ხიდრის სკოლის წლევანდელი ექვსი კურსდამთავრებულიდან სამი ოქროს მედალოსანია – გიორგი ლელაძე, ლუკა გაგოშიძე და ლევან კაციტაძე. ისინი უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად ემზადებიან და თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, აღარ აქვთ.
გაიცანით, თუ როგორ ისწრაფვიან მიზნისკენ მომავალი მეცნიერი, ექიმი და გამომძიებელი.
გიორგი ლელაძე სიტყვაძუნწია. მიკრობილოგიის დაუფლებას ის აკ. წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტში აპირებს. აინტერესებს ყველაფერი, რაც კი სამყაროში ხდება. მომავალი პროფესიის არჩევა ბიოლოგიისადმი სიყვარულის გამო გადაწყვიტა. გიორგი წლევანდელი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის ერთადერთი მონაწილეა ხარაგაულიდან. არის 2020 წლის „ხარაგაულის ეტალონი“ მოსწავლე.
გიორგი ლელაძე მიიჩნევს, რომ თანამედროვე სკოლა ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ნაკლებად ამზადებს. თუმცა ამბობს, რომ ბევრი საუკეთესო თვისება თუ ჩვევა ხიდრის სკოლის მასწავლებლებისგან მიიღო. მას სურს, რომ სკოლებში ხელმისაწვდომი იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები და ლაბორატორიები. პროფესიის დაუფლების შემდეგ ხარაგაულში ცხოვრებასა და საქმიანობაზე არ ფიქრობს.
მისი ყველაზე დიდი სურვილი უკეთეს საქართველოში ცხოვრებაა. თანატოლებისა და ახალგაზრდებისადმი მისი მთავარი გზავნილია, რომ სანამ დროა, მიზნის მისაღწევად იშრომონ.
ლუკა გაგოშიძეს ბიოლოგი დედის, თამთა მაისურაძის გავლენით, ეს საგანი ძალიან შეუყვარდა. ბიოლოგიისადმი სიყვარულითა და ადამიანებისადმი დახმარების სურვილით ლუკამ მომავალ პროფესიად ექიმობა აირჩია. მან აბიტურიენტობისას დრო სწორად გადაანაწილა. ამიტომ ის სკოლაში სწავლისა და დამატებითი მეცადინეობის პარალელურად, მეგობრებთან გართობასაც ახერხებს.
ლუკა ფიქრობს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი დროის ეფექტურად გამოყენებაა. ხიდრის სკოლაში გატარებულ წლებს ნაყოფიერად მიჩნევს და ამბობს, რომ მშობლების შემდეგ მასწავლებელია ის ადამიანი, რომელიც პიროვნებად ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ლუკას სკოლის დამთავრება ეძნელება – მეგობრებთან და მასწავლებლებთან გატარებულ თითოეულ წუთს ახლა უფრო მეტად აფასებს.
ლუკა გაგოშიძის ყველაზე დიდი სურვილია, რომ ისეთი სპეციალისტი გახდეს, რომ სხვების დახმარება და გადარჩენა შეძლოს. ამისთვის კი ექიმობა საუკეთესო პროფესიად მიაჩნია. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ის ხარაგაულში დაბრუნებას არ აპირებს; თუმცა, ამბობს, რომ ხარაგაულელებს, როგორც შეძლებს, ყოველთვის გვერდით დაუდგება.
ლუკა მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში დაბრკოლებებმა არ უნდა შეაშინოს, არ უნდა დანებდეს და მიზნისკენ სწრაფვა არ შეანელოს. ის ამბობს, რომ თითოეული მიზნის მიღწევისას თავისუფლებს გრძნობს.
ლევან კაციტაძე ბავშვობიდან გამომძიებლობაზე ოცნებობს. ამ მიზნის მისაღწევად ის იურიდიულზე ჩაბარებას აპირებს. სწავლის გაგრძელება ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს. საგამოძიებო ლიტერატურას ნაკლებად კითხულობს, უფრო ამ ჟანრის ფილმების ყურება უყვარს.
ლევანი აბიტურიენტობამ დამოუკიდებელ ცხოვრებას მიაჩვია. ბოლო ერთი წელია, უფრო თავისუფალი და ლაღი გახდა. ამაში ხელი ოჯახმა შეუწყო. დასახული მიზნის მიღწევის შემდეგ ხარაგაულში ცხოვრებას არც ლევანი გეგმავს, რადგან თვლის, რომ აქ პროფესიით ვერ დასაქმდება.
ლევანი ამბობს, რომ საზოგადოებაში რადიკალური ცვლილებებია საჭირო. მისი დაკვირვებით, სამართლიანობა და კანონმორჩილება გვაკლია, რაც ქვეყნის განვითარებაზე ცუდად მოქმედებს.
მისი სურვილია, სამართლიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვროს; უნდა, რომ ცხოვრებაში ნათელი კვალი დატოვოს
ლევანი თანატოლებს დასახული მიზნების მიღწევას, სიკეთითა და სიყვარულით სავსე ცხოვრებას უსურვებს. ჩვენც ვუერთდებით მის სურვილებს.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.