ბორის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასში 17 მოსწავლე სწავლობს. მათგან ორი – ნანუკა წიწილაშვილი და თამარ ჭანკოტაძე – წარჩინებული მოსწავლეები და ოქროს მედლის კანდიდატები არიან. მათ მომავალი პროფესია უკვე აირჩიეს.
ნანუკა ბავშვობიდან ექიმობაზე ოცნებობს და გამოცდების ჩაბარებას თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტში აპირებს. მისთვის ექიმის თეთრი ხალათი ზრუნვასა და სიძლიერესთან ასოცირდება; ადამიანებზე ზრუნვა და მათი დახმარება კი მისთვის უპირველესია.
თამარს ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სწავლა სურს. ბავშვობიდან მათემატიკა ძალიან უყვარს და მისი მომავალი პროფესიის არჩევაც ამან განაპირობა. თუმცა, უმაღლესი სასწავლებელი ჯერ არ აურჩევია, რადგან ეს გამოცდების ქულებსა და საგრანტო დაფინანსების მოპოვებაზეც იქნება დამოკიდებული.
თამარი ფიქრობს, რომ საგამოცდო საკითხებს სკოლის სახელმძღვანელოებში დიდი ყურადღება არ ეთმობა და ზოგიერთი საკითხი სულაც არ ისწავლება. ამიტომ გამოცდებისათვის მზადება რეპეტიტორებთან უწევს. მიიჩნევს, რომ სკოლის სახელმძღვანელო იმდენად უნდა დაიხვეწოს, რომ აბიტურიენტებს გამოცდებისთვის დამატებით მომზადება აღარ უნდა სჭირდებოდეთ.
ნანუკა მეცადინეობისგან თავისუფალ დროს განტვირთვას იუმორისტული გადაცემებისა და ფილმების ნახვით ახერხებს. ზოგჯერ კი ცდილობს, სპორტით დაკავდეს და საყვარელ მუსიკას მოუსმინოს. თამარის ჰობი წიგნის კითხვაა და განსაკუთრებით რომანები ხიბლავს.
როგორი წარმოგიდგენიათ თავი ათი წლის შემდეგ? – ჩვენ ამ შეკითხვაზე ნანუკამ და თამარმა ყურადღება კარიერულ წინსვლაზე გაამახვილეს.
ნანუკა ფიქრობს, რომ ათი წლის შემდეგ წარმატებული ექიმი იქნება, ხოლო თამარი – ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი.
თამარის აზრით, მისი პროფესია მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი სოფლის განვითარებას ხელი შეუწყოს. „სოფელში არის ბიზნესის წამოწყების საშუალება. ამით ქვეყნის ეკონომიკას განავითარებ და სოფლის მოსახლეობასაც დაასაქმებ“, – ამბობს თამარ ჭანკოტაძე.
ნანუკა წიწილაშვილის აზრით, კარიერული წინსვლა მთელს მსოფლიოში მამაკაცებს უფრო უადვილდებათ, ვიდრე ქალებს.
„ქალის როლის ტრადიციული აღქმა უკავშირდება ოჯახს. საზოგადოება ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ კაცი უფრო თავისუფალია და მას ოჯახი არ დააბრკოლებს, რამდენადაც ქალს. თუმცა ვფიქრობ, ქალს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობის აღება შეუძლია თავის თავზე. მას შესწევს უნარი, ერთნაირად იზრუნოს როგორც ოჯახზე, ასევე საკუთარ კარიერაზე“, – მიაჩნია ნანუკას.
ინტერვიუს ბოლოს გოგონებს საკუთარი მიზნების გამხელა ვთხოვეთ. თამარის უმთავრესი მიზანი უნივერსიტეტში ჩაბარება და მისი დასრულების შემდეგ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებაა. ნანუკას ოცნებობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღურვილი მრავალპროფილური კლინიკა გახსნას და იქ იმუშაოს.
წარმატებებს, წინსვლასა და ოცნებების ასრულებას ვუსურვებთ ხარაგაულელ ახალგაზრდებს.
თამთა გოგოლაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.