დედაენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას სკოლაში მეგრული და სვანური ენების არჩევითი სწავლების შემოღების ინიციატივა წარუდგინა.

პრეზიდენტის ამ წინადადებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო, – ნაწილი იწონებს, ხოლო დანარჩენები ამ იდეას მიუღებლად მიიჩნევენ.

ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი სოციალურ ქსელში 2008 წელს თავს გადახდენილ ამბავს იხსენებს:

„მეგრულ-სვანურის სკოლაში სწავლასთან დაკავშირებულ წიოკზე ერთი ამბავი გამახსენდა. ცოტა გრძელი კი გამოვიდა, მაგრამ იმედია გაერთობით.

2008 წლის აგვისტოს ომმა სვანეთში მომგვისწრო მე და ჩემ მეგობარს Lika Kacharava, ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლებს ვიყავით ატორღიალებული და მათთან ერთად დავიარეთ სვანეთი.

ომი რომ დაიწყო, ჩვენმა მასპინძელმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთთან სვანურ-მეგრულ საუბარს მოუხშირა. ცხადია, კახელს არაფერი მესმოდა და მეგრელ კაჭარავასაც მხოლოდ მეგრულის გაკონტროლება შეეძლო. სვანური გვერდზე მოგვრჩა და სანახევროდ საინფორმაციო ვაკუუმში აღმოვჩნდი. არ მესმიამოვნა.

თბილისიდან რეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, დაბრუნდითო. მე ჩემი რადარი მქონდა დაყენებული.

ჩვენს სახლში ჩვენს გარდა კიდევ 3 პოლონელი და 1 დანიელი ცხოვრობდა. მათთან შევედი დიპლომატიურ ურთიერთობაში და ზრდილობიანად მოვიკითხე მათი საელჩოების მიერ გაცემული ინსტრუქციები. სხვისთვის კითხვას არანაირი აზრი არ ჰქონდა.

8 აგვისტოს სვანეთის მუზეუმის გახსნაზე წინა დღეს ჩამოსულმა ქართველმა სტუმრებმა და ოფიციალურმა პირებმა დილასვე „საკუთარ ცხენებს გამოასწრეს პორტ-არტურიდან“ და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები გაღიმებული დატოვეს, რომლებიც გახსნაზეც იყვნენ, ლანჩიც მიირთვეს და ძალიან თავაზიანადაც მიპასუხეს კითხვაზე – არაფერი არ ვიცით რა ხდება და ამიტომ ჩვენს მოქალაქეებსაც ინსტრუქციების მიღებამდე დაცდა ვურჩიეთო.

ჩემმა მეზობელებმაც, ორივე ქვეყნის წარმომადგენელებმა, ასევე დამიდასტურეს – მივმართეთ საელჩოებს, გავაფრთხილეთ სადაც ვართ და გვითხრეს, საშიშროების შემთხვევაში დაგიკავშირდებითო.

კაჭარავას ვუთხარი – ესენი რომ დაიძვრებიან, ჩვენც უნდა წავიდეთ. მანამდე საშიში აქ ყოფნა არ არის-მეთქი. რაღა მესტიაში ამოქანდებოდა რუსი, მონღოლებსაც კი დაეზარათ აქ ამოსვლა.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენმა საერთო მეგობარმა 9 აგვისტოს საღამოს ორივე მოგვიკითხა დედა-ბუდიანად და სულ „ხერგიანობას თავი დაანებეთო“ გვიძახა. მე ნებივრად გავცქეროდი თეთნულდს და შუადღისას სეთში მოსმენილ რჩევას ვიხსენებდი.

შეწუხებულმა Nestan Chkhikvadze, ხელნაწერთა ინსტიტუტის ექსპედიციის ხელმძღვანელმა, გადაწყვიტა სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიას ჩაღრმავებოდა და ეთნოგრაფიული მეთოდით გამოეკვლია, ასეთ შემთხვევაში სად შეიძლებოდა უმოკლესი გზით გავცლოდით საქართველოს. მშვენიერი პასუხიც მიიღო. „წრიაპებს მოგცემთ, ამ მყინვარს გაუყვებით [ხელით მიგვითითეს] და 17 კილომეტრში ყაბარდო-ბალყარეთში გადახვალთო“.

პირზე ხელი ავიფარე, რომ არ გადამეხარხარა. ერთი კი ვთქვი, ბალყარეთში რა მინდა-მეთქი, შემომხედეს და პასუხიც არ გამცეს – სამაგიეროდ რაღაც გადაუპალარაკეს ერთმანეთს სვანურად. დავრჩი გაღიმებული – ვერაფერიც ვერ გავიგე. უკვე მეორეჯერ დავრჩი პირღია.

10 აგვისტოს შუადღისას ჩემი უცხოელები შემოქანდნენ ეზოში და ბარგის ჩალაგება დაიწყეს. ჩემს კითხვაზე, რა ხდება-მეთქი, მითხრეს დაგვირეკეს, ნებისმიერ მანქანას გამოყევით და ბათუმში ჩადით, იქიდან თურქეთში გადადითო. ნახევარ საათში გავდივართ და წამოდი, მანქანა ვიშოვეთ და ბათუმის გავლით თურქეთში გადავალთო.

თურქეთში რა ჯანდაბა მინდოდა, უცხოეთის პასპორტი არ მქონდა და ისედაც, აჭარის ტერიტორიაზე შემოსული თურქეთის გემები ჩვენს დასაცავად რომ არ იყო, სრულიად გასაგები იყო. ზუგდიდის მიმართულებით მხოლოდ მეორე დღეს დილის 6 საათზე გავიდოდა სამარშრუტო ავტობუსი. ლიკას ვუთხარი, აი, ახლა ჩალაგდი და ხვალ დედამიწა რომ გაერთიანდეს, ჩვენ აქედან მივდივართ, მერე შეიძლება ჩავიკეტოთ-მეთქი.

მეორე დილას უთენია [11 აგვისტო] ერთი საათით ადრე მისულები ძლივს ავედით „მარშრუტკაში“ და მძღოლმა ჩემს შეკითხვაზე, თბილისში ხომ მიდიხართ-მეთქი, მითხრა – კიო. რად გინდა. ოთხსაათიანი ჯაყჯაყის შემდეგ ზუგდიდში რომ ჩავედით, გამოგვიცხადა მეტი მე არ მივდივარ, საბურავები არ მივარგაო.

შევეცადე, ჩვენი საუბარი გამეხსენებინა და პასუხად მივიღე, მე სვანურად ვთქვი, როცა დავიძარით, რომ საბურავები არ მივარგა და ზუგდიდის იქით არ წავალო. ესეც მესამეჯერ ვერ გავიგე, რა მითხრეს; მაგრამ თურმე სადა ხარ.

ზუგდიდში ავტობუსების სადგურზე ისეთი კივილია, რომ ცა ფეხად ჩამოდის. ქალაქი იცლება, მანქანები აწყვეტილები დაქრიან. არაფერი არ მესმის. ყველა მეგრულად ლაპარაკობს ან კივის. შუაგულ საქართველოში აღმოვჩნდი უცხოეთში და ჩემი თარჯიმანი მხოლოდ კაჭარავაა, რომელსაც ნერვები აქვს მოშლილი და ჩემს კითხვებზე: რა ხდება, რა გითხრეს, სად დგას თბილისის „მარშრუტკა“, კი არ მპასუხობს, მიკივის და შიგა და შიგ მეგრულსაც ურევს. დავდუმდი. ერთდერთი ხსნა აქედან გასაღწევად მეგრელი მეგობარია – ესმის რას ეუბნებიან.

40 წუთიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე სრულიად დამუნჯებული და სრულ გაუგებრობაში მყოფი, მეკურტნედ ქცეული დამხმარე, კაჭარავას მეგრულ-ქართულ ბრძანებებს მივყვები ჩემოდნებისა და ჩანთების თრევით; როგორც იქნა, ავედით ქუთაისისკენ მიმავალ „მარშრუტკაში“, რომელიც ადგილზევე გადაკეთდა თბილისისაკენ მიმავლად, დამატებითი გადასახადის სანაცვლოდ და დავიძარით.

გასაგებია, ალბათ, რომ მე მითარგმნიან, რა ხდება, რა უნდა გავაკეთო, რომ ხმა არ უნდა ამოვიღო და ზედმეტი კითხვები არ დავსვა და ა.შ., რადგან ეს ყველაფერი მეგრულად მიმდინარეობს ზედა რეგისტრში და ხალხს ნერვებს ვუშლი. ესეც ოთხი.

გზა ზუგდიდიდან თბილისამდე 3 საათში დავფარეთ. 284 კილომეტრია თბილისამდე და 284-ჯერ გადავრჩით ავარიას. სრულიად თავაწყვეტილი მოდიოდა მძღოლი. გორი გამოვიარეთ და მაშინ ვნახე, რას ნიშნავს მკვდარი ქალაქი.

თბილისში აღმაშენებლის ძეგლთან ჩამოვედით და ლიკას ბიძაშვილს დაველოდეთ, რომ სახლებში წავეყვანეთ. სანამ კოტიკო მოვიდოდა, სამთავრობო მანქანებმა კივილ-კივილით ჩაგვიარეს და სახლში მისულს საათნახევარში ტელევიზიით გამოგვიცხადეს, რომ გორთან ტრასა გადაიკეტა და საქართველო 2 კვირით შუაზე გაიჭრა.

მერე როგორც გაირკვა, ბერნარ კუშნერის გამოსვლას ელოდნენ გორიდან რუსები. იმ დღის შემდეგ ბერნარ კუშნერს ვუმადლი გადარჩენას, რომ აქეთ გადმოსვლა მოვასწარი, სადაც იმ ენაზე ლაპარაკობენ, რომელიც მესმის.

ეს გრძელი ამბავი კი იმიტომ მოვყევი, რომ ინგლისურად მშვენივრად ინფორმირებულმა, როდის უნდა მეშველა საკუთარი თავისათვის, კინაღამ საქმეს ვერ ვეწიე სვანურ-მეგრულის უცოდინრობის გამო და ლიკა კაჭარავა რომ არ ყოფილიყო, ჩემი ყვითელი ქუდით სამათხოვროდ მომიწევდა დარჩენა აკივლებულ ზუგდიდში.

მე მხარს ვუჭერ სვანურისა და მეგრულის სწავლას! ხომ უნდა გავიგო, რას მეუბნებიან. დამიჯერეთ, ომის დროს ყველა იმ ენაზე ლაპარაკობს, რომლითად აიდგა ენა.

პ.ს. მე ჩემი ყვითელი ქუდით სვანეთში 2008 წლის აგვისტო. იგივე ქუდით ზუგდიდის ავტოსადგურზე წამომიდგინეთ და სიტუაციის ტრაგიკომიკურობას სრულად მიხვდებით“, – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი.