრაძის წიგნი „ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის კვლევა“ გადასცა.
სტუმრები და მასპინძლები ერთმანეთს მომავალი კვირეულის უფრო ფართო მასშტაბით აღნიშვნის იმედით დაემშვიდობნენ.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.