წელიწადი და ორი თვეა, რაც საქართველოს პარლამენტი მუშაობას შეუდგა. მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემების მოსაგვარებლად რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და როგორ აფასებს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას, – ამ საკითხებზე საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, პაატა კვიჟინაძეს ვესაუბრეთ. ის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელია.

– ბატონო პაატა, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევამდე თქვენ ბრძანებდით, რომ მოსახლეობის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემების – წყალმომარაგების, გზისა და გაზიფიცირების ეტაპობრივად მოგვარებაზე კანონმდებლობისა თუ სამინისტროებთან მუშაობის კუთხით იზრუნებდით.

ხარაგაულში წელს ხუთი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება, ჭიათურაში – შვიდის. ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობა გაზიფიცირების ტემპის დაჩქარებას მოითხოვს. კონკრეტულად რა სამუშაოები გასწიეთ კანონმდებლობისა თუ სამინისტროებთან მუშაობის კუთხით სოფლებში გაზიფიცირების ტემპის დასაჩქარებლად?

– არჩევნებამდე ნამდვილად ვთქვი, რომ მუნიციპალიტეტების ფუნქციებში არ ჩავერეოდი. თუმცა, პრობლემების მოგვარებაში მივეხმარებოდი. 2019 წელს მომხდარი სტიქიისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად თანხების გამოყოფა 2021 წელს შევძელით.

გაზიფიცირებას რაც შეეხება, მთავრობის განკარგულებით 2022 წლის გეგმა უკვე დამტკიცებულია. თუმცა წლის განმავლობაში დადგენილება კიდევ გამოვა.

მერიას მივმართე, რომ მოამზადონ იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც ცენტრალური გაზსადენი ახლოს გადის და მათი გაზიფიცირება ადვილად შესაძლებელია. ვეცდები, რომ მთავრობის ახალ დადგენილებაში ხარაგაულის სოფლები მაქსიმალურად გაითვალისწინონ.

ხარაგაულში კანალიზაციისა და წყლის სისტემების მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამ საკითხზე თებერვალში ინფრასტრუქტურის  მინისტრს ვესაუბრე. ადგილზე სამინისტროდან ჯგუფი გამოაგზავნეს. მშენებელი კომპანიები გვპირდებიან, რომ მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში, სამუშაოებს დაასრულებენ.

პარალელურად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შევხვდი. მათთან მოლაპარაკებით იმას მივაღწიეთ, რომ „ბლექ სი გრუპი“, როგორც კი კანალიზაციისა და წყლის სისტემების მშენებლობები დამთავრდება, ხარაგაულში გზაზე ასფალტს დააგებს. ასე რომ, ზაფხულიდან ხარაგაული ნორმალურ ცხოვრებას შეუდგება იმ გაგებით, რომ ქუჩები გადათხრილი აღარ იქნება.

– თქვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება უმუშევრობის შესამცირებლად მუნიციპალიტეტებში არსებული ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაა. ამომრჩევლებს აინტერესებს, რა შეიცვალა ამ მიმართულებით ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში?

– სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა. 2019 წელს საქართველოში 9 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა. პანდემიის დროს, ფაქტობრივად, ეს მონაცემი განულდა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ საჩხერემ, ჭიათურამ და ხარაგაულმა, ისე როგორც მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში შემავალმა მუნიციპალიტეტებმა, ტურისტულ რუკაზე საკუთარი ნიშა დავიმკვიდროთ. ჭიათურაში მაღაროები, კაცხის სვეტი, საჩხერეში ძველი კულტურული ძეგლები და რაჭაში გადასასვლელი გზა, ტურისტებისთვის საინტერესოა.

ხარაგაული უნიკალურია იმ კუთხით, რომ აქ შესაძლებელია მოხვდე მატარებლითაც და ავტომანქანითაც. ხარაგაული ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მდიდარია. ტურისტს კონკრეტული მარშრუტები უნდა შევთავაზოთ, – რას ნახავს ხარაგაულში, სად მოემსახურება კვების ობიექტი და სად შეძლებს ღამის გათევას. კონკრეტულ ობიექტამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურა სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს. დანარჩენ საკითხებში სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი უნდა ჩაერთოს.

– ხარაგაულის მუნიციალიტეტის სოფელ ხუნევის სკოლასთან ოპტიმიზირებული გედსამანიის სკოლის თანამშრომლები მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებულებისთვის დაწესებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ. თქვენ დაგვპირდით, რომ პრობლემის მოსაგვარებლად განათლების სამინისტროსთან ითანამშრომლებდით. რა შედეგს მიაღწიეთ სამინისტროსთან, როდიდან შეძლებენ გედსამანიის სკოლაში დასაქმებულები კუთვნილი შეღავათებით სარგებლობას?

– ამ საკითხზე განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდი. ისინი ადგილზე იმყოფებოდნენ და მითხრეს, რომ გედსამანიის სკოლაში ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, რომ სკოლამ დამოუკიდებელი სტატუსი დაიბრუნოს. ამის შემდეგ მზად ვარ, სამინისტროსთან ეს საკითხი ისევ დავაყენო.

– ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობებისა და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად რა საქმიანობა გასწიეთ? რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგით, როგორც პარლამენტარმა ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

– ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებამ წლების განმავლობაში სერიოზული პრობლემები წარმოქმნა.  მაჟორიტარ დეპუტატად არჩევისთანავე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას შევხვდი. მოლაპარაკებები რთულად წარიმართა. საბოლოოდ, მემორანდუმი გავაფორმეთ, რომელსაც ხელს მე, ჭიათურის მერი და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ვაწერთ. ამ მემორანდუმში თითოეული მხარის ვალდებულებები გაიწერა.

მემორანდუმის მიხედვით, „ჯორჯიან მანგანეზი“ ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს – დააგებს გზებს და დაზიანებული ტერიტორიების რეკულტივაციას დაიწყებს. მემორანდუმში წერია, რომ მდინარე ყვირილას გასუფთავება 2022 წლის პირველ ივლისამდე დასრულდება. განსაკუთრებული ყურადღება ქუჩების დასუფთავებას მიექცევა.

მემორანდუმი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას. „წერეთლის მაღარო“  და „ძუძუანას მღვიმე“ ტურისტულ ობიექტებად გადაკეთდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც კომპანიის დაფინანსებით უკვე ამოქმედდა.

ჭიათურაში სერიოზული პრობლემაა მადანის მოპოვების შედეგად საცხოვრებელი სახლების ნგრევა, ქალაქში ქვათა ცვენა. მემორანდუმით ყველა საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება. აქამდე ასეთი რამ არავის გაუკეთებია. ჭიათურიდან ისეთი სიმდიდრე გაედინება, რომ იქაურებმა ადექვატური სარგებელი უნდა მიიღონ.

– რამდენად ხშირად აკითხავენ მოქალაქეები მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს. ძირითადად, რა საკითხები აინტერესებთ და რამდენად გვარდება მათი პრობლემები. გაქვთ თუ არა ბიუროებში მოქალაქეებთან შეხვედრის კონკრეტული თარიღი. მოქალაქეს, რომელსაც თქვენთან პირადად შეხვედრა უნდა, როგორ უნდა მოიქცეს?

მოსახლეობა, ძირითადად, სოციალური და ჯანდაცვის პრობლემების მოსაგვარებლად გვაკითხავს. ადგილებზე, სამივე მუნიციპალიტეტში, ბიუროებში მიდიან. თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობას ჩემთან პირადად შეხვედრა სურს.

თვეში ერთხელ სამივე მუნიციპალიტეტში ჩავდივარ. მოქალაქეების ჩემთან შეხვედრის თარიღს ბიუროს თანამშრომლები ათანხმებენ. ვერ ვიხსენებ ისეთ შემთხვევას, რომ ადამიანს ჩემთან შეხვედრა სურდა და არ შევხვდი.

– ბატონო პაატა, საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს. თქვენი კომიტეტი რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით?

– კანონები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ამ დრომდე უნდა მიგვეღო, მივიღეთ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქტიურად და ნაყოფიერად ჩაერთვნენ. კანონების აღსრულების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2024 წლისთვის, როცა წევრობაზე განაცხადის შეტანას ვგეგმავდით, ყველა კანონი ამოქმედებული იქნებოდა.

ასოცირების ხელშეკრულებამ უამრავი სიკეთე მოგვიტანა, მათ შორის – თავისუფალი ვაჭრობა. ახლახან მივიღეთ „მომხმარებელთა შესახებ“ კანონი, რაც კონკურენციის სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით სპეციალური დეპარტამენტის შექმნას გულისხმობს – ისეთისას, როგორიც ომბუდსმენის სამსახურია.

აუდიტის მიმართულებით ბევრი სამუშაოა. ევროპულ ქვეყნებში აუდიტის სახელმწიფო სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებს არ ამოწმებს. იქ იმდენად ძლიერი და დამოუკიდებელია თვითმმართველობა, რომ სახელმწიფო აუდიტისგან ადგილობრივი ბიუჯეტის შემოწმება შეურაცხმყოფელია.

ჩვენ უნდა მივიდეთ იმ დონემდე, რომ საკრებულოებმა ადგილზე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლი გააძლიერონ; არასამთავრობო სექტორი და მოსახლეობა ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი ხარჯვის მონიტორინგში უნდა ჩაერთოს.

– აფხაზეთის ომის მონაწილე ბრძანდებით. როგორ აფასებთ ახლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

– რა შეფასება უნდა – რუსეთი მშვიდობიან უკრაინას თავს დაესხა. არ მგონია, საერთოდ ვინმე არსებობდეს ამ ქვეყანაზე, ვინც ამ საკითხზე სხვაგვარად ფიქრობს. უკრაინაში წარმოუდგენელი სისასტიკე ხდება, რასაც ვგმობ და უკრაინას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ.

თუ თქვენ საქართველოს მთავრობის პოზიციაზე მეკითხებით, სიფრთხილე საჭიროა, რადგან რუსეთი არაადექვატურია და მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებით იმუქრება. ამერიკა და ევროპული სახელმწიფოები ომში ჩართვის თაობაზე სიფრთხილეს იჩენენ.

სანქციები „ვითიბი ბანკზე“ გავრცელდა. პროდუქციის იმპორტის აკრძალვას რაც შეეხება, ჩვენგან ამის აკრძალვით რუსეთის ეკონომიკას არაფერი დაუშავდება. ქართული პომიდორი იქნება თუ არა რუსეთის ბაზარზე, ეს არაფერს შეცვლის. ამით ქართული ბიზნესი უფრო დაზარალდება. ზარალს რუსეთი ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვით მიიღებს, რადგან ყოველდღიურად ათასობით მილიონ დოლარს კარგავს.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გაეროდან და ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას საქართველომ არა მარტო მხარი დაუჭირა, არამედ ამ ინიციატივის თანაავტორები ვიყავით.

– როგორ ფიქრობთ, ომი და სანქციები რა ფორმით აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და გამოიწვევს თუ არა ეს ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას. კონკრეტულად რა გეგმა აქვს საქართველოს პარლამენტს მოსალოდნელი ეკონომიკური და ფინანსური რისკებისგან თავის დასაცავად?

უკრაინასა და რუსეთისგან ბაზრის ჩაკეტვის შემთხვევაში რაიმე პროდუქტების დეფიციტი გამორიცხულია. ყველაფერს სხვა ქვეყნებიდან შემოვიტანთ, თუმცა ეს ფასების ზრდას გამოიწვევს. ხელისუფლებაში ინფლაციისგან და მოსალოდნელი კრიზისისგან თავდაცვის გზები მუშავდება.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ რუსეთი ამ ომის შემდეგ ეკონომიკურად დასუსტებული და მორალურად განადგურებული დარჩება. მიმაჩნია, რომ სიფრთხილე შიშსა და ლაჩრობას არ ნიშნავს. საქართველოს, რითაც შეუძლია, უკრაინის გვერდით დგას.

ნინო კაპანაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობით მოქალაქეები მეტად უნდა დაინტერესდნენ