ნებისმიერი საგნის მასწავლებლის უპირველესი მოვალეობაა, თითოეულ მოსწავლეში არა მარტო საგნისადმი ინტერესი გააღვიძოს, არამედ მას ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში ხელი შეუწყოს.

ასე მიაჩნია ნადაბურის სკოლის დირექტორს, დოდო ხაჩიძეს. მას სურს, აღზარდოს ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს უკეთესობისკენ შეცვლიან.

30 წელია, დოდო ხაჩიძე ნადაბურის სკოლაში ისტორიას ასწავლის. 15 წელი კი ამავე სკოლის დირექტორია. ის ამბობს, რომ დირექტორობა ბიუროკრატიული საქმიანობაა და ყველაზე კარგად თავს მოსწავლეებთან, გაკვეთილზე გრძნობს.

„ჩემი პირველი მასწავლებელი რიმა კურტანიძე გახლდათ, – ამბობს დოდო ხაჩიძე, – მისი გავლენით მასწავლებლობა გადავწყვიტე. სხვა პროფესიაში ჩემი თავი ვერ წარმომედგინა. ოთხი წელი ვაბარებდი ისტორიულზე. მაშინ ძალიან დიდი კონკურსი იყო – ერთ ადგილზე 15-20 აბიტურიენტი მოდიოდა.

სიახლეები მიყვარს. ნებისმიერი ამოცანის დასახვისას საკუთარ თავს ვეუბნები – სხვას თუ გამოსდის საქმე, მე რატომ ვერ გამომივა?! ისეთ რა რეფორმას შემოგვთავაზებს განათლების სამინისტრო, რომ ჩვენ ვერ განვახორციელოთ?! სიახლეებისთვის ყოველთვის მზად ვარ. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდას აუცილებლად ჩავაბარებ. სიძნელეების დაძლევაში შინაგანი სიმშვიდე მეხმარება“.

– ქალბატონო დოდო, თქვენ, როგორც ისტორიკოსი, როგორ აფასებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. რა გვასწავლა ისტორიამ და რამდენად ვითვალისწინებთ წარსულში დაშვებულ შეცდომებს.

– ისტორიიდან, სამწუხაროდ, ბევრი რამ ვერ ვისწავლეთ. მოსწავლეები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ბევრ კითხვას მისვამენ. ისტორიულ პარალელებს ხშირად ვავლებთ. ერეკლე II-ის მეფობის დროინდელ და თანამედროვე რუსეთს ერთმანეთს ვადარებთ.

ვპასუხობ, რომ რუსეთი ყოველთვის აგრესორი იყო. იმ დიდ ტერიტორიაზე, სადაც ახლა რუსეთია, მონღოლების ოქროს ურდო არსებობდა. ამ ქვეყანას ყოველთვის დამპყრობლური პოლიტიკა ჰქონდა. სახელებიც კი ასეთი აქვთ – ვლადივასტოკ, ვლადიმირ („დაიპყარი აღმოსავლეთი“, „დაიპყარი მსოფლიო“).

მეცხრე კლასში ახლა თემას – „საბჭოთა კავშირის შექმნა“ გავდივართ და ამ საკითხზე კომპლექსურ დავალებას ვამზადებთ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ბოლშევიზმი. ბოლშევიკებმა ჩამოაგდეს თუ არა ტახტიდან მეფე, ისევ „დიდი რუსეთის“ შექმნა დაიწყეს. რა მნიშვნელობა აქვს, „საბჭოთა კავშირი“ ერქმეოდა, თუ „მეფის რუსეთი“. რუსეთში მხოლოდ სახელები იცვლებოდა და არა იდეოლოგია.

საქართველომ ბევრი განსაცდელი გამოიარა. დედამიწას რომ აზანზარებდნენ, ისეთი სახელმწიფოები განადგურდა და ჩვენ გადავრჩით. ტოლერანტობამ, სტრატეგიულმა გეოპოლიტიკურმა მნიშვნელობამ გადაგვარჩინა. თუმცა, საკუთარის დაფასება, ერთმანეთისა და განსხვავებული აზრის პატივისცემა ძალიან გვაკლია. კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს მოვიშველიებ – „დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები“.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ახლა ჩვენც გვეხება. ვფიქრობ, მათ მხარდაჭერას არ ვაკლებთ.

რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის შესაცვლელად მსოფლიოს დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ყველაფერი უნდა იღონონ. რუსეთში, თუ არის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ისინი უნდა გააძლიერონ, მოსახლეობამდე სწორი ინფორმაცია უნდა მიიტანონ. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთში მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არ იცის სიმართლე, თუ რა ხდება უკრაინაში.

ახლა განსაკუთრებით ნათლად დავინახეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საკუთარი პროდუქციის წარმოებას. ევროპული ქვეყნები ენერგორესურსების მხრივ რუსეთზე დამოკიდებულები არიან. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დიდი ნაწილი აუთვისებელია. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტის წარმოებას შევძლებთ.

– ქალბატონო დოდო, თქვენ ხევისა და ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატი ბრძანდებით. უმთავრესად რა აწუხებს ამ ორი თემის სოფლების მოსახლეობას და თქვენ როგორ ეხმარებით პრობლემების მოგვარებაში?

– სამწუხაროდ, მოსახლეობა ინფორმაციას სახელმწიფო პროგრამების შესახებ თითქმის არ ფლობს; მაგალითად, მოქალაქეებმა არ იციან, ერთლარიანი წამლების პროგრამა რომ არსებობს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გასულ გაზაფხულზე სასუქის შესაძენად აგროვაუჩერი ვერ მიიღო. ადამიანები დაიბნენ, რადგან მიწის თანამესაკუთრეებისგან ვაუჩერის მისაღებად მათი თანხმობები ვერ მოიპოვეს. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობაც პრობლემაა. ბევრს თავად დავეხმარე. თუმცა სახელმწიფოსგან, თუნდაც ინფორმაციულ დონეზე, გლეხს მეტი ხელშეწყობა სჭირდება.

ხევისა და ნადაბურის თემის სოფლებიდან მოქალაქეთა პრობლემების შესახებ ინფორმირებული ვარ და რწმუნებულებთან ერთად ვმუშაობ.

– თქვენ ოთხი შვილის დედა ბრძანდებით. სკოლის დირექტორობას, მასწავლებლობას, ორი თემის მაჟორიტარ დეპუტატობას ერთმანეთს როგორ უთავსებთ?

– ხანდახან თვითონაც მიკვირს, ყველაფერს როგორ ვასწრებ. დროს სწორად ვანაწილებ. თითოეული წუთი გაწერილი მაქვს. საღამოს ჩამოვწერ, მეორე დღეს რა უნდა გავაკეთო სკოლაში, მერე სახლში, როდის უნდა გამოვაცხო პური, როდის წავიდე ყანაში, მოვუარო ფუტკარს და ა.შ.

ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, ბევრად უკეთესად ვცხოვრობდეთ. სიზარმაცეა ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა. არ მინდა ვინმემ მიწყინოს, მაგრამ სოციალურმა დახმარებამ ადამიანები ტყუილად ყოფნას შეაჩვია. ეს პროგრამა ძალიან კარგია მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება, მაგრამ როდესაც ადამიანი, სოციალური დახმარების მოხსნის შიშით, მიწას არ დახნავს, ძროხას არ იყოლიებს, ეს ცუდია და სიღარიბის დაძლევაში ეს პროგრამა ვერ დაგვეხმარება.

ტყუილად ყოფნა არ შემიძლია. სოფელში განა რამდენი ოჯახი იქნება, რომელსაც ჩემდენი ფულადი შემოსავალი აქვს?! ძალიან ცოტა. ამის მიუხედავად, ერთ ჰექტრამდე ყანასაც ვამუშავებთ, წვრილფეხიც მყავს, სეზონზე 500-600 ლარის ჟოლოს ვყიდი, თხილიც გავაშენე, ფუტკარს ვუვლი. ყველაფერზე მთავრობის ხელისშემყურე როგორ ვიქნები.

– ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკეთესი ცხოვრება გვქონდეს?

– მთავრობა სოფლის მეურნეობის გაძლიერებაში უნდა დაგვეხმაროს. „აწარმოე საქართველოში“ და „დანერგე მომავალი“ კარგი პროგრამებია. თუმცა, ვფიქრობ, რომ მეტად უნდა გამარტივდეს და სოფლად მცხოვრები ადამიანების საჭიროებებს მოერგოს. მიწის დასამუშავებლად საჭირო საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

ხალხს მაგალითი ხელისუფალმა უნდა მისცეს. ხშირად ვარ არა მხოლოდ საქმის ინიციატორი, არამედ პრაქტიკულად განმახორციელებელიც. სკოლაში ეზოს დასუფთავებას რომ ვიწყებ, ყველა მოდის და საქმეში ერთვება. სკოლის დირექტორობა და დეპუტატობა არაფრად მიღირს, თუ ვინმეს ჩემი სახელი და გვარი ცუდად გაახსენდება.

ბუნებით ოპტიმისტი, დარწმუნებული ვარ, უკეთესი მომავალი გვექნება. ყველა დაღმართს აღმართი მოსდევს. საქართველოს ადგილი ევროპაშია. ისიც მჯერა, რომ ნადაბური ერთ-ერთი ძლიერი ევროპული სოფელი იქნება; ჩემ შვილს, რომელსაც ნადაბურიდან წასვლა არ უნდა, ცხოვრების ხელსაყრელი პირობები ადგილზე ექნება. ეს თითოეული ჩვენგანის ბრძოლითა და შრომით მიიღწევა.

ნინო კაპანაძე