მიმდინარე წლის 20-26 აპრილს ტარდება ევროპის იმუნიზაციის კვირეული, რომლის ფარგლებში მოსახლეობას შევახსენებთ იმუნიზაციის აქტუალურობის შესახებ. ვაქცინაცია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტური, სანდო და უძველესი საშუალებაა. იგი ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დაავადებებისაგან. პროფილაქტიკური აცრები ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას კონკრეტული დაავადების მიმართ.

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რატომ, როდის, სად და რამდენჯერ უნდა აიცრას ბავშვი. სახელმწიფო უზრუნველყოფს 12 ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას: ტუბერკულოზი, დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ყბაყურა, წითურა, წითელა, „ბე“ ჰეპატიტი, როტავირუსული, პნევმოკოკური ინფექციები, „ბ“ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენსა.ეს დაავადებები კი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეა, დაკავშირებულია ისეთ გართულებებთან, როგორიცაა გონებრივი ჩამორჩენილობა, სიბრმავე, სხვადასხვა ორგანოს დაზიანებები, ინვალიდობა, ზოგჯერ სიკვდილიც.

იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია ბავშვს სრულყოფილად და დროულად ჩაუტარდეს აცრების კურსი. ამ შემთხვევაში ის დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისაგან, რომლის წინააღმდეგ აცრები ჩაუტარდა. ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება. დაუშვებელია აცრის გადადება ისეთი ცრუ უკუჩვენების გამო, როგორიცაა გაციება, ხველა, სურდო და სხვ. თანამედროვე ვაქცინები გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და უსაფრთხოების მაჩვენებლებით. აცრის შემდეგ გამოხატული არასასურველი მოველენები (მაღალი ტემპერატურა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება, მტკივნეულობა) კი დაავადებებთან შედარებით იმდენად უმინიშვნელოა, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტურობა უდავოა. ამასთან, ასაკობრივად დროულად ჩატარებული ვაქცინაცია ამცირებს აცრის შემდგომი არასასურველი მოვლენების განვითარების ალბათობას.

ძვირფასო მშობლებო! თქვენს შვილს არ შეუძლია მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ მოგმართავთ, დროულად მიიყვანოთ ისინი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის დასაწყებად (2 თვის ასაკიდან) და ხელი შეუწყოთ ექიმს აცრების სრულყოფილად ჩატარებაში. გახსოვდეთ, თქვენი შვილების ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!

აცრები უფასოა, ვაქცინები – უსაფრთხო. დროული აცრა თქვენი შვილების საიმედო მცველია.

აცერი და დაიცავი!

ნინო ბუხნიკაშვილი

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ეპიდემილოგი