„ბედნიერი ვარ იმით, რომ ვმუშაობ სკოლაში, ბავშვებთან, რომლებიც ყოველთვის გულწრფელები არიან. მათ თვალებში ემოცია, მოვლენებისა და გარშემომყოფთა მიმართ დამოკიდებულებები იკითხება და ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია“, – ამბობს ქეთევან პავლაძე, – სიმშვიდით, გულწრფელობითა და საქმისადმი უზომო სიყვარულით გამორჩეული პედაგოგი.

ქეთევან პავლაძემ კიცხის საშუალო სკოლა-ინტერნატი 2000 წელს, ხოლო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების ფაკულტეტი 2006 წელს დაამთავრა. 2007 წლიდან 2012 წლამდე წყალაფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქიმიას ასწავლიდა, 2012 წლიდან დღემდე – ბორის საჯარო სკოლის ქიმიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგია. ქიმიაში, ბუნებისმეტყველებასა და გეოგრაფიაში უფროსი მასწავლებელია. შემდგომ კარიერულ წინსვლაში პანდემიამ შეაფერხა.

წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, 2008 წლიდან 2020 წლამდე ა/ო „სამართლიანი  არჩევნების“ ხარაგაულის რაიონულ კოორდინატორად მუშაობდა.

– ქალბატონო ქეთევან, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი და რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი ამ გადაწყვეტილებით?

– მთელი ბავშვობა მასწავლებლობანას ვთამაშობდი. ბავშვები ძალიან მიყვარს. ჩემი ფაკულტეტი მასწავლებლების მომზადებას არ ითვალისწინებდა, თუმცა მაგისტრატურაში პედაგოგიკაც გავიარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სული და გული სკოლისკენ მიმიწევდა. ბავშვებთან ურთიერთობა მინდოდა და ვფიქრობ, ამ პროფესიაში საკუთარი თავი ვიპოვე.

– რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 2006 წელს ჩხერიმელას წყალშემკრები აუზის წყალი გამოიკვლიეთ. როგორი იყო შედეგები და საჭიროა თუ არა ასეთი კვლევის განმეორებით ჩატარება?

– ეს ჩემი სამაგისტრო ნაშრომი იყო. ორი წლის განმავლობაში, ჩემს ხელმძღვანელ ლალი გამყრელიძესთან ერთად, ჩხერიმელას აუზის პრობლემებსა და გარემოსდაცვით საკითხებზე ვმუშაობდი. ფაქტობრივად, წყლის ქიმიური მაჩვენებლები ნორმაში იყო, ერთადერთი დარღვევა წყლის ნავთობით დაბინძურება იყო. გარკვეულწილად, ეს რკინიგზასთან სიახლოვის გამოა. ძირითადი დაბინძურება დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებულ კალაპოტსა და მდინარე ძირულას შესართავთან ჩანდა. ვახანისა და  წიფის ტერიტორიაზე პრობლემები წყლის დაბინძურების მიმართულებით არ დაფიქსირდა.

ზოგადად, გარემოს დაცვითი მდგომარეობა ჩხერიმელას აუზში, მიმდინარე მშენებლობებიდან გამომდინარე, სახარბიელო ნამდვილად არ არის. მდინარის ასეთ ვიწრო კალაპოტში რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, ეს გარემოსდაცვითი მდგომარეობის შეცვლას იწვევს.

წყალი, რომელიც რაიონის მთავარი სანიტარული არტერიაა, გამოკვლევას ყოველთვის საჭიროებს, მით უმეტეს, რომ ზაფხულში მას რეკრეაციული დანიშნულება აქვს. ბევრ სოფელში მდინარის აუზი ნაგავსაყრელად გამოიყენება და ეს წყლები ჩხერიმელას უერთდება. ასევე არ არის სასურველი ზედაპირული და საკანალიზაციო წყლებით დაბინძურება. ბუნებრივია, ნებისმიერი წყალსაცავი წყლის ხარისხის კონტროლს საჭიროებს.

– თქვენი  შეფასებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენად არის გარემო დაცული და თუ პრობლემებია, – რა მიმართულებით?

– გარემოს ძალიან კარგად იცავს კანონი, მაგრამ, საუბედუროდ არ ვიცავთ ადამიანები. ჩვენი პრობლემა ძალიან დაბალი სამოქალაქო ცნობიერებაა. მადლიერი ვარ, რომ დასუფთავების სამსახურის მანქანა სოფელში ყოველთვის დროულად მოდის, ბუნკერების გასაცლელად. ბუნკერში ყოველთვის არის თავისუფალი ადგილი, რომ მოსახლეობამ ნარჩენი არ დაყაროს გზაში, მდინარის კალაპოტში ან სადმე ხევში. უბრალოდ, ადამიანებს არ გვინდა დავიცვათ გარემო და ძალიან რთულია, ყველა ადამიანს კანონმა უდარაჯოს.
– ორწლიანი პანდემიის პირობებში, დროდადრო ონლაინ სწავლებამ და იძულებითმა იზოლაციამ, თქვენი, როგორც გამოცდილი პედაგოგის, დაკვირვებით მოსწავლეებში რა სახის ცვლილებები გამოიწვია? ეს ცვლილებები სასიკეთოა, თუ ახალი გამოწვევებია და მოზარდები უფროსებისგან მხარდაჭერას საჭიროებენ და როგორ?

– ზოგადად, როგორც ზრდასრულ ადამიანებში, ასევე მოსწავლეებში პანდემიამ გარკვეული გაუცხოება გამოიწვია, ბავშვებს შორის ცივი დამოკიდებულება გაჩნდა. ამ იძულებითმა იზოლაციამ ყველა დააშორა ერთმანეთს და ეს მაღალ კლასებში უფრო თვალსაჩინოა. მოზარდებს კონტაქტი, ექსკურსიები, არაფორმალური გარემო სჭირდებათ იმისთვის, რომ ერთმანეთი უკეთ გაიცნონ. პრაქტიკულად, ეს მოისპო. ამის გამო სითბოს, სიყვარულის გამოხატვა, ურთიერთობების ჩამოყალიბება, კონფლიქტების მოგვარება რაღაცნაირად უფრო ურთულდებათ ბავშვებს, ვიდრე ეს იყოს პანდემიამდე პერიოდში.

მეორე გამოწვევა დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან, სადაც თავს იჩენდა ტექნიკის უქონლობა, ან ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობა. თუმცა იყო ბევრი შემთხვევა, როცა ბავშვს ჰქონდა ინტერნეტი და მოწესრიგებული ტექნიკა, მაგრამ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას ნაკლებად ცდილობდნენ. დისტანციური სწავლებისას მშობელთა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირია შემთხვევა, როცა მშობელმა ბავშვის გაკვეთილების ცხრილი იცის, დამრიგებელი ეხმიანება და შვილის გაკვეთილზე დასწრებას, რატომღაც, ვერ უზრუნველყოფს; ამბობს, – „მეგონა გაკვეთილზე იყო“. ბავშვი კი ზის კომპიუტერთან, მაგრამ გაკვეთილზე არაა. შესაბამისად, ამან მოსწავლეთა განათლების დონე დაწია და ამ პრობლემის გამოსწორებას წლები დასჭირდება.
– რამდენიმე წლის წინ სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ინტეგრირებულად ისწავლებოდა და საათებიც შეამცირეს. თქვენ, როგორც მოქმედი პედაგოგი, სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათ შორის ქიმიის სწავლების მიმართულებით რა გამოწვევებს ხედავთ?

– მუშაობა რომ დავიწყე, საბუნებისმეტყველო საგნებს კვირაში დაახლოებით 4,5 საათი ეთმობოდა. მიმაჩნია, რომ ტრიმესტრული სწავლება იყო კატასტროფა, რომელმაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებას ძირი გამოუთხარა. საბედნიეროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ საფუძვლის რღვევა ნამდვილად გამოჩნდა. დღეს ქიმიის შესწავლას მერვე კლასიდან ვიწყებთ და მთლიანად სკოლაში ამ საგნის სწავლებას კვირაში მხოლოდ 10 საათი ეთმობა; გეოგრაფიასა და ფიზიკას – 11-11 საათი.

პანდემიამ ძალიან კარგად დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე დგას მედიცინა, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები და ვფიქრობ, რომ ამას გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება.

ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი სტანდარტი საკმაოდ მაღალია, საგნის სწავლებისთვის გამოყოფილი დრო ცოტაა. თეორიული მასალის განმტკიცებას ვერ ასწრებ, ამასთან, არ გაქვს ლაბორატორია, არ გაქვს ხელმისაწვდომობა ვირტუალურ ლაბორატორიასთან იმიტომ, რომ მაშინ კლასში უნდა გქონდეს კომპიუტერი და იქვე შეგეძლოს ყოველდღიურად შესაბამისი ექსპერიმენტი აჩვენო. ვირტუალურმა ლაბორატორიამ პრაქტიკაში არ გაამართლა, რადგან მოსწავლეს თუ არ შეუძლია სინჯარას ხელი მოკიდოს, ნივთიერება თავისი თვალით დაინახოს, ისე ინტერესს ვერ გამოიწვევ. ტექნიკური უზრუნველყოფის არქონა, აკადემიური საათების სიმცირე, ბუნებრივია, მოსწავლის ინტერესს აქვეითებს. პანდემიამდე ვახერხებდი, მოსწავლეები სხვადასხვა საწარმოში წამეყვანა და იქვე მეჩვენებინა ქიმიური პროცესი. სკოლის გარე აქტივობები მათთვის ბევრად საინტერესოა.
– მოსწავლემ კარგი პედაგოგისგან, საგნის გარდა, კიდევ რა უნდა შეისწავლოს?

– პირველ რიგში ალბათ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, პასუხისმგებლობა და სინდისიერი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. ვფიქრობ, „სამშობლოს სიყვარული“ მხოლოდ ფურცელზე დაწერილ ცნებად დარჩა; კლავიატურაზე აკრეფილ ტექსტად, რომელიც საჯარო პოსტებად იდება. ზოგიერთ ახალგაზრდაში სიტყვა პატრიოტიზმი ღიმილსაც კი იწვევს, სამწუხაროდ.
– ცხოვრებაში თქვენი მიზანი რა არის?

– ბევრი მიზანი ნამდვილად არ მაქვს. მსურს, ჩემი საქმე ღირსეულად, პატიოსნად და სრული პასუხისმგებლობით ვაკეთო.
– თქვენეული შეფასებით, რეგიონში მცხოვრებ ქალებს რამდენად გვაქვს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების პირობები?

– გარემო ჩვენ თავად უნდა შევქმნათ. არსებულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. მცდელობას ყოველთვის აქვს აზრი. თუ ქალი კარგი დედაა, შვილს სწორად ზრდის, ჩართულია მის ცხოვრებაში, ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად რეალიზებული ადამიანია. თუ სამსახური აქვს და პროფესიულად ვითარდება, ძალიან კარგია. თუ ამის შესაძლებლობა არ აქვს და მაქსიმალურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში, საკუთარი შრომით ქმნის პროდუქტს, ვფიქრობ, რომ ესეც საკუთარი უნარების რეალიზებაა და უდიდესი წვლილია ქვეყნის განვითარებაში. უსაქმურობას არანაირი გამართლება აქვს.

– ცხოვრებაში ყველაზე მეტად რით ამაყობთ?

– ჩვენი სკოლის მოსწავლეების წარმატებებითა და ღირსეული საქციელით. ეს ძალიან მახარებს.

– რას არ გაცვლით არაფერზე.

– სინდისს, სიმართლის თქმას. აქამდე ასე მოვედი, – რასაც  ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ სწორია, ნამდვილად ვერაფერზე გავცვლი. ჩემთვის ფული არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს.

თამთა გოგოლაძე