განათლების სამინისტრო სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიის მოწყობის უფლებას აძლევს.

ექსკურსიის ადგილი კი უნდა შეირჩეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს.

ზოგადადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

„სასკოლო ექსკურსიების ორგანიზების პროცესში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მოქმედებენ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის 2019 წლის 31 მაისის N719 ბრძანების შესაბამისად.

ამ წესის მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზატორი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე.

სკოლის დირექტორს, ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე, ექსკურსიის ხელმძღვანელმა უნდა წარუდგინოს:

  • ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ.

სკოლის დირექტორი განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტებს და პერსონალური პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებას ექსკურსიის განხორციელების ან განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.

ექსკურსიის ორგანიზატორი ვალდებულია მოსწავლეს, მის წარმომადგენელს და ექსკურსიაში მონაწილე სხვა პირებს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, დაგეგმილ ღონისძიებათა მიზნების, აქტივობების და მონაწილე და პასუხისმგებელი პირების შესახებ.

ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე.

ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ.

სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი.

სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა.

მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი საჭიროების გათვალისწინებით.

ფოტო „ჩემი ხარაგაულის“ არქივიდან