2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხარაგაული, ჭიათურა და საჩხერე ერთ სამაჟორიტარო ოლქად გაერთიანდა.
რამდენად ცნობილია ამომრჩევლებისთვის მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობა; რა და როგორ შეიცვალა ან გაუმჯობესდა ამ საქმიანობით ქვეყანასა და მუნიციპალიტეტში, – ამ შეკითხვით რამდენიმე ხარაგაულელს მივმართეთ.
შალვა ჩხეიძე: – სიმართლე გითხრათ, მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობისთვის თვალი არ მიმიდევნებია, რომ შესაბამისი დასკვნა მოგახსენოთ.
ზოგადად, მაჟორიტარების საქმიანობაზე თუ ვისაუბრებთ, ალბათ, პოზიტიური შეფასება გამიჭირდება. ვფიქრობ, სამი მუნიციპალიტეტის – საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანება ხელოვნური იყო, რადგან, ვფიქრობ, სამივე მუნიციპალიტეტი განსხვავებული საჭიროებების მქონეა.
სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენი მეგობრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში ჩაერთო და ბევრ რამეში მნიშვნელოვნად დაგვეხმარა.
მონიკა ბუცხრიკიძე: – მართალია, ხარაგაულთან მუდმივი ურთიერთობა აღარ მაქვს, თუმცა, ძალიან გამიხარდა, ცენტრალურ ქუჩაზე შენობების ფასადები რომ იცვლება. კანალიზაციისა და წყლის სისტემები რომ კეთდება, კარგია. ვფიქრობ, მაჟორიტარი დეპუტატის წვლილიცაა იმაში, ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტები ცენტრალური ბიუჯეტიდან რომ ფინანსდება.
საბა ებანოიძე: – პირველ რიგში, პარლამენტის სრულად პროპორციული სისტემით არჩევას ვემხრობი. მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციებს სოციალური ქსელით და ტელევიზიით საკმაოდ აქტიურად ვეცნობი. არსად შემხვედრია ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვა, მოხსენება ან ინიციატვა.
ნონა მაჭავარიანი: – ნამდვილად არ ვიცი, რას საქმიანობს ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. ამ პროცესებს თვალს ვერ ვადევნებ. მიმაჩნია, რომ სამოქალაქო სექტორი, მოქალაქეები მეტად უნდა დაინტერესდნენ და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება პარლამენტარისგან მუდმივად უნდა მოითხოვონ.
თამარ სხილაძე: – მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობას არ ვიცნობ. არც პირადად დამჭირვებია რამე, რომ მიმეკითხა. ძალიან მნიშვნელოვანია, ხარაგაულში კანალიზაციისა და წყლის სისტემები რომ შენდება. თუ ამ საქმეში მისი წვლილიცაა, კარგია. თუმცა, ჯერჯერობით, ოთხი წელია, მტვერსა და ტალახში ვიხრჩობით. მაჟორიტარმა დეპუტატმა ამ მშენებლობების დაჩქარებაზეც უნდა იზრუნოს.
ბესო დავაძე: – ახლა თქვენი შეკითხვით გამახსენეთ, რომ მაჟორიტარი დეპუტატი გვყოლია. არჩევნებისგან არავითარ ცვლილებას არ ველოდი. მაჟორიტარმა დეპუტატმა, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის კანონები უნდა მიიღოს, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებაზეც უნდა იზრუნოს.
ხარაგაულელები ორი წლის წინ, პანდემიის გამო, გაუქმებული ქუთაისი-თბილისის მატარებლის აღდგენას ვითხოვთ. ერთი წელია, საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა განახლდა. რა დააშავა ჩხერიმელას ხეობის გაჭირვებულმა მოსახლეობამ, რომელთაც არც საავტომობილო გზა აქვთ, როგორ თბილისის მიმართულებით იმგზავრონ?! რატომ არ იბრძვის ამ პრობლემის მოსაგვარებლად მაჟორიტარი დეპუტატი? თუ იტყვის, ვიბრძვიო, – შედეგი არ ჩანს.
ასევე დაგაინტერესებთ
ომის შემდეგ რუსეთი ეკონომიკურად დასუსტებული და მორალურად განადგურებული დარჩება – პაატა კვიჟინაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი