ხარაგაულის წყალსადენის რეაბილიტაციის პროცესში გამრიცხველიანება სოლომონ მეფის ქ. #56(ა) კორპუსის მობინადრეებისთვის პრობლემატურია.
ამ ხუთსართულიანი შენობის რკინაბეტონის ფილები რამდენჯერმე დაიხვრიტა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის შეყვანისას, შიდა გაყვანილობების ხელახლა მოსაწყობად. ინდივიდუალური მრიცხველების დასამონტაჟებლად ეს კედლები კიდევ უნდა დაიხვრიტოს.
სამ და ოთხოთახიან ბინებში სამზარეულო და ტუალეტი შემოსასვლელის სხვადასხვა მხარესაა, რაც ასეთ ბინებში რამდენიმე კედლის გაბურღვის საჭიროებას ქმნის.
ამ კორპუსის მაცხოვრებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კედლების მრავალჯერ გაბურღვა შენობის მდგრადობაზე ძალიან მოქმედებს და მიწისძვრის შემთხვევაში, შესაძლოა, საშუალო სიმძლავრესაც ვერ გაუძლოს. ამ მოსაზრების გასაქარწყლებლად კორპუსის მობინადრეები სპეციალისტის დასკვნასა და გარანტიას ითხოვენ.
„24-საათიანი წყალი როგორ არ გვინდა, მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულია, ძლივს გაკეთებული აბაზანა და სამზარეულო რომ ვინმემ დამიზიანოს, – ამბობს თიკო გობიანი, – ამ ოთახებში ნესტისგან მეტლახი იმდენად აბერილია, რომ გაბურღვისას მთელი კედელი ჩამოცვივდება, მერე ვინღა გამირემონტებს? თუ იმის გარანტიას მოგვცემენ, რომ რაც დამონტაჟების დროს დაზიანდება, აღადგენენ, მაშინ შემოიყვანონ ახალი მილები. თუ არადა, იყოს, როგორც ვართ; ახლა წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით ვიხდით და მომავალშიც ასე გადავიხდით“.
კორპუსი გადახურვას საჭიროებს. სახურავიდან წყალი ჩამოდის.
ჟოლობებიც ისეა დამონტაჟებული, რომ სახურავიდან ჩამონადენი წყლის ნაწილი საცხოვრებელ ფართში შედის, დანარჩენი კი სარდაფში იღვრება. ბინის საძირკველში მუდმივად წყალია და შენობას ესეც აზიანებს.
ექსპლუატაციაში 1980 წელს შესული ეს კორპუსი 10 წლის წინ გადაიხურა. კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე თამარ ბუაჩიძე ამბობს, რომ მაცხოვრებლებმა შენობის ბრტყლად გადახურვა მაშინვე გააპროტესტეს. თუმცა, მობინადრეების ვარაუდი, რომ – ასე გადახურვა არ ივარგებდა, – არავინ გაითვალისწინა.
სახურავის შეცვლის პროცესში შენობის სავენტილაციო სისტემა ამოქოლეს და ახლა ბევრ ბინაში კედლები ნესტისგან გაშავებულია. სააბაზანოებისა და სამზარეულოების სავენტილაციო სისტემა მოსაწესრიგებელია.
„კიბეებიც იმდენად დაზიანებულია, რომ მასზე სიარული საფრთხის შემცველია. ბეტონის ფილებიდან მავთულებია გამოყრილი. სახურავიდან ჩამოყრილმა თოვლმა სადარბაზოების შესასვლელები დააზიანა და ხელახლა გადასახურია“, – ამბობს ამ კორპუსის მობინადრე ნანული ჯოხაძე.
ამ მრავალბინიანი სახლის მაცხოვრებლებმა, კორპუსის გადახურვისა და ვენტილაციის სისტემის მოწესრიგების მოთხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებას ორჯერ, ჯერ კიდევ ნიკოლოზ თოფურიძის მერობის დროს (2020 წლამდე) მიმართეს. თუმცა ამ წერილობით მიმართვებზე მერიისგან რაიმე პასუხი არ მიუღიათ.
ამ კორპუსის მობინადრეები დღეს, წყლის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებამდე, სპეციალისტისგან შენობის მდგრადობის შეფასებას, კორპუსის გადახურვას, სავენტილაციო სისტემის მოწესრიგებასა და გამრიცხველიანების პროცესში „ძლივს გაკეთებული რემონტების“ მოსალოდნელი დაზიანების აღდგენას მოითხოვენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ გამრიცხველიანება და ბინის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სხვადასხვა საკითხია და არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც ულტიმატუმი.
„ამ ბინებში სახურავის პრობლემა ნაწილობრივ იკვეთება. მაცხოვრებლებს დავპირდით, რომ პროექტს მოვამზადებთ და გადავხურავთ, როდესაც ამის ფინანსური შესაძლებლობა იქნება. კონკრეტული ვადა არ დაგვითქვამს, რადგან გადახურვა დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენელი ტიტე კიკაჩეიშვილი აცხადებს, რომ ამ მრავალბინიან სახლში შექმნილმა სიტუაციამ, შესაძლოა, ხარაგაულში წყალსადენის პროექტის დასრულება გააჭიანუროს: „დამკვეთთან მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გავაფორმოთ, რაც პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. თუ ეს ბინა ვერ გავამრიცხველიანეთ და წყლის სისტემა ვერ გავმართეთ, ისე მიღება-ჩაბარების აქტს ვერ გავაფორმებთ“.
„ამ მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური გამრიცხველიანების წინააღმდეგი ყველა არ არის, – ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, – იქ არის რამდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული სახე, რომლებიც ყურით მოთრეულ პრობლემებზე საუბრობენ. თუ ათი წლის წინ გაკეთებული გადახურვა არ შეიცვალა, წყლის კომუნიკაციას არ შეიყვანენ, – რას ნიშნავს ეს? თუ კორპუსს რაიმე პრობლემა აქვს, დავუშვათ გადახურვის ან წყალჩადინების კუთხით, კორპუსების ამხანაგობებს ჰყავთ თავმჯდომარეები, რომლებმაც უნდა მოგვმართონ მერიაში და ვიზრუნებთ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ვიღაცა დაინტერესებულია, რომ ამ პროექტის განხორციელებას ხარაგაულში ხელი შეუშალოს. თუ ყველაფერი არ გაკეთდა, პროექტი ვერ ჩაბარდება; თუ ვერ ჩაბარდება, წყალსადენი ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს.
გვაქვს ალტერნატიული გზა, რომ ეს კორპუსი დარჩეს ინდივიდუალური გამრიცხველიანების გარეშე და გაუკეთდეს ერთი საერთო მრიცხველი, თუ მათ ასე სურთ. თუმცა, ამ ბინის მოსახლეობას, მომავალში, წყლის სისტემის დაზიანებისას, არავინ მოემსახურება. ვფიქრობ, აქ მცხოვრებთა ნაწილში პოლიტიკური ანგაჟირება უფრო მეტია, ვიდრე რეალისტური დამოკიდებულებები“, – მიაჩნია კობა ლურსმანაშვილს.
სოლომონ მეფის ქ. #56(ა) კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე თამარ ბუაჩიძე ამბობს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების წერილობითი თხოვნით, ხარაგაულის მერიას უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ მიმართავენ.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების