დღეიდან, 28 მარტიდან, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულოა.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ახალი კატეგორია „AM“, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს.

„AM“ კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად ასაკობრივი ზღვარი 16 წლიდან განისაზღვრა. მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება.

თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან. „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ თუ პირი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, მას უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.

„AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში დაინტერესებული პირის მიერ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.

რეგისტრაციის წესების დარღვევის, მართვის უფლების გარეშე მოპედითა და მსუბუქი კვადროციკლით გადაადგილების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება.

წყარო