ბორის საჯარო სკოლის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე) მოსწავლეებმა 22 აპრილს, დედამიწის დღეს, ხარაგაულში პოლიეთილენის ბოთლების საპრესი დანადგარი მოინახულეს, უშუალოდ ჩაერთვნენ შეგროვილი ბოთლების დაპრესვის პროცესში და გარემოს დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

ბორის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის, ქეთევან პავლაძის თქმით, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას.

ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე ბორელ მოსწავლეებს ესაუბრა პოლიეთილენის ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების მნიშვნელობაზე; მოუთხრო იმ საშიშროებებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს გარემოში პოლიეთილენის საგნების გადაყრამ.

დღის ბოლოს ბორელი მოსწავლეები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ოფისში გაეცვნენ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას.

22 აპრილი „დედამიწის დღედ“ 1970 წელს დაწესდა. საქართველოში კი ეს დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

თამთა გოგოლაძე