„ბებიაქალს ორი სიცოცხლე აბარია, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ მშობიარეც და ახალშობილიც კარგად იყვნენ,“ – ამბობს ლამარა თაბუკაშვილი, ბებიაქალი, რომელიც ხარაგაულის სამშობიაროში 50 წელი ბუშაობდა.
დღეს, 5 მაისს, ბებიაქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქალბატონ ლამარას ხარაგაულის სამშობიაროში მუშაობის წლების გახსენება ვთხოვეთ.
„ღუდუმექედში ვცხოვრობდით და დედა ხშირად ამბობდა, – შვილი რომ ავად გამიხდებოდა, სოფელში ნემსის გამკეთებელს ვერ ვპოულობდიო, – გვიამბობს ლამარა თაბუკაშვილი, – პროფესია სწორედ დედის დაჟინებული თხოვნით ავირჩიე“.
ლამარა თაბუკაშვილმა 1955 წელს ხარაგაულის ქალთა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისში სამეანო-გინეკოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის (ახლანდელი ჩაჩავას კლინიკა) პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელა. სტაჟირება ხარაგაულის სამშობიაროში ექიმ ირაკლი კიკვაძესთან გაიარა. სასწავლებელი 1957 წელს დაამთავრა და საქარიქედის საფერშლო პუნქტში გაანაწილეს. პირველი მშობიარეც იქ მიიღო.
„სოფელში ხმა გავარდა, მცოდნე ბებიაქალი მოვიდაო და მშობიარეები საქარიქედიდან ხარაგაულის საავადმყოფოში აღარ მიდიოდნენ და სახლში მშობიარობდნენ, – იხსენებს ქალბატონი ლამარა, – სტაციონარში როცა ხარ, გვერდით ექიმი გიდგას და არაფრის გეშინია.
მშობიარობა ძალიან რთული პროცესია. შესაძლოა, საუკეთესო სპეციალისტის მეთვალყურეობის პირობებშიც კი გართულდეს. საბედნიეროდ, ჩემი მორიგეობის დროს, არც ერთი მშობიარე და ახალშობილი არ დაღუპულა.
საქარიქედის საფერშლო პუნქტში 9 თვე ვიმუშავე, შემდეგ ხარაგაულის სამშობიაროში გადმომიყვანეს. საუკეთესო ექიმი ირაკლი კიკვაძე მომთხოვნი კაცი იყო და თანამშრომლის მოწესრიგებულობას დიდ ყურადღებას აქცევდა. ირაკლი ექიმი ხშირად ამბობდა, „ინექციის გაკეთება რომ დამჭირდეს, – ვინც გამიკეთებს, გარეგნულად თუ არ მომეწონა, ისე რა მომარჩენსო“.
ხარაგაულში 1966 წელს ახალი საავადმყოფო აშენდა და მეორე სართული სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებას დაეთმო. ჩემთან ერთად მაღალი დონის პროფესიონალი ბებიაქალები – რაისა მაჭავარიანი, მარო ბარათელი, ქეთევან მაჩიტაძე, მამიკა კიკნაძე, ანა ქავთარაძე მუშაობდნენ. საუკეთესო გინეკოლოგები ემსახურებოდნენ ხარაგაულელ ქალებს – ირაკლი კიკვაძე, ლენა ბუაჩიძე, მერი ჩიკვაიძე, თინა არევაძე; შემდეგ მოვიდნენ ვალიდა არევაძე, რეზო ჯულაყიძე, რუსუდან ბაზიარი, ნოდარ ბოჭორიშვილი. ვწუხარ, რომ ბოლო წლებში ხარაგაულში სამშობიარო დაიხურა.
ბებიაქალის სამუშაო ძალიან რთული, თუმცა საინტერესოა. ხშირად თავზე გვათენდებოდა და ფანჯრებში გარიჟრაჟს რომ დავინახავდით, ვხვდებოდით, რომ ახალი დღე დადგა. რამდენჯერ ღამის 3-4 საათზე პირს ცივი წყლით ვიბანდი, რომ ძილი არ მომკარებოდა.
მშობიარობა ფსიქოლოგიურად რთული პროცესია. კარგია, თუ მშობიარე შენს პროფესიონალიზმში დარწმუნებულია და გიჯერებს. ჩემს დროს გავრცელებული იყო ფსიქო-პროფილაქტიკური მეთოდი – მშობიარობის პროცესში ქალი უნდა დაგერწმუნებია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. მშვიდად უნდა აგეხსნა, რომ ტკივილი მოვლითი და დროებითია, ტკივილებს შორის აუცილებლად უნდა ამოისუნთქოს.
„შენ რასაც მეტყვი, ყველაფერს დაგიჯერებთო“, – მეუბნებოდნენ მშობიარეები. ხშირად მსმენია, რომ ქალებს სურდათ, ჩემს ცვლაში ემშობიარათ. ზოგჯერ ბავშვი ასფიქსიით იბადება, ე.ი. რაღაც პრობლემაა. ამიტომ აუცილებლად სწრაფად და ზუსტად უნდა იმოქმედო.
ახალი სიცოცხლე იბადება და ეს პატარა საქმე არ არის. მთავარია, ცოდნა გქონდეს, შენი საქმე გიყვარდეს და ყველაფერი გამოგივა“.
თამთა გოგოლაძე
ფოტოებზე: ლამარა თაბუკაშვილი; ხარაგაულის სამშობიარო სახლის თანამშრომლები
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების