უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობამ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში მოითხოვა ევროკავშირში გაწევრიანება.

ეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს.

რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, – ამ შეკითხვით საქართველოს პარლამენტში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, პაატა კვიჟინაძეს, მივმართეთ. ის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელია.

– კანონები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ამ დრომდე უნდა მიგვეღო, მივიღეთ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქტიურად და ნაყოფიერად ჩაერთვნენ. კანონების აღსრულების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2024 წლისთვის, როცა წევრობაზე განაცხადის შეტანას ვგეგმავდით, ყველა კანონი ამოქმედებული იქნებოდა.

ასოცირების ხელშეკრულებამ უამრავი სიკეთე მოგვიტანა, მათ შორის – თავისუფალი ვაჭრობა. ახლახან მივიღეთ „მომხმარებელთა შესახებ“ კანონი, რაც კონკურენციის სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით სპეციალური დეპარტამენტის შექმნას გულისხმობს – ისეთისას, როგორიც ომბუდსმენის სამსახურია.

აუდიტის მიმართულებით ბევრი სამუშაოა. ევროპულ ქვეყნებში აუდიტის სახელმწიფო სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებს არ ამოწმებს. იქ იმდენად ძლიერი და დამოუკიდებელია თვითმმართველობა, რომ სახელმწიფო აუდიტისგან ადგილობრივი ბიუჯეტის შემოწმება შეურაცხმყოფელია.

ჩვენ უნდა მივიდეთ იმ დონემდე, რომ საკრებულოებმა ადგილზე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლი გააძლიერონ; არასამთავრობო სექტორი და მოსახლეობა ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი ხარჯვის მონიტორინგში უნდა ჩაერთოს.

ამავე თემაზე

ომის შემდეგ რუსეთი ეკონომიკურად დასუსტებული და მორალურად განადგურებული დარჩება – პაატა კვიჟინაძე