2022 წლის პირველი იანვრიდან ომის ვეტერანები სახელმწიფოსგან, დახმარების სახით, 22 ლარის ნაცვლად 100 ლარს იღებენ. დახმარება მხოლოდ იმ ვეტერანებისთვის გაიზარდა, რომლებიც სხვა სოციალური პაკეტით არ სარგებლობენ; ხოლო ისინი, ვინც ბრძოლის ველზე დაშავდნენ, მხოლოდ შესაბამისი ჯგუფის პენსიასა და კვლავ 22-ლარიან დახმარებას იღებენ.
ხარაგაულის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ელვარდი გიორგიძე ამბობს, რომ ეს დიფერენცირება მისთვის მიუღებელია, – „ადამიანმა იბრძოლა, საკუთარი ჯანმრთელობა ქვეყნისთვის დათმო; მათ არ აქვთ იმხელა პენსია, რომ დახმარება მათთვისაც არ გაეზარდათ. არა მგონია, ამით სახელმწიფო ძალიან დაზარალებულიყო“.
– ვეტერანის მოწმობები 90-იან წლებში გადმოგვეცა, – ამბობს ელვარდი გიორგიძე, – ამ დოკუმენტით ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იყო; ასევე გათავისუფლებულები ვიყავით კომუნალური გადასახადებისგან. შემდეგ სახელმწიფომ ვეღარ შეძლო და 22-ლარიანი დახმარებები შემოიღეს; იმ დროს ეს თანხა არც ძალიან ცოტა იყო. დღეს კი 22 ლარის მსყიდველობითუნარიანობა ძალიან დაბალია და ამიტომ მოგვიმატეს. ჩემთვის პირადად უფრო კარგი იქნებოდა, ვეტერანის მოწმობას ძველი „ძალა“ დაბრუნებოდა.
ვეტერანების უმრავლესობას მედიკამენტები გვჭირდება. სხვადასხვა ქსელურ აფთიაქებში კვირის დღეებში ფასდაკლებები მოქმედებს და წამლებისთვის ზესტაფონში ამ დღეებში ჩავდივარ. ხარაგაულში არც ერთ აფთიაქში ფასდაკლებები არ აქვთ, ამაზე არც ვეტერანობა და არც პენსიონერობა არ მოქმედებს. ეს თანხა ძალიან ცოტაა იმისათვის რომ წამლებში გვეყოს.
ახლა ვეტერანებმა მოწმობები უნდა შეცვალონ. ამისათვის ხარაგაულელმა ვეტერანმა თავისი ძველი მოწმობა ზესტაფონში ან ქუთაისში უნდა ჩაიტანოს და იქ შეუცვლიან. ქუთაისამდე მგზავრობა 8 ლარი ღირს, ზესტაფონში მე როცა ჩავედი, ადგილზე არასოდეს დამხვდნენ. ეს დამატებით პრობლემას იწვევს. ხომ შეიძლება, ის პიროვნება, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ვეტერანების მომსახურება ევალება, ერთი დღით ხარაგაულში მოვიდეს, მე უზრუნველვყოფ ვეტერანების გაფრთხილებას და ეს მათთვის უფრო იოლი იქნება.
ვეტერანები წლიურად 3000 ათას ლარზე საშემოსავლოს არ იხდიან; 3000 ათასი ლარი თვიურად 250 ლარიანი ანაზღაურებაა. ვეტერანები, რომლებიც მუშაობენ და უფრო მაღალი ხელფასები აქვთ, წლის უმეტეს თვეებში საშემოსავლო გადასახადს იხდიან და 20% არც თუ ისე ცოტა თანხაა. ხომ შეიძლება, ეს დაუბეგრავი თანხა 5-7 ათასამდე გაზარდონ.
საქართველოში ვეტერანის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე იყო. სამხედრო მოწმობაში შესაბამისი ბეჭედი და ჩანაწერი უნდა გქონდეს. თუ ადამიანი ომში კომისარიატმა გაიწვია, არსებობს შესაბამისი ბრძანება; საჭიროა ამ ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე 2-3 თანამებრძოლის ნოტარიულად დამოწმება, რომ მის გვერდით იბრძოდი.
საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, მაგრამ ვეტერანის სტატუსი არ აქვთ. ვეტერანების 22-ლარიანი დახმარება რომ დაწესდა, ომში მონაწილეებს ვეხვეწებოდი, რომ ეს სტატუსი მიეღოთ. თუმცა, ბევრ მათგანს ეს წვალება თვეში 22 ლარად არ უღირდა. მას შემდეგ, რაც დახმარება 100 ლარამდე გაიზარდა, ვეტერანის სტატუსის მიღების ბევრმა მსურველმა მომაკითხა. აფხაზეთის ომიდან თითქმის 30 წელი გავიდა და ამ საბუთების მოპოვება თანდათან უფრო რთულდება.
მე თვითონ აფხაზეთის ომში ხარაგაულის კომისარიატმა გამიწვია, ქუთაისში ჩავედი და ოჩამჩირეში გადამიყვანეს. ღია ბრძოლებში მონაწილეობა არ მიმიღია, ვინაიდან ორ კვირაში ქუთაისში დამაბრუნეს და სამტრედიაში პიკეტზე ვიდექი. მე ომის მონაწილის სტატუსი და შესაბამისი მოწმობაც მაქვს. ასევე არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქებში გადაანაწილეს და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ; ისინიც ომის ვეტერანებად ითვლებიან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 355 ვეტერანია აღრიცხული. ამ სტატისტიკაში არ შედიან ავღანეთში მებრძოლები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ერთი პირი ცხოვრობს, ეს ფარცხნალელი იური ბუაჩიძეა.
მესამე წელია, ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარების პროგრამა ფინანსდება. ამ პროგრამით სარგებლობისთვის ვეტერანმა მერიის სოციალურ სამსახურს უნდა მიმართოს. განცხადებას სპეციალური კომისია შეისწავლის და ვეტერანს 500 ლარის ფარგლებში ფინანსური დახმარება გაეწევა.
დაღუპულ ვეტერანთა ოჯახებს სახელმწიფო ყოველთვიურად 1000 ლარს ურიცხავს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოთხი ასეთი ოჯახი ცხოვრობს. ამ ოთხივე ოჯახს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, დამატებით, წელიწადში 2 ათას-2 ათასი ლარით ეხმარება.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების