ხარაგაულში, ახალგაზრდების ინიატივით, რუსეთთან ომში ჩაბმული უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლია ჯანიაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის ომი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს მიმართ. უკრაინელ ხალხს თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება.

– ხარაგაულელები, უკრაინის მხარდასაჭერად, თბილისში მიმდინარე აქციებშიც ვმონაწილეობთ, – აღნიშნა აქციის მონაწილე შალვა ჩხეიძემ, – თუმცა გულმა არ მომითმინა, რომ არ ჩამოვსულიყავი და აქ, ამ საამაყო ახალგაზრდების გვერდით არ ვმდგარიყავი. ბუნებრივია, ჩვენი აქცია უკრაინას ომში წარმატების მიღწევაში ვერ დაეხმარება; თუმცა, სხვანაირად არ შეგვიძლია. ღამეები არ გვძინავს, ყოველ წუთს ინფორმაციას ვამოწმებთ. ძალიან ბევრი ადამიანი, – ჩვენი მეგობრები, ახლობლები, მათ შორის – 20-25 წლის გოგონები მოლოტოვის კოქტეილებით იბრძვიან ფრონტის წინა ხაზზე. ეს ახალგაზრდები საკუთარ სამშობლოს იცავენ და თავისუფლებისთვის იბრძვიან.

არავინ ამბობს, რომ ვინმე ახლა ომში უნდა ჩაერთოს, ხელში იარაღი აიღოს. თუმცა, უკრაინელების მიმართ სოლიდარულები უნდა ვიყოთ. გაუმარჯოს უკრაინას!

ხათუნა მანჯავიძე, აქციის მონაწილე: -დღეს რუსეთი უკრაინაში ჩვენს ევროპულ მომავალს ებრძვის. ამიტომ უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა. უკრაინის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ამ აქციით ხარაგაულში პირველი ნაბიჯები გადადგეს ახალგაზრდებმა და ომს, ტოტალიტარიზმსა და ჩამორჩენას უარი უთხრეს. ჩვენი გზა არის დასავლეთისკენ.

აღნიშნული აქცია „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ ეთერით გადავეცით, ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა აქციის ამსახველი ფოტორეპორტაჟი.