ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საექიმო ამბულატორიების ექიმებთან და ექთნებთან შეხვედრა გაიმართა, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში.

შეხვედრაზე განიხილეს ხარაგაულში 2021 წლის რუტინული ვაქცინაციის გეგმის შესრულების მდგომარეობა; ისაუბრეს ვაქცინაციის მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რასაც პერიოდულად ვაქციინაციის პროცესში აწყდებიან; ვაქცინების შენახვის პირობებსა და გამოყენების წესებზე.

„წლევანდელი კვირეულის სლოგანია – „დიდხანს სიცოცხლე ყველას, – ამბობს ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის იმუნიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი და კოორდინატორი ხარაგაულში, ექიმი ნინო ბუხნიკაშვილი, – აცრა ყველა ასაკში მნიშვნელოვანია და ეს კოვიდპანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა.

ხშირად მშობელი სხვადასხვა მიზეზებით ბავშვს გეგმიურ აცრას არ უტარებს. ასეთ შემთხვევებში დამიკავშირდით და შევეცდები, თქვენთან ერთად მოვაგვარო სიტუაცია. აცრების მიმართ მშობელთა სკეპტიკური დამოკიდებულება განსაკუთრებით ბოლო წლებში დანერგილი პაპილომა ვირუსის აცრასთანაა დაკავშირებული. ეს ვაქცინა ზრდასრული ასაკის ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის შეიქმნა. ხარაგაულში პროფილაქტიკური აცრებით მოცვა პანდემიის პერიოდში ყველა კომპონენტზე 99-100 %-ია. ამისათვის თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ამბობს, რომ „ვაქცინა არის მეცნიერული, სამედიცინო მონაპოვარი, რომელიც ძალიან ბევრი დაავადებებისგან იცავს ჩვენს საზოგადოებას. შესაბამისად, იმუნიზაციის კვირეულში ვმართავთ ღონიძიებებს, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, უფრო მეტად ავუხსნათ მათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინების – რუტინული იქნება თუ სეზონური – გამოყენებას.

კოვიდპანდემიამ ძალიან მნიშვნელოვნად დააზარალა გეგმიური ვაქცინაცია. თუ ადრე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოცვა 85-90% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 10-ჯერ შემცირდა.  ეს არ ეხება მხოლოდ იმერეთის რეგიონს. ეს მდგომარეობაა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა მაქსიმალურად უნდა „დავიკაპიწოთ ხელები“, რომ ეს მონაცემები გაუმჯობესდეს. ჩვენ არ მივიღოთ კოვიდის შემდგომ ისეთი დაავადებების ეპიზოდური ეპიდაფეთქებები, რომლებისგანაც შეგვიძლია ჩვენი საზოგადოება გეგმიური აცრებით დავიცვათ.

ვამაყობ, რომ ხარაგაულში პანდემიით გამოწვეული წინააღმდეგობაც კი დაიძლია და გეგმიური აცრების მაჩვენებლები მაქსიმალურადაა შესრულებული“, – ამბობს გოჩა გიორგიძე.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ცენტრის (დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე) თანამშრომლებმა ვაქცინაციის კვირეულის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები გამართეს.

თამთა გოგოლაძე