ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მოსწავლე ნიცა ზუმბაძემ კლასიკური მუსიკის  ეროვნული კონკურსის „მომავლის ვარსკვლავების“ გალა-კონცერტზე ლაურეატის წოდება დაიმსახურა.

„მომავლის ვარსკვლავების“ გალა-კონცერტი პირველ მაისს თბილისში, ანასტასია ვირსალაძის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა.

ნიცამ კომპოზიტორ რიჩარდ როჯერსის საესტრადო კლასიკური სიმღერა „ედელვაისი“ შეასრულა (პედაგოგი დარეჯან კაციტაძე, კონცერტმეისტერი დარეჯან გვაძაბია).

ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორის ლალი ალექსიძე ამბობს, რომ პანდემიის გამო კონკურსში ხარაგაულიდან მხოლოდ ორი მონაწილე ჩაერთო.

„კონკურსის შესარჩევი ტური პირველ აპრილს ზესტაფონში ჩატარდა. ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მოსწავლეს თინათინ შავიძეს კონკურსში მონაწილეობისთვის დიპლომი გადაეცა, – ამბობს ლალი ალექსიძე, – ძალიან გვახარებს ნიცას წარმატება. ამით ჩვენი, პედაგოგების შრომა, ფასდება“.