2014-2015 სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის პილოტირება დაიწყო. საპილოტე პროგრამაში ჩაერთო ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა (დირექტორი ვალერი გოგნაძე).

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ექიმის კაბინეტი პირველი აპრილიდან ამოქმედდა. კაბინეტი აღჭურვილია საჭირო ავეჯითა და სამედიცინო ინვენტარით.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ექიმი მანანა ტაბატაძე პედიატრია. ამ მიმართულებით მას 43 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

„ამჟამად ისევ ვარ ბავშვების სამსახურში და ძალიან მიხარია. სასკოლო ექიმის ფუნქციებში შედის პროფილაქტიკური, პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა ბავშვისათვის, ასევე სასკოლო აქტივობის დროს დაშავებული ბავშვის დახმარება, აცრების მონიტორინგი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა აცრები აქვს ჩატარებული თითოეულ ბავშვს. ექიმის ფუნქციებში ასევე შედის სკოლის ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი, მშობლებთან და პედაგოგებთან ურთიერთობა, სხვადასხვა სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება“.

მანანა ტაბატაძის თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდება კლასების მიხედვით. ამის შემდეგ შეიქმნება მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთიანი ბაზა.

მშობელი ლია თაბუკაშვილი ამბობს, რომ ექიმის კაბინეტის მოწყობა სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანია: „ჩვენი შვილების ჯანმრთელობას რომ სკოლის ექიმი გაუწევს მეთვალყურეობას, ამის გამო მშობლები მშვიდად ვიქნებით.“

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორის ვალერი გოგნაძის თქმით, „ექიმის კაბინეტი საქართველოს ას სკოლაში შეიქმნა. ამისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებს დამატებით გამოუყო 10 000 ლარი, რომელიც მოხმარდა სკოლებში ექიმის კაბინეტის მოწყობასა და საჭირო ინვენტარის შეძენას. პირველადი მედიკამენტები სკოლამ საკუთარი თანხით შეიძინა.

სასკოლო ექიმი შეირჩა კონკურსით. სკოლის ექიმი უნდა ყოფილიყო პროფესიით პედიატრი ან ოჯახის ექიმი. ქალბატონი მანანა ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. სკოლის ექიმი ასევე ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიოს სკოლის თანამშრომლებსაც.

ვალერი გოგნაძის თქმით, ამჟამად ხარაგაულის ორ სკოლაში – ბორითისა და ხევის საჯარო სკოლებში გამოცხადებულია კონკურსი სკოლის ექიმის თანამდებობაზე. სკოლის ექიმის კაბინეტი, ალბათ, ეტაპობრივად ყველა სკოლაში ამოქმედდება“, – ამბობს ვალერი გოგნაძე.

თამთა გოგოლაძე