„პანდემიის გამო 2020 წელს მსოფლიოში 23 მილიონმა ბავშვმა რუტინული აცრები გამოტოვა, ეს მონაცემი 2019 წელთან შედარებით, 3.7 მილიონით მეტია. ამ ასაკში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გარეშე, შესაძლოა, ქვეყნები მრავალი ეპიდემიის რისკის წინაშე აღმოჩნდნენ და კატასტროფული შედეგები მივიღოთ განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელთაც შედარებით სუსტი ჯანდაცვის სისტემა აქვთ.

იმუნიზაციის ისტორიაზე, მნიშვნელობასა და პანდემიის გამო გამოწვეულ სირთულეებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს უფროსი ლიკა ჯაბიძე გვესაუბრება.

იმუნიზაცია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულშია შესული (რენდგენის სხივები, ინსულინი, პენიცილინი, დნმ-ს აღმოჩენა). ამ ჩამონათვალში მეორე ადგილს ყვავილის, ხოლო მერვე ადგილს წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა იკავებს.

მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვაქცინაციის ზეგავლენა შეუფასებელია. ბოლო 20 წელიწადში დაახლოებით 30 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა ვაქცინაციის საშუალებით.

იმუნიზაციის გაფართოებულ პროგრამას დასაბამი 1974 წლიდან მიეცა. ამჟამად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ პრეკვალიფიცირებულია 150-მდე ვაქცინა. ერთი და იგივე დაავადებისთვის მსოფლიოში 15-20 ვაქცინაა, რომელიც ერთმანეთისგან დამზადების ტექნოლოგიით განსხვავდება.

ვაქცინაციის გზით ყვავილის გლობალური ლიკვიდაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ანსამბლეამ 1958 წელს გამოაცხადა; საბოლოო, დასკვნითი განაცხადი 1980 წელს გაკეთდა. ყვავილი ერთადერთი ინფექციური დაავადებაა, რომელიც სრულად ელიმინირებულია ვაქცინაციით.

1988 წლიდან დასკვნით ფაზაშია პოლიომიელიტის ერადიკაციის ინიციატივა, დარჩენილია ორი ქვეყანა (პაკისტანი და ავღანეთი), სადაც პოლიომიელიტის ველური ფორმები ჯერ კიდევ ცირკულირებს. საქართველოში პოლიომიელიტის შემთხვევა 2002 წლიდან აღარ დაფიქსირებულა და ეს იმუნოლოგების დიდი შრომის დამსახურებაა.

მსოფლიო განვითარებული ქვეყნების იმუნიზაციის რუტინული კალენდარი 14 უმნიშვნელოვანეს დაავადებას მოიცავს, რომლისთვისაც ვაქცინაცია კეთდება და სავალდებულოა ბავშვებისათვის. საქართველოში იმუნიზაციის კალენდარში არის 9 ვაქცინა და მათი საშუალებით 13 ინფექციის პრევენციაა შესაძლებელი.

საქართველოში იმუნიზაციის პროგრამა 1996 წელს შეიქმნა, ჩვენს ქვეყანაში ვაქცინები გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით შემოდის და ყველა ვაქცინა ჯანმოს მიერაა პრეკვალიფიცირებული.

წითელა ძალიან სერიოზული დაავადებაა და საქართველოშიც რამდენჯერმე მოხდა წითელას ეპიდემიის აფეთქება.

2008 წელს ჩატარდა დიდი კამპანია წითელას აცრის ხელშესაწყობად, კამპანიის მიზანი იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში მილიონ 200 ათასი ადამიანი აგვეცრა. თუმცა არასწორი ინფორმაციების გავლენით მხოლოდ 500 ათასი ადამიანი აიცრა. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ 2013-2015 წლებში პერიოდულად გვქონდა წითელას აფეთქებები.

2019 წელს წითელათი კიდევ 200 ათასი ადამიანი აიცრა. ამის შედეგია, რომ წითელას შემთხვევები საქართველოში მცირდება. თუმცა, ეს საკმარისი არაა. თუ მოსახლეობის იმუნური ფენა მაღალი არ იქნება, კვლავ უნდა ველოდოთ წითელას ეპიდაფეთქებებს.

პანდემიის გამო მსოფლიოში 17 მილიონ ბავშვს არც ერთი სავალდებულო რუტინული აცრა

არ ჩატარებია. ეს დაკავშირებული იყო სხვადასხვა პრობლემასთან – შეიზღუდა გადაადგილება, იყო ინფიცირების მაღალი რისკი.

ახლა კორონავირუსთან მიმართებაში შედარებით მსუბუქი პერიოდია. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ბავშვებს ყველა გამოტოვებული აცრა ჩავუტაროთ.  პანდემიის გამო საქართველოში წითელას აცრები 3-4 %-ით შემცირდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია, იმის გათვალისწინებით, რომ წითელას 100%-იანი გადამდებლობა ახასიათებს. მისი რეპროდუქციული ინდექსი 16-18-ს უტოლდება, ანუ წითელათი ერთ დაავადებულს შეუძლია 16-18 ადამიანი დააავადოს.

პანდემიის გამო, საქართველოში დაახლოებით 10 ათასი ბავშვი წითელადი არ ან ვერ აიცრა. თუ ამ ბავშვებში ერთი წითელათი დაავადებული მოხვდა, მაშინ 5 ათასი ბავშვი დაავადდება. ისინი გამოჯანმრთელდებიან, მაგრამ ამ 1000 ბავშვიდან ერთი დაიღუპება, ხოლო 100 ბავშვიდან ერთს, შესაძლოა, განუვითარდეს წითელათი გამოწვეული პათოლოგია, რომელიც მას უნარშეზღუდულად აქცევს და რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა, მოკლას კიდეც.

პამდემიამ კარგად დაგვანახა, რა გავლენის მოხდენა შეუძლია ერთ დაავადებას მსოფლიოზე – არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე. ამიტომ თითოეული ბავშვისთვის რუტინული აცრა უმნიშვნელოვანესია.

საქართველოში მოქმედი იმუნიზაციის რუტინული კალენდარი თითქმის არც ერთი განვითარებული ქვეყნის იმუნიზაციის კალენდარს არ ჩამოუვარდება. ეს ძალიან დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია, ჩვენ შემოვიტანეთ ისეთი ვაქცინები, რომელიც ეფექტური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი იქნებოდა ჩვენი მოსახლეობისთვის.

ზოგიერთ ვაქცინაციას, იშვიათ შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები ახასიათებს. ისევე, როგორც ყველა წამალს, გააჩნია გვერდითი ეფექტი, მაგრამ დაავადებული ადამიანი არ ინტერესდება ექიმის მიერ დანიშნული წამლის გვერდითი ეფექტით. აცრის შემთხვევაში კი ეს დიდ ინტერესს იწვევს. აქ ერთი კომპონენტია, – აცრაზე მიგვყავს ჯანმრთელი ბავშვი და გვინდა, ვაქცინაციის პროცესმა მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩაიაროს.

ბოლო პერიოდში საქართველოში აცრის შემდგომი ზედამხედველობის ძლიერი სისტემა ამუშავდა, რომელშიც მრავალი კომიტეტია ჩართული. კანონით რეგულირდება, რომ თუ აცრის შემდეგ სერიოზული გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა, მედპერსონალმა აუცილებლად უნდა შეატყობინოს შესაბამის უწყებას. ყველა ასეთი შემთხვევა აღრიცხულია.

ბოლო წლებში გეგმიური აცრების შემთხვევაში სერიოზული გვერდითი ეფექტი სულ 3-4 შემთხვევაში გამოვლინდა.

ვაქცინების ბიუჯეტი ჩვენს ქვეყანაში 27 მილიონი ლარია. აქ არ შედის იმუნიზაციის მთლიანი ბიუჯეტი (35 მილიონი ლარი) და რა თქმა უნდა, არ შედის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ღირებულება.

მშობლები ზოგიერთ შემთხვევაში თავს იკავებენ შვილის ვაქცინაციისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაქცინის ერთი დოზის ფასი დაახლოებით 80 ლარია. ჩვენს ქვეყანაში კი ვაქცინაცია აბსოლუტურად უფასოა.

ჩვენი საზოგადოებისთვის ონკოლოგიური დაავადებები სერიოზული პრობლემაა. მსოფლიოში არსებობს ორი ვაქცინა – B ჰეპატიტის და პაპილომავირუსის ვაქცინა, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის გამოიყენება.

პაპილომავირუსის ვაქცინა ჩვენს ქვეყანაში 2017 წელს შემოვიდა და 2019 წლიდან დაინერგა. იმერეთის რეგიონი, აჭარასთან ერთად, ერთ-ერთი წარმატებულია, პაპილომავირუსის ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლით“.

თამთა გოგოლაძე