ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი 28 აპრილს ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დარბაზში ბერმონაზონ მამა მათესადმი (ბუაჩიძე) მიძღვნილი წიგნის  – „ბილიკი უფლისაკენ“ პრეზენტაციას გამართავს.

ამ თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე ამბობს, რომ წიგნი ათ დღეში შეიქმნა.

„მამა მათეს გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილობილმა, კახა ბუაჩიძემ, მოიძია მამა მათეს შემოქმედება – ლექსები, ფოტოები, ჩანაწერები და მე გადმომცა. შემდეგ დავუკავშირდი მამა მათეს მეგობრებს, კლასელებს, მრევლს, იმ მონასტრის წინამძღვრებს, რომელშიც მამა მათე მოღვაწეობდა და შევადგინე წიგნი.

მამა მათე ჩემი სულიერი მოძღვარი იყო და მისი გარდაცვალება ჩემთვის დიდი ტკივილი აღმოჩნდა. ამიტომ გადავწყვიტე წიგნი შემექმნა. ეს არის ჩემი სიყვარულის გამოხატულება სულიერი მოძღვრის მიმართ.

წიგნის პირველ ნაწილში ჩემი მონათხრობია მამა მათეს შესახებ, მეორე ნაწილში მამა მათეს აქამდე გამოუქვეყნებელი ლექსებია გაერთიანებული, მესამე ნაწილი დაეთმო მოგონებებს, ხოლო მეოთხე ნაწილში არის ფოტოსურათები, რომელიც მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს“.

ამ წიგნის პრეზენტაცია თბილისის მწერალთა სახლის დარბაზში 25 მარტს, მამა მათეს გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, გაიმართა.

ხარაგაულში ღონისძიების მონაწილეებს წიგნი – „ბილიკი უფლისაკენ“ საჩუქრად გადაეცემათ.

ფოტოებზე: წიგნის პრეზენტაცია თბილისში