უმუშევრობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა.

საქართველოს პარლამენტში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის წინასაარჩევნო დაპირებით, უმუშევრობის შესამცირებლად ზემო იმერეთის ამ მუნიციპალიტეტებში არსებული ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაა აუცილებელი.

ამომრჩევლებს აინტერესებს, რა შეიცვალა ამ მიმართულებით ამ დაპირების მიღებიდან, – 2020 წლის ოქტომბრიდან, – დღემდე ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში?

– სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა, – გვპასუხობს პაატა კვიჟინაძე, – 2019 წელს საქართველოში 9 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა. პანდემიის დროს, ფაქტობრივად, ეს მონაცემი განულდა.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ საჩხერემ, ჭიათურამ და ხარაგაულმა, ისე როგორც მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში შემავალმა მუნიციპალიტეტებმა, ტურისტულ რუკაზე საკუთარი ნიშა დავიმკვიდროთ. ჭიათურაში მაღაროები, კაცხის სვეტი, საჩხერეში ძველი კულტურული ძეგლები და რაჭაში გადასასვლელი გზა, ტურისტებისთვის საინტერესოა.

ხარაგაული უნიკალურია იმ კუთხით, რომ აქ შესაძლებელია მოხვდე მატარებლითაც და ავტომანქანითაც. ხარაგაული ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მდიდარია. ტურისტს კონკრეტული მარშრუტები უნდა შევთავაზოთ, – რას ნახავს ხარაგაულში, სად მოემსახურება კვების ობიექტი და სად შეძლებს ღამის გათევას.

კონკრეტულ ობიექტამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურა სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს. დანარჩენ საკითხებში სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი უნდა ჩაერთოს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ მაჟორიტარ დეპუტატთან ვრცელი ინტერვიუ

„ომის შემდეგ რუსეთი ეკონომიკურად დასუსტებული და მორალურად განადგურებული დარჩება“ – პაატა კვიჟინაძე