მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან და ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 77 წელი გავიდა.

ფაშიზმზე გამარჯვების თემა მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურია დღესაც, – როცა უკრაინაში ომია და მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.

აფხაზეთის ომის ვეტერანი ხვიჩა ბაკურაძე 1992-93 წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას, ფაშიზმსა და ოკუპაციას ებრძოდა. „მაშინ აფხაზეთში, ჩვენს გვერდით, 300-მდე უკრაინელი ვაჟკაცი იბრძოდა, – იხსენებს ხვიჩა ბაკურაძე, – რუსეთი დაუნდობელია; 30 წლის წინ აფხაზეთში რასაც აკეთებდა, იმასვე აკეთებს დღეს უკრაინაში“.

ხვიჩა ბაკურაძემ ხარაგაულის #1 საშუალო სკოლა 1990 წელს დაამთავრა; 1992 წელს, 18 წლის ასაკში, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ავიაციაში მსახურობდა.

– ჩვენი სამხედრო ნაწილი ბაბუშერაში იყო განთავსებული და ფრონტის სხვადასხვა პოზიციებზე იქიდან გვანაწილებდნენ. აფხაზეთის ომში ათეულ ათასობით ადამიანი დავკარგეთ. ეს ჩვენისთანა პატარა ერისთვის უდიდესი დანაკლისია. ბევრი ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი დაეცა ბრძოლის ველზე, ბევრი მათგანი დღემდე დაკარგულად ითვლება.

ერთხელ საბრძოლო ვერტმფრენი ზღვაში ჩაგვივარდა და ვერავინ გადარჩა, მხოლოდ საბურავი იპოვეს… 24 ადამიანი დავკარგეთ.

ახლა ომი უკრაინაში მიმდინარეობს. პოლიტიკურ გადანაწილებებს უბრალო ხალხის სიცოცხლე ეწირება. რუსული არმია დაუნდობელია; რაც ხდება უკრაინაში, ანალოგიური გადაგვხდა აფხაზეთში. გარდაცვლილ ნაწამებ ადამიანებს ვპოულობდით, ზოგს თვალები ჰქონდა დათხრილი, ზოგს კიდურები მოკვეთილი, ხელებშეკრულ მშვიდობიან მოქალაქეებს ხვრეტდნენ. ბიჭებს თავები მოკვეთეს და ფეხბურთი ითამაშეს, ომი საშინელებაა.

მეომარი ყოველთვის მზად უნდა იყო, რომ ტყვედ არ ჩავარდე. მეთაურიც და გამოცდილი თანამებრძოლებიც – რომლებმაც ჩვენი ბიჭების ნაწამები გვამები ნახეს, – გვეუბნებოდნენ, რომ ტყვედ ჩავარდნასა და ამგვარ წამებას ჯობდა, ერთი ტყვია საკუთარი თავისთვის შეგვენახა.

აფხაზეთის ომის დაწყებისას პირველად ტელევიზიას დაარტყეს და გათიშეს; ბომბებს მაღალ შენობებსა და საცხოვრებელ სახლებს უშენდნენ. იყო მომენტები, როცა ტყვია-წამალი აღარ გვქონდა და ამიტომ ეკონომიურად ვიყენებდით. ომში, ძირითადად, გამოცდილ ჯარისკაცებს იწვევენ. თუმცა ჩემს გვერდით პატარა ასაკის მოხალისეებიც იბრძოდნენ. ბევრ რამეს ბრძოლის ველზე გამოცდილი თანამებრძოლებიდან სწავლობ. ომში შიშის გრძნობა გეკარგება და ხშირად ინსტიქტურად მოქმედებ.

აფხაზეთში ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მიწა-წყლისთვის ვიბრძოლეთ. დაღუპული ბიჭების ვაჟკაცობაც გვაძლიერებდა. ომის დროს ჩვენი ნაწილი დროებით თბილისში გადმოგვიყვანეს. აფხაზეთში ჩვენი ბიჭები იღუპებოდნენ და დედაქალაქში რა გამაჩერებდა. ხუთი მებრძოლი გავიპარეთ და აფხაზეთში დავბრუნდით. შტაბში ვუთხარით, რომელ ნაწილშიც ვირიცხებოდით და იარაღი მოგვცეს. ჩემთან ერთად იბრძოდნენ ტარიელ კიკნაძე, ანდრო ალავიძე, ნუგზარ ჭიპაშვილი. ფრონტზე ემზარ ჩაჩანიძესაც შევხვდი.

ვიბრძოდი ბაბუშერაში, შრომაში, ტამიშში – უმძიმესი ბრძოლები გადაგვხდა. ომის დასაწყისში გამარჯვება ჩვენს მხარეს იყო, ბოლოს ცოტანი დავრჩით და დავსუსტდით, დავკარგეთ ჩვენი მიწა-წყალი…

ულამაზესია სოხუმი. პირველად რომ ვნახე, თავი სადღაც სხვა ქვეყანაში მეგონა. ვფიქრობდი, ეს სილამაზე ვის უნდა დავუთმოთ-მეთქი, მაგრამ დავკარგეთ. აფხაზეთის დაბრუნებას, ალბათ, წლები დასჭირდება.

ომამდე ელმავლის მემანქანედ ვმუშაობდი, შემდეგ აღარ მიმიღეს და სხვადასხვა ადგილას ფიზიკურად ვიმუშავე.

ვფიქრობ, ვეტერანებს მეტი ყურადღება სჭირდება. ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ, შესაძლოა, ხვალ-ზეგ ეს მებრძოლი ხალხი კიდევ დაგვჭირდეს. 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდშიც ვაპირებდი ტყვიავში წასვლას, – იქ მეგობარი მყავდა და მის გვერდით საომრად მივდიოდი. თუმცა, ომი რამდენიმე დღეში დამთავრდა და თანაც გავიგე, რომ ჩემი მეგობარი, ოჯახთან ერთად, ტყვიავიდან წამოსულა. კიდევ კარგი, რომ დამთავრდა და უფრო მეტი ადამიანი არ დაგვეღუპა. საშინელებაა ომი, წარმოუდგენელი საშინელება.

თამთა გოგოლაძე