
ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დარბაზში, 28 აპრილს, ბერმონაზონ მამა მათესადმი (ბუაჩიძე) მიძღვნილი წიგნის – „ბილიკი უფლისკენ“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებული რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ შეადგინა.
ღონისძიება გახსნა ანსამბლმა „ხარაგაულის ხმები“, მამა მათეს ლექსზე „ხარაგაულს“ დალი მერაბიშვილის მიერ შექმნილი სიმღერის პრემიერით.
„ვიცოდი, რომ მამა მათე ლექსებსა და ჩანახატებს წერდა, ქმნიდა სიმღერებს და მინდოდა, რომ მისი შემოქმედების ამსახველი წიგნი მის სიცოცხლეშივე გამომეცა, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – ამის უფლებას მამა მათე არ მაძლევდა, „მერე მოვა ამის დროო“.
წიგნში გაერთიანებული მასალები იზა ვეფხვაძეს მამა მათეს შვილობილმა კახა ბუაჩიძემ მიაწოდა, ხოლო წიგნის გამოცემა მოძღვრის სულიერმა შვილმა და მეგობარმა კახა მანჯავიძემ დააფინანსა.
„წიგნი „ბილიკი უფლისკენ“ ოთხნაწილიანია, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – პირველ ნაწილში ჩემი მონათხრობია მამა მათეს შესახებ, მეორე ნაწილში – მამა მათეს დღემდე გამოუქვეყნებელი ლექსები, მესამე ნაწილი მისი მეგობრებისა და სულიერი შვილების მოგონებებს დაეთმო, ხოლო წიგნის მეოთხე ნაწილში მისი ცხოვრებასა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოსურათებია“.
სიკვდილამდე ორი დღით ადრე მამა მათემ შვილობილს, კახა ბუაჩიძეს, სთხოვა, რომ მასთან ოჯახის წევრებთან ერთად მისულიყო, – „ყველა მოდით, ბავშვებიც არ დატოვოთ სახლშიო“. „გარდაცვალების დღესაც დამირეკა და ტელეფონში ნიკო სამადაშვილის ლექსი წამიკითხა:
„ჩამობნელდება… მტირალ წნორებს წაუვათ გული,
უკვდავებაა, სიცოცხლეზე რომ ისეირებს,
და მესაფლავე მახინჯ მხარზე ბარგადებული
სასაფლაოზე პურის ჭამით გაისეირნებს“.
ბოლოს ჩვეული ინტონაციით მკითხა – „გეიგე, ბიჭო?!..“
საღამოს გარდაიცვალა. ის ხშირად წინასწარ გრძნობდა მოვლენებს.
მასთან ერთად ბევრი ისეთი ამბავი გადამხდა, მის მაღალ სულიერებაზე რომ მეტყველებს. ეს მისი გარდაცვალების შემდეგ უფრო მეტად გავიაზრე“, – ამბობს კახა ბუაჩიძე.
ღონისძიებაზე მამა მათე სულიერმა შვილებმა და მეგობრებმა გაიხსენეს. ბოლოს ანსამბლმა „ხარაგაულის ხმები“ შეასრულა მის ლექსზე შექმნილი მისივე სიმღერა „მე და ჩემი გიტარა“.
გთავაზობთ მამა მათეს ლექსს „ხარაგაულს“ კრებულიდან „გზა უფლისკენ“:
„განახლდი, სულო დაუცხრომელი,
წინ მრავალია გზა სასწაული,
ამივსეთ თასი, რომ ვადღეგრძელო
ჩემი პატარა ხარაგაული.
ამივსეთ თასი, ეგ სულერთია,
ზედაშეა თუ ქინძმარაული,
ჩემი გამჩენი მაღლა ღმერთია,
დაბლა კი – დედა ხარაგაული.
„ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველამ,
არ გავიარე, რაა მამული“,
უშფოთველია შენი ცხოვრება,
სევდიანია შენი სადგური.
ჩემი სიკვდილის დამვიწყებელო,
მთებს შორის ჩანხარ ვით სამკაული,
ამივსეთ თასი, რომ ვადღეგრძელო
ჩემი პატარა ხარაგაული“.
მოუსმინეთ მამა მათეს საფორტეპიანო შესრულებას
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად