ვაქცინაცია პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსია, რომლის მიზანი მძიმე ინფექციურ დაავადებათა თავიდან აცილებაა. ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ იწყება იმუნური რეაქციები, რაც საბოლოოდ შეყვანილი მიკრობის მიმართ იმუნიტეტის ანუ შეუვალობის წარმოქმნით სრულდება. სწორედ ვაქცინაციითაა შესაძლებელი ისეთი მძიმე ინფექციების მართვა, როგორებიცაა დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, პოლიომიელიტი,წითელა, წითურა, ყბაყურა და ზოგიერთი სხვა დაავადება.

როგორ მიმდინარეობს ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხარაგაულში, კორონავირუსის პანდემიის დროს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი და კოორდინატორი ხარაგაულში, ექიმი ნინო ბუხნიკაშვილი გვესაუბრება:

„პანდემია მსოფლიოში, ორი წელია, მძვინვარებს. თუმცა, ხარაგაულში პროფილაქტიკური აცრებით მოცვა ამ პერიოდში ყველა კომპონენტზე 99-100 %-ია. მე, როგორც იმუნიზაციის კოორდინატორს, უბნის სამედიცინო პერსონალი მიკავშირდებოდა; მშობელი ან ბავშვი თუ იყო ავად, ვაქცინაციას გარკვეული პერიოდით, გამოჯანმრთელებამდე, ვაჩერებდით და შემდეგ ჩვეულებრივად ვაგრძელებდით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ხარაგაულში გეგმიური აცრები არ ჩავარდნილა.

იმუნიზაციის პროცესში გამოიყენება ისეთი ვაქცინები, რომელთაც აცრებს შორის ერთთვიანი ინტერვალი აქვთ. ასევე გვაქვს ვაქცინა, რომელიც ბავშვს 5 წლიდან 6 წლამდე პერიოდში უნდა გაუკეთდეს,

სამედიცინო პერსონალი და მშობელი თუ მოწესრიგებულია, ვაქცინაცია არ უნდა ჩავარდეს.

თუ ბავშვი ავადაა, და ეს არ ეხება მხოლოდ კორონავირუსის ინფექციას, ველოდებით მის გამოჯანმრთელებას და ორი კვირის შემდეგ ვცრით. ასე რომ, ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი არ შეცვლილა. კორონავირუსის პანდემიის დროს გასათვალისწინებელია მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. თუ მშობელი ინფიცირებულია და შვილი მშობელთან კონტაქტში იმყოფება; შესაძლოა, ბავშვს სიმპტომები გამოვლენილი არ ჰქონდეს, მაგრამ შესაძლო საინკუბაციო პერიოდშიც აცრისგან თავს ვიკავებთ.

მშობლის მხრიდან აცრაზე თავის არიდების შემთხვევა ამ ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ისინი ძალიან კარგად არიან გათვითცნობიერებულები. სოციალურმა ქსელებმა და სამედიცინო ჯგუფებმა მშობელთა ზოგადი განათლების დონე აამაღლა. იყო შემთხვევები, რომ თუ ბავშვს აცრა უწევდა და მშობელი ინფიცირებული იყო, გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსმა მშობლები უფრო გამოაცოცხლა და ყურადღებიანები გახადა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს იმერეთის რეგიონში, ბავშვთა იმუნიზაციის თვალსაზრისით, საუკეთესო მოცვა გვაქვს. პანდემიის დროს სასწავლო დაწესებულებები დისტანციურად რომ სწავლობდნენ, – გვქონდა შემთხვევა, – ხარაგაულში დროებით საცხოვრებლად დაბრუნებული ბავშვებიც ავცერით; ჩვენ არც მათთვის გვითქვამს უარი. ასე რომ, აცრის სურვილი ვისაც ჰქონდა და გეგმიურად ეკუთვნოდა, ყველანაირად შევეცადეთ, აგვეცრა.

იანვარ – თებერვალში, როცა რესპირატორული დაავადებები და სეზონური გრიპები ხშირია, აცრების რაოდენობა სტატისტიკურად იკლებს. გაზაფხულიდან უკვე ინტენსიურად განახლდება ეს პროცესი.

ზოგადად, ვაკვირდებით პროფილაქტიკული აცრების კვარტალურ მოცვებს. პირველ კვარტალთან შედარებით, შემდეგ კვარტალებში აცრების რაოდენობა ყოველთვის მომატებულია. თუმცა, ასევე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ წლებში დაბადების მაჩვენებელი, წლის მეორე ნახევარში, უფრო მეტია და თუ ბავშვს ასაცრელი ასაკი არ შეუსრულდა, ისე ვერ აცრი. ამიტომ კვარტალურად დაყოფაც პირობითია“.

თამთა გოგოლაძე