ღვაწლმოსილი პედაგოგი, წლების განმავლობაში ხარაგაულის #1 საშუალო სკოლის დირექტორი ლამარა კურტანიძე იუბილარია. მას პირველ მაისს 85 წელი შეუსრულდა.
55-წლიანი პედაგოგიური საქმიანობიდან ლამარა კურტანიძე 19 წელი ხარაგაულში ერთ-ერთ წარმატებულ, #1 საშუალო სკოლას დირექტორობდა. ეს სკოლა 2000 წელს სასულიერო გიმნაზიად გადაკეთდა. ეს სწორედ ქალბატონი ლამარას მონდომებითა და ძალისხმევით განხორციელდა.
რა უნარებით, ღირებულებებითა და თვისებებით უდა გამოირჩეოდეს დირექტორი, რომ მან სკოლაში ჯანსაღი გარემო შექმნას; როგორ უმკლავდებოდა გამოწვევებს და ცხოვრებაში ყველაზე მეტად რით ამაყობს, – ამაზე სასაუბროდ ლამარა მასწავლებელს ვესტუმრეთ.
„სოფელ ღორეშაში, მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი, – გვიამბობს ლამარა კურტანიძე, – ჩემმა მშობლებმა – ალექსანდრე კურტანიძემ და ნინა ნოზაძემ შეძლეს, რომ ხუთივე შვილს უმაღლესი განათლება მიგვეღო. ქუთაისის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელი და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე. ორი სპეციალობა მაქვს – დაწყებითი განათლების პედაგოგისა და ისტორიკოსის. ჩემი დებიც პედაგოგები არიან. ერთი ძმა მცენარეთა დაცვის სპეციალისტია. მეორე ძმა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა. ამჟამად ის ოჯახით ამერიკაში ცხოვრობს.
მასწავლებლისთვის ყველაზე მთავარი ბავშვის სიყვარულია. პროფესია ბავშვებისადმი სიყვარულის გამო ავირჩიე“.
ლამარა კურტანიძემ მუშაობა ბორითის საშუალო სკოლაში დაიწყო. შემდეგ ღორეშის სკოლაში ორგანიზატორად გადაიყვანეს. ასევე ორგანიზატორად გააგრძელა საქმიანობა ხარაგაულის #2 საშუალო სკოლაში; პარალელურად, ისტორიას ასწავლიდა. 1982 წლის თებერვალში ხარაგაულის #1 სკოლის დირექტორად დაინიშნა.
ეს სკოლა 2000 წელს სასულიერო გიმნაზიად გადაკეთდა. ამის წინაპირობა გახლდათ ის, რომ მზადდებოდა პროექტი, რომლის თანახმად, ამ სკოლაში მხოლოდ დაწყებითი კლასები დარჩებოდა, #2 სკოლაში – საბაზო საფეხურის, ხოლო #3 სკოლაში დამამთავრებელი კლასები განთავსდებოდა.
„ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო, – ამბობს ლამარა კურტანიძე, – ამიტომ გადავწყვიტეთ, სკოლა სასულიერო გიმნაზიად გადაკეთებულიყო. საპატრიარქოს მივმართეთ და 2000 წლის პირველ სექტემბერს სკოლა სასულიერო გიმნაზიად გამოცხადდა. ამის შემდეგ სკოლის დირექტორად სასულიერო პირი დაინიშნა, მე მისი თანაშემწე ვიყავი.
სასულიერო გიმნაზიის დაფუძნებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ყოველ კვირაში ერთ სასწავლო დღეს მოსწავლეები ტაძარში წირვაზე მიგვყავდა. ისინი მოძღვრის ქადაგებას ისმენდნენ, ეზიარებოდნენ. ეს მოსწავლეებისა და მასწავლებლების სულიერ განვითარებას ხელს უწყობდა.
იმ პერიოდში ქალები სკოლის დირექტორებად ნაკლებად ინიშნებოდნენ. ხარაგაულის #1 საშუალო სკოლის პირველი ქალი დირექტორი მე ვიყავი. ამ თანამდებობაზე იური ბუაჩიძე შევცვალე. რაიკომის მდივანმა შოთა დევდარიანმა სამჯერ დამიბარა, რომ სკოლის დირექტორად მუშაობას დავთანხმებოდი.
იმ დროს ჩემი უფროსი ქალიშვილი ნინო მესამე კლასში სწავლობდა, ნონა – პირველში. მათი სწავლა-აღზრდა, უმეტესად, ჩემმა მეუღლემ გურამ (გუგული) ბუხნიკაშვილმა იტვირთა. ის პურკომბინატის დირექტორად მუშაობდა და შვილებისთვის მეტი დრო რომ ჰქონოდა, ტექნოლოგად გადავიდა. ოჯახს, ძირითადად, ის უძღვებოდა. მეუღლე ყველა წამოწყებაში გვერდით მედგა და მხარს მიჭერდა. ამიტომაც იყო, რომ წარმატებებს მივაღწიე. ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობით უკმაყოფილო არ ვარ.
ქალები, ჩემი აზრით, მამაკაცებთან შედარებით, თანამდებობებზე დანიშვნისას, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ და შედეგსაც აღწევენ, კარგი ლიდერები არიან. ამიტომ თანამდებობებზე ქალების ყოფნა საჭირო და აუცილებელია.
დირექტორად მუშაობისას ჩემთვის მთავარი იყო, სკოლას ერთსულოვანი, საუკეთესო პედკოლექტივი ჰყოლოდა. მაღალკვალიფიციური პედაგოგების დამსახურებით, 1987-1990 წლებში #1 საშუალო სკოლა ოქროსა და ვერცხლის მედალზე თორმეტმა მოსწავლემ დაამთავრა. ეს ნაყოფიერი მუშაობის შედეგი გახლდათ.
პირველად ხარაგაულის რაიონის სკოლების ისტორიაში, ჩვენთან მშობელთა კრებაზე მხოლოდ მამები მოვიწვიეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. ჩვენს სკოლაში მოეწყო პირველად ღონისძიება – „მოსწავლეები და მშობლები მასწავლებლებად“.
მაღალ დონეზე ჩატარდა ხარაგაულის #1 საშუალო სკოლის დაარსებიდან 110 და 120 წლის იუბილეები.
„მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში“ ჩვენი სკოლა ყოველთვის მონაწილეობდა და საკმაოდ წარმატებულად. გუნდს მოსწავლეებმა სახელად „ჭირიმე“ დაარქვეს. ეს სიტყვა მე მახასიათებს – საუბრისას „ჭირიმეს“ ხშირად ვამბობ.
სამსახურებრივი მოვალეობის კარგად შესრულებისთვის არაერთი ჯილდო დავიმსახურე – მათ შორის – სიგელები განათლების მინისტრისგან, რაიონისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელებისგან; ვარ სახალხო განათლების წარჩინებულის მედლის და ღირსების ორდენის მფლობელი. ეს ჯილდოები მეტ სტიმულს მაძლევდა და გაათმაგებულად ვმუშაობდი.
თუმცა, მასწავლებლისთვის ყველაზე მთავარი მოსწავლეების წარმატება, მათგან მიღებული მადლიერება და სიყვარულია. 1982 წელს, როცა ხარაგაულის #2 საშუალო სკოლიდან წამოვედი, მოსწავლეებმა გულთბილი სიტყვები დამიწერეს. მათ წერილებს დღემდე ვინახავ.
ჩემი მოსწავლე ხათუნა ტაბატაძე წერს: „ლამარა მასწავლებელო, თქვენ მრავალი კარგი და კეთილი საქმე გაგიკეთებიათ ჩვენს სკოლაში, ჩვენი კლასისთვის. ამიტომ თქვენი სახელი ჩვენი სკოლის ისტორიაში მარად დაუვიწყარი იქნება. მე თქვენზე საუბარს ვერ ამოვწურავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანის მოგონება ლამარა მასწავლებელზე ისევე ნათელი და ძვირფასი იქნება, როგორიც მშობელზე. ჩვენი სკოლიდან გადახვედით და თან წაიღეთ ჩვენი დიდი სიყვარული და ნდობა“.
„ჩვენ დავინახეთ, რომ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა და გადაწყვეტა შეიძლება, თუ იქნები ლამარა მასწავლებელივით უდრეკი ხასიათის, მტკიცე ნებისყოფის და შრომისმოყვარე ადამიანი. მოკლედ, თქვენთან მუშაობა ადვილი და ძალიან საინტერესოა“, – ეს სიტყვები ლია ნიქაბაძეს ეკუთვნის.
…ლამარა მასწავლებელი ამბობს, რომ ეამაყება აღზრდილები, რომლებიც დღეს ხარაგაულში საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებენ. ახარებს ის, რომ პირველსკოლელები განათლების, კულტურის, ჯანდაცვის სფეროებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
„ცხოვრებაში ჩემთვის მთავარი იყო პროფესიის სიყვარული, ერთგულება, ზრუნვა წარმატებისთვის, – ამბობს ლამარა კურტანიძე, – ვფიქრობ, კარგი შვილები აღვზარდე. ნინო ექიმია და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში იმუნიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობს, ნონა ისტორიკოსია. ვხარობ ექვსი შვილიშვილითა და შვილთაშვილით.
მომავალ თაობას ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, სასურველი სპეციალობების დაუფლებას, ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებ“.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების