ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა შემოქმედის ნანა ჭანკვეტაძის საღამო გაიმართა. პოეზიით გატაცებულმა ახალგაზრდა მასწავლებელმა შეკრებილ საზოგადოებას თავისი ლექსები და ჩანახატები წაუკითხა.

ნანა ჭანკვეტაძე ხარაგაულის სოფელ წყალაფორეთიდანაა, უკვე მეორე წელია ფარცხნალის დაწყებით სკოლაში ორ მოსწავლეს ასწავლის.

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის  საბიბლიოთეკო მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ლურსმანაშვილმა, აღნიშნა, რომ ნანას შესახებ მისი შვილისგან ლია ჯანიაშვილისგან გაიგო.

„მამა თომა (ლაცაბიძე) ხშირად ატარებს მსახურებებს ხარაგაულის სოფლის ტაძრებში, ერთ დღეს წირვის ჩასატარებლად ფარცხნალში მიმავალ მამაოს ნანა გაუცვნია ჩემი შვილისთვის, საღამოს სახლში დაბრუნებულმა ლიკომ მის შესახებ მომიყვა. გადავწყიტე მისი შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო,“ – აღნიშნა ნანა ლურსმანაშვილმა.

ნანა ჭანკვეტაძის თქმით, ლექსების წერა 2008 წლის აგვისტოში დაიწყო. მას შემდეგ 60-მდე ლექსი და ჩანახატი დაწერა. ახლა კი დიდ ნაწარმოებზე მუშაობს, რომელიც სიყვარულზეა.

„ვწერ ყველგან, სკოლაში, სახლში, მგზავრობისას, მუდამ თან მაქვს კალამი და ბლოკნოტი და ჩემს ჩანაწერებს ყველა ვუკითხავ,“ – ამბობს ნანა ჭანკვეტაძე.

„ნანას ლექსი პირველად ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრში მოვისმინე, – აღნიშნა ღონისძიებაზე ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძე,  – ძალიან მომეწონა და მოხარული ვარ, რომ ახლა მისი შემოქმედებას გავეცანი. ჩემი აზრით მისი ლექსები ღრმა შინაარსის მატარებელია და ასე ერთი მოსმენით სრულყოფილად ვერ აღვიქვავთ. წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში და აუცილებლად იფიქრეთ კრებულის გამოცემაზე, რომ თქვენი ლექსების წაკითხვისა და მის შინაარსში ჩაღრმავების საშუალება მოგვეცეს“.

ხარაგაულის საკრებულიოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინა ხვედელიძე ამბობს, რომ ნანას მეორე წელია იცნობს და მასთან ურთიერთობის დროს ყოველთვის პოზიტიური ენერგიით ივსება.

„პირველად გასაუბრებაზე გავიცანით, როცა ფარცხნალის დაწყებითი სკოლის მასწავლებლის შესარჩევ კონკურსს ვატარებდი. გავესაუბრებისას მივხვდი, რომ ის საუკეთესო კადრი იქნებოდა ჩვენი ბავშვებისთვის, მართლაც არ შევმცდარვარ, ის არაჩვეულებრივი მასწავლებელი და პიროვნებაა“, – ამბობს მარინა ხვედელიძე.

ხარაგაულის თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ნანა ჭანკვეტაძეს დაჰპირდა, რომ ფარცხნალის სკოლის მოსწავლეებისთვის თოჯინების თეატრის სპექტაკლს აუცილებლად ჩაატარებს.

„ჩვენ, მშობლების თაობა, აუცილებლად გვერდით უნდა დავუდგეთ ახალგაზრდებს, რომ მათ გააგრძელონ თავიანთი საყვარელი საქმიანობა და განვითარდნენ. „სიყვარულში გავუცვალე მხატვარს ფერები“ – მისი შემოქმედებიდან ეს ფრაზა დავიჭირე და ძალიან მომეწონა,“ – აღნიშნა ღონისძიებაზე ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა.

გთავაზობთ ნანა ჭანკვეტაძის ლექსს „დამპირდი“

დამპირდი,
გაზაფხულს მოვალო შენთან,
მაგრამ არ მოხვედი
დღემდე.
ისე იფიცებდი ცას და დედამიწას,
სხვა გზა აღარ მქონდა
გენდე,
დამპირდი, გვირილებს მე მოგიტანო
და არ მომიტანე დღემდე.
ყველა უშენობა,
ჩემთვის სასჯელია,
დედას გეფიცები, მენდე.
ყველგან დაგეძებ და
ვერსად ვეღარ გნახე,
მხოლოდ შენი სუნი დამსდევს,
ნეტავ გამებედა,
ხელი არ გამეშვა
და ვერ მიგეღწია ცამდე,
დამპირდი,
გაზაფხულს მოვალ შენთან,
მაგრამ არ მოხვედი დღემდე.