ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ამჟამად 13 წრე და მუსიკალური სტუდია „ჰარმონია“ ფუნქციონირებს. მეცადინეობებზე მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი, პანდემიის გამო, შემცირებულია, თუმცა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

რა სირთულეების დაძლევა უწევს მოსწავლეთა სახლს პანდემიის პირობებში, რა არის მთავარი გამოწვევა და რა სამომავლო გეგმები აქვთ, – ამის შესახებ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორს, მაია ბლუაშვილს ვესაუბრეთ.

– ქალბატონო მაია, ხარაგაულის მოსწავლეთა სახლში საქმიანობა ამჟამად როგორ მიმდინარეობს?
– სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე წრეებში მუშაობა განვაახლეთ. მეცადინეობებზე ბავშვთა რაოდენობა შემცირებულია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსწავლეთა საერთო ოდენობა შემცირდა.

მარტში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოვამზადეთ. მასში მონაწილეობა პედაგოგებსა და მშობლებსაც უნდა მიეღოთ. თუმცა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, კონცერტი გავაუქმეთ. იმედია, ყველაფერი დალაგდება და კონცერტების ჩატარებას შევძლებთ. სკოლებში ერთკვირიანი საგაზაფხულო არდადეგების დროს ახალ პროგრამებზე ვმუშაობდით. 9 აპრილისთვის ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის დარბაზში ხსოვნის საღამოს გავმართავთ. ასევე დაგეგმილი გვაქვს ღონისძიებები მაისსა და ივნისში. 2019 წელს მოსწავლეთა სახლმა ზაფხულის ხუთდღიან ბანაკს უმასპინძლა. ძალიან გვინდა, ეს კვლავ გავიმეოროთ.

– რა სასარგებლო გამოცდილება შეგძინათ პანდემიამ?
– თუ რამეს მოინდომებ და იშრომებ, ყველაფერს შეძლებ. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს კინომცოდნეობის წრის ორ-ორ მოსწავლეს მონაცვლეობით ვიბარებდით და მათთან ვმუშაობდით. წრის მოსწავლეებმა გადაიღეს ფილმი, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალ „თბილისური აისის“ გამარჯვებული გახდა და ჯილდოც დაიმსახურა.

სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ მუშაობენ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ იქ სწავლა სავალდებულოა. თუ ონლაინ გაკვეთილს ან ლექციას არ დაესწრები, გამოცდებს ვერ ჩააბარებ, შემაჯამებელ სამუშაოს ვერ დაწერ – ეს აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითად იმოქმედებს. ჩვენთან სწავლების სხვანაირი სპეციფიკაა, აქ სწავლა სავალდებულო ხასიათის არ არის. ჩვენს პედაგოგებს დიდი ძალისხმევა და შრომა სჭირდებათ, რომ მოსწავლე დააინტერესონ. პანდემიის გამო მოსწავლეებს სახლში ვუკავშირდებოდით და ასე დისტანციურად ვმუშაობდით.

კორონავირუსის გამო შეზღუდვები რომ დაწესდა, მეცადინეობები შევწყვიტეთ. ადმინისტრაცია ყოველდღიურად ადგილზე ვმუშაობდით. ერთ დღეს ხმაური შემომესმა და დერეფანში გავედი. ხმაური მაკრამეს წრის ოთახიდან გამოდიოდა. მოსწავლეები ჩუმად შემოსულან, სამუშაო გადმოუღიათ, შორი-შორს პირბადეებით დამსხდარან და მუშაობდნენ. როცა შევედი მთხოვეს, რომ ჩუმად იმუშავებდნენ, იმდენად იყვნენ მონატრებულები ერთად ყოფნას. ტელეფონითა და ინტერნეტით კომუნიკაცია არც დიდებისთვის და მით უმეტეს ბავშვისთვის, საკმარისი არ არის. მათ ცოცხალი, ჯანსაღი ურთიერთობები სჭირდებათ და ენატრებათ.

– მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 134 ათასი ლარი მოსწავლეთა სახლის საქმიანობისთვის რამდენად საკმარისია?

– დაგეგმილი ბიუჯეტი ხარჯებისთვის სრულიად საკმარისია. მთავარია, რაიმე შეზუდვები კიდევ არ დაწესდეს და მუშაობის საშუალება მოგვეცეს. გასულ წელს 110 ათასი ლარი გვქონდა განსაზღვრული. წლის ბოლოს ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრები უნდა დაგვერიგებინა და თანხა აღარ გვყოფნიდა, – სასაჩუქრე პაკეტი, წინა წელთან შედარებით, ძალიან გაძვირებული იყო. ამიტომ თანხა დამატებით მოვითხოვეთ.

წელს ყველა დაგეგმილი ღონისძიებისა თუ ფესტივალისთვის თანხა დაგეგმილია, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი ხარჯი არ დაგვჭირდა.
– მეტი დაფინანსების პირობებში საქმიანობის რა მიმართულებებით გაფართოების საჭიროება არსებობს?
– მეტი დაფინანსების პირობებში შენობაში ბუნებრივი აირით გათბობას დავამონტაჟებდით.  მიუხედავად იმისა, რომ შეშა თავის დროზე მოგვეწოდება და ზამთარში ყველა ოთახში ღუმელი გვინთია, შენობის ბუნებრივი აირით გათბობა მაინც აუცილებელია.

– წლევანდელ ბიუჯეტში არის თუ არა გათვალისწინებული მოსწავლეთა სახლის შენობის გაზიფიცირება, გარე ფასადისა და საავარიო კიბის მოწყობა?

– წლევანდელი ბიუჯეტით ერთი ოთახის გარემონტება გვაქვს განსაზღვრული. ასევე უნდა განვაახლოთ ძველი ავეჯი და შევეცდებით, მოსწავლეთა სახლში ქუჩიდან შემოსასვლელი გზის ბეტონის საფარი მოვაწესრიგოთ. ბილიკი გვქონდა გაკეთებული, მაგრამ წყალსადენის მშენებლობის გამო, შემოსასვლელი გადათხრილია.

ბუნებრივი აირის შემოყვანას შენობაში წლევანდელი ხარჯებით ვერ გავწვდებით. ასევე გვინდა შენობის უკანა მხარეს საავარიო კიბის მოწყობა; კარი უკვე გაჭრილი და ჩასმულია, თუმცა კიბის მოწყობა ვერ მოვახერხეთ.

ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის შენობის სარდაფია. ის ჩვენ არ გვეკუთვნის, წყალმომარაგების კომპანიის საკუთრებაშია. სარდაფი ღიაა და ტუალეტადაა ქცეული. ზაფხულში ფანჯრების გაღება შეუძლებელია. არა ერთხელ მივმართეთ თხოვნით აღნიშნულ კომპანიას, პოლიციაც კი გამოვიძახეთ, თუმცა შედეგი არ არის. თუ ვერ უვლიან, ჩვენ გადმოგვცენ, მავთულბადეს დავამონტაჟებ და პრობლემაც მოიხსნება.

მეორე პრობლემა მოსწავლეთა სახლის წინა ფასადია – კედელი, ჩამონადენი წყლის გამო, ძალიან დაზიანებულია და აგურები ცვივა. ეს საბავშვო დაწესებულებაა და საფრთხე არსებობს.

ასევე მინდა ვთხოვო ხარაგაულდასუფთავების თანამშრომლებს, რომ თვეში ორჯერ მოსწავლეთა სახლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთაონ. ხშირ შემთხვევაში მე და ჩემს თანამშრომლებს გვიწევს ამის გაკეთება. თითქმის ყოველ დილით ამ ჩიხში მუყაოს ყუთები და პოლიეთილენის პარკები გვხვდება დაყრილი.

– მოსწავლეთა სახლში 13 წრე ფუნქციონირებს. მათი უმრავლესობა ხელმისაწვდომია დაბა ხარაგაულში მცხოვრები ბავშვებისთვის. ხომ არ ფიქრობთ ახალი წრეების დამატებას ან ყველაზე მოთხოვნადი წრის ამოქმედებას ხარაგაულის სოფლებში?

– მოსწავლეთა სახლში ყველა წრე მშობელთა მოთხოვნის საფუძველზე გავხსენით. ყველა მათგანში მეცადინეობა აქტიურად მიმდინარეობს. სხვადასხვა წრეებზე მოსწავლეები საღანძილიდან, კიცხიდან და დიდვაკიდან დადიან. ლეღვანში ხალხური სიმღერის წრე ფუნქციონირებს, მარელისის სკოლაში – ხის მხატვრული დამუშავების წრე, ბორითში – კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი წრე. ვერტყვიჭალაში – მუსიკალური სტუდია.

ვცდილობთ, მაქსიმალურად ბევრი სოფელი მოვიცვათ.

ადრე მოსწავლეთა სახლი განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა და სკოლის ბაზაზე სხვადასხვა წრეები ფუნქციონირებდა. სკოლების დირექტორები ვალდებულები იყვნენ, წრეების მეცადინეობისთვის თვალყური ედევნებიათ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდნენ. ახლა ეს სისტემა მოშლილია. წრეების გახსნა სოფლებში რთულია, მასწავლებლების ტრანსპორტირება პრობლემაა. სკოლის ბაზაზე წრის ამოქმედების უფლება ჩვენ არ გვაქვს, თუ ეს დირექტორის კეთილი ნება არ არის.

წერილის მომზადების პროცესში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს ვარლამ ჭიპაშვილს დავუკავშირდით. მისი თქმით, მოსწავლეთა სახლის გაზიფიცირების საკითხზე მუშაობენ.

„მოსწავლეთა სახლის შენობაში გაზიფიცირების პრობლემა დიდი ხანია დგას. ასევე ვიცით სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ. ადგილზე გავეცანი წინა ფასადის მდგომარეობას. ამ საკითხებზე ვმუშაობთ“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

„რაიკავშირის შენობის სარდაფის პრობლემა ნამდვილად მოსაგვარებელია, – აცხადებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის უფროსი ტარიელ ავალიშვილი, – სარდაფის ნაწილი ჩვენ გვეკუთვნის, ნაწილი – რაიკავშირს. უახლოეს ხანებში მივმართავ ჩვენს ზემდგომებს და შევეცდებით, სარდაფის შესასვლელი მავთულბადით შევღობოთ“.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე – მაკრამეს წრის მეცადინეობაზე (პედაგოგი მარინა ვეფხვაძე)