პოეტმა ვალერი გოგნაძემ ახალი კრებული „ჩემი დღეების თეთრი წყვდიადი“ გამოსცა. 13 მაისს, პარასკევს, 14:30 საათზე ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

ამ კრებულის შესავალში პოეტი წერს:

„რაც დრო გადის, ჩემი განვლილი დღეებიც ნელ-ნელა წყვდიადით იფარება, მაგრამ არ იკარგება, რადგან ეს წყვდიადი თეთრი წყვდიადია, საიდანაც ისინი დროდადრო მოგონებების მარგალიტებად კიაფობენ, რომლებიც ლექსებშია გადატანილი. ეს თეთრი წყვდიადი ჩემ მერეც, ჩემ გარეშეც  იარსებებს. ვფიქრობ, ასეთია ზოგადად, ადამიანის სამყარო. ამიტომ ვუწოდე ჩემთვის რჩეული ლექსების კრებულს „ჩემი დღეების თეთრი წყვდიადი“.

გთავაზობთ რამდენიმე ლექსს ვალერი გოგნაძის ახალი კრებულიდან.

ოქროსფერი ჰორიზონტები

მოლისფერს უკვე მზისფერი სჯობნის
და ჰორიზონტებს ოქროსფრად ვქარგავ,
სიხარულისთვის სულ ცოტა მყოფნის,
მწუხარებისთვის დროს აღარ ვკარგავ.

ცისარტყელები ისევ მესიზმრა,
მინდება მათზე ხელგაშლით დგომა,
თუმც მეზამთრება თმებში ვერცხლისფრად,
გულში ოქროსფრად დუღს შემოდგომა.

 

ნაკალოვარი

მას ნაკალოვარს ვეძახით ახლა,
აქ პაპაჩემი თესავდა ხორბალს,
მიწას აქ პურის სურნელი ახლავს
და კვლავ აბრუნებს საწუთროს ბორბალს.

ნაკალოვარზე ფეხის ხმა მესმის,
კევრს ატრიალებს ნიშა და წაბლა,
აპურებს ისევ აწმყოს და მერმისს
ბებიაჩემის გაშლილი ტაბლა.

ნიავი ნამკალს გრილად წეწავდა,
სარჩოს აფენდა ნაოფლარ ახოს,
ოფლს ღვრიდა პაპა, კალოს ლეწავდა
და აპურებდა ჯალაბს და საყოლს.

მამაპაპურად გული მეც მიცემს,
ვიწვი და თან მდევს ფიქრი მთოვარი,
რომ ნასახლარად არ გადაიქცეს
პაპის ეზო და დანატოვარი.

 

პური მეპურემ აცხოს

წესი ჰქონია წინაპარს
(ვინც არ იცავდა, არ ცხონდა):
თიხას მეთუნე მოზელდა,
პურს კი მეპურე აცხობდა.

პაპამ უწყოდა, რა სჭირდა
თავის გვარსა და მონაგარს,
მექოთნემ კიდევ – თუ ქოთანს
ყური საიდან მოაბას.

მეც მსურს, ამქვეყნად ცხოვრება
სულ აბდაუბდას არ ჰგავდეს,
თესლს გუთნისდედა თესავდეს,
ხეს კი დურგალი რანდავდეს.

ჩემი თხოვნაც და სურვილიც
მომავალსა და აწმყოს –
ქუდი მექუდემ შეკეროს,
პური მეპურემ აცხოს.

 

მე შენ გეძებდი

მე შენ გეძებდი, რაც თავი მახსოვს,
გეძებდი ყველგან, დღისით თუ ღამით,
გეძებდი ჩემი ოცნებით ნაქსოვს,
არ დამიკარგავს არც ერთი წამი.

ახლა კი, როცა ჩემს თვალწინ გხედავ
და ხარ ხელთუქმნელ ძაფით ნაქარგი,
რად გიკვირს ასე, ძვირფასო, ნეტავ,
რომ მეშინია შენი დაკარგვის?! 

 

. . .
ამ მიზნის იქით
კვლავ მაქვს მიზანი,
მთელი არსებით ვცხოვრობ მიზნებით,
არც გუშინდელის არ ვარ ხიზანი,
არც მარტო ხვალეს შევეხიზნები.
მაფხიზლებს ციდან სინათლის ფენა,
თვალებზე რულიც კი არ მერევა,
სანამ მიზანი,
სანამდე რწმენა,
სანამ ოცნება არ დამელევა.

 

მასწავლებელს

როცა შენს სახეს ვხვდები გადაღლილს,
მაინც მცინარეს, ვით ვარსკვლავს დილის,
თითქოს საყვარელ ძველ წიგნს გადავშლი
და გულში ვიკრავ მშობლიურ ღიმილს.

დაგაქვს სიწმინდე თეთრი ბაფთების
და ანცი მზერა ჭინკა ბიჭების,
ჩაივლი, გვრჩება უსპეტაკესი
კვალი ნათელი დანაბიჯების.

ამ გზებით ერთად წლობით გვივლია,
ერთად მოვყვებით დღეთა დინებას…
შენს სიახლოვეს რა ადვილია
გაცელქება და გაყვაწვილება.

რამდენმა გულის გულში ჩაიკრა
ეს სითბო, როგორც ღმერთის წყალობა,
ახლა მწადია, ყველას მაგივრად
ყველაფრისათვის გითხრათ მადლობა.