25 აპრილს ხარაგაულში ემერჯენს-ამბულატორია გაიხსნა.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, რამდენიმე თვეში ამბულატორიის გვერდით მდებარე მშენებარე ნაგებობის გარემონტებაა დაგეგმილი. პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში ხარაგაულის საავადმყოფოს მშენებლობისათვის თანხა არის განსაზღვრული.

სამედიცინო მომსახურების მხრივ „ხარაგაულში მძიმე მდგომარეობა იყო, – ამბობს დავით სერგეენკო, – რეალურად არ არსებობდა არანაირი ინფრასტრუქტრა. დღეს ჩვენ გავხსენით ერთი დიდი ბლოკი, რომლის ფუნქციაც იქნება გადაუდებელი დახმარება. თუმცა შეიძლება, რომ მცირე სიმძლავრის სტაციონარადაც იმუშაოს. რამდენიმე თვეში გვერდზე მდებარე შენობას გავარემონტებთ, აღვჭურავთ და ეს უკვე იქნება მძლავრი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჭიროებებს, ძირითადად, დააკმაყოფილებს.“

ამბულატორიის გახსნას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერმა დაათვალიერა ახლადგახსნილი ამბულატორია, გაესაუბრა მედპერსონალსა და ადგილობრივ მოსახლეობას.

ამბულატორიის გახსნაში მონაწილეობდა იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.

ხარაგაულის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ამბულატორიის პროექტში მუნიციპალიტეტმა წვლილი შეიტანა გარე პერიმეტრის მოწესრიგებითა და შიგა კომუნიკაციების მოწყობით.

„სამომავლოდ, როდესაც დაიწყება ძირითადი სტაციონარის მშენებლობა, საავადმყოფოს ტერიტორიას კეთილმოვაწყობთ სრულად და ვიზრუნებთ  სოფლებიდან მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – სოფლებიდან მომავალი ყველა ტრანსპორტი, რომელიც ხარაგაულში შემოდის, სამგლიის სერზე, საავადმყოფოსთან მივა და სოფლის მოსახლეობას მეორე ტრანსპორტი აღარ დასჭირდება.“

ხარაგაულის საავადმყოფოს მშენებლობა, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ამ ზაფხულს დაიწყება და 2016 წლის ბოლომდე უნდა დამთავრდეს.

ლაურა გოგოლაძე

 

kharagauli ambulatoria (1) davit sergeenko kharagauli ambulatoria (2) kharagauli ambulatoria (4) kharagauli ambulatoria (6) kharagauli ambulatoria (5) kharagauli ambulatoria (7) kharagauli ambulatoria (8) kharagauli ambulatoria (9)