ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 37,3 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბორის საჯარო სკოლაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მოსაწყობად გამოიყო.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ეს თანხა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობისგან ადმინისტრაციული ხარჯების, კერძოდ, არასაცხოვრებელი შენობების რემონტის ხარჯების შემცირებიდან მიიმართა ბორის საჯარო სკოლის სუბსიდირების ხარჯებში.

ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, ეს თანხა ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება და ბორის სკოლის ეზოში არსებული შენობის რამდენიმე ოთახი გარემონტდება.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ბორის საჯარო სკოლის ბაზაზე შშმ ბავშვთა დღის ცენტრის „ნაბიჯი თანადგომისკენ“ შექმნასთან დაკავშირებით დიდხანს იმსჯელეს.

ბორის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე ამბობს, რომ 2014 წლის ნოემბერში განათლების სამინისტროსგან მიიღო წერილი, სადაც, მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გეგმავს სკოლების ბაზაზე დღის ცენტრების მოწყობას.

„მივწერეთ სამინისტროს, რომ გვაქვს სასადილო, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ეზო და საიმისო ბაზა, რომლის მოწყობის შემთხვევაში დღის ცენტრი ჩამოყალიბდება. ეს საკითხი დავსვი ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე. დღის ცენტრის მოსწავლეები ჩაერთვებიან პროგრამაში და დაფინანსდებიან ვაუჩერით,“ – ამბობს ჰამლეტ ბერაძე.

მისივე თქმით, შშმ ბავშვთა დღის ცენტრი დაახლოებით 15 ბავშვზე იქნება გათვლილი. ბორის საჯარო სკოლის დირექტორი დღის ცენტრისთვის ხელსაყრელად მიიჩნევს იმას, რომ სკოლაში არის პანსიონური მომსახურება და ამის გამო სკოლას არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა პროექტების განხორციელებას უფინანსებენ.

„ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბორის სკოლა 100 ათასი ლარით ფინანსდება. ამდენივეს ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოვიპოვებთ. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ერთჯერადი კვებით, სამედიცინო მომსახურებით. სკოლაში მათი მხარდაჭერით შეიქმნა სამოქალაქო კლუბი, რამდენიმე ხელობის შემსწავლელი წრე, დაფინანსდა 50 სტუდენტის სწავლის საფასური,“ – ამბობს ჰამლეტ ბერაძე და  განმარტავს, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაცია დღის ცენტრში კვების დაფინანსებაზე დათანხმდა, სამინისტროდან მიღებულ ვაუჩერულ დაფინანსებას სხვა მიმართულებით  გადაანაწილებს.

„ჩვენ გვაქვს სასადილო და გვყავს პერსონალი. ვფიქრობ, ბორში ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რომ შშმ ბავშვების ინტეგრაცია მოხდეს საზოგადოებაში და მათ გავუხალისოთ ცხოვრება,“ – ამბობს ჰამლეტ ბერაძე.

ის, რაც ბორის საჯარო სკოლის დირექტორს ბორში სკოლა-პანსიონის ბაზაზე შშმ ბავშვთა დღის ცენტრისთვის ძლიერ მხარედ მიაჩნია, უარყოფითად მიიჩნევს საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე.

„ბევრი კითხვა მაქვს პანსიონურ მომსახურებასთან დაკავშირებით. 2005 წლის შემდეგ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიას იღებს ბორის სკოლა. მონიტორინგს ვინ უწევს ამ პანსიონის დაფინანსებას და რამდენად ემსახურება ის იმ მიზანს, რისთვისაც ჩვენ მას ვაფინანსებთ, – ესაა საინტერესო. ამავე დროს სახელმწიფოს მიდგომა პანსიონური მომსახურების მიმართ შეიცვალა. ვინ ამოწმებს პანსიონის ბენეფიციარების მომსახურებას ჯანდაცვის ან განათლების სამინისტროდან? მეტი კონკრეტიკა გვჭირდება.

თუ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი იმ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან იღებთ?“ – კითხულობს ინგა მაღრაძე და დასძენს, რომ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები აპირებენ ბორის სკოლა-პანსიონის საქმიანობის შესწავლას და სანამ იქედან არ იქნება დასკვნა, რომ შესაძლებელია პანსიონისა და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ერთად ფუნქციონირება, ის ამ საკითხის მხარდაჭერისგან თავს შეიკავებს.

ინგა მაღრაძის პოზიციას იზიარებენ დეპუტატები ომარ გაგოშიძე, იური ლურსმანაშვილი, გელა გოლუბიანი და დემურ კალანდაძე.

დეპუტატი თორნიკე ავალიშვილი ამბობს, ეს თანხა არასაკმარისი იქნება დღის ცენტრისთვის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. მისივე თქმით, ჯობია, ეს თანხა იმ პროექტების ბოლომდე მისაყვანად გამოიყოს, რომლებიც დასასრულებელია.

„ჯობია, თანხა გამოიყოს ბორის სკოლის დამხმარე ნაგებობის რემონტისთვის, ხოლო სამინისტროებიდან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ ვიზრუნოთ შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ჩამოყალიბებაზე,“ – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.

ბორის სკოლაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრის შესაქმნელად საკითხის განხილვას საკრებულოში ა/ო „ნაბიჯის“ დამფუძნებელი მაგდა ყურაშვილი ესწრებოდა. მისი განმარტებით, განათლების სამინისტრომ გამოაგზავნა თვითმმართველობებში წერილი, რომ მოიძიებულიყო სკოლებთან ფართი, სადაც დღის ცენტრს დააფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

„დღის ცენტრს არ აფუძნებს ჯანდაცვის სამინისტრო. მას აფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაცია. სამინისტრო ყიდულობს სერვისს. ეს სერვისი უნდა ავაწყოთ ჩვენ. ჯანდაცვის სამინისტრო გამოაგზავნის სოცაგენტებს ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით. პარალელურად შედის მშობლების მოთხოვნები სოციალურ სააგენტოში დღის ცენტრის შექმნის მოთხოვნით,“ – ამბობს მაგდა ყურაშვილი.

ის ყურადღებას ამახვილებს შშმ ბავშვთა რაოდენობაზე და ამბობს, რომ ხარაგაულის გეოგრაფიული მოწყობიდან გამომდინარე, ძალიან კარგი იქნება, თუ დღის ცენტრი რამდენიმე ადგილას შეიქმნება.

„ხარაგაულის საკრებულოში შშმ ბავშვთა დღის ცენტრის შექმნის მოთხოვნით პროექტი 2014 წლის სექტემბერში შემოვიტანეთ, – ამბობს მაგდა ყურაშვილი, – ელექტრონული აუქციონით ფარცხნალის სკოლა შეირჩა ხარაგაულის ცენტრთან სიახლოვის გამო. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჯანდაცვის სამინისტროსგან ვაუჩერის მოპოვებას აქვს თავისი პროცედურები.

კიცხში დაახლოებით ათი შშმ ბავშვია, ვერტყვიჭალაში – 20. ვერტყვიჭალის სკოლის უკან არის შენობა, სადაც ასევე შეიძლება შეიქმნას შშმ ბავშვთა დღის ცენტრი. სკოლას ჰყავს გადამზადებული, შესაბამისი გამოცდილების მქონე პედაგოგები. რატომ არის პრინციპულად საჭირო, რომ მაინცდამაინც ბორის სკოლაში გაკეთდეს დღის ცენტრი, რომელიც ათი კილომეტრითაა დაშორებული დაბა ხარაგაულის ცენტრიდან და შედარებით ცოტა ბავშვია და არა იქ, სადაც მეტი კონტინგენტია.

ფარცხნალის სკოლის რემონტი 37 ათასი ლარის ნაცვლად ჯდებოდა 13 ათასი ლარი და ეს თანხაც სხვა ფონდებიდან მოვიპოვეთ. მყარი გარანტია გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროსგან ვაუჩერის მიღებაზე. მე თქვენ გაძლევთ მყარ გარანტიას, რომ  ჯანდაცვის სამინისტროსგან ვაუჩერს ვერ მიიღებთ და დარჩებით მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე. მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ასი ათასი ლარი დასჭირდება თქვენს დასაფინანსებლად და ეკონომია რაში მდგომარეობს?“

შემოდგომაზე წარუდგინა ადგილობრივ ხელისუფლებას რუსუდან გურგენიძემ ხარაგაულში შშმ ბავშვთა დღის ცენტრის პროექტი. რუსუდან გურგენიძე ამბობს, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არ არის ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების მოპოვების საფუძველი. „დაითვლიან კილომეტრაჟს და, შესაძლოა, შშმ ბავშვები ბორის დღის ცენტრის მიღმა დარჩნენ,“ – ამბობს რუსუდან გურგენიძე.

დეპუტატი დავით კიკნაძე იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ხარაგაულში, შესაძლოა, ერთი დღის ცენტრი არასაკმარისი აღმოჩნდეს. მისივე თქმით, დღის ცენტრის გახსნა ყველაზე უპრიანი ბორის საჯარო სკოლაში იქნება. დავით კიკნაძის განმარტებით, ფინანსური და სხვა სახის კონტროლი ყველა სასწავლო დაწესებულებაში წელიწადში ორჯერ ტარდება. დეპუტატი ამბობს, რომ ბორის სკოლას კანონმდებლობის სრული დაცვით აქვს უფლება პანსიონური მომსახურება გასწიოს მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით.

„მუნიციპალიტეტი ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს სკოლას, თუ რაზე იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი 100 ათასი ლარი. მიხარია, როცა რემონტდება შენობები. დავუშათ, როგორც ქალბატონი მაგდა ბრძანებს, არ დააფინანსა სამინისტრომ ბორში დღის ცენტრის შექმნა, სახლში ხომ არავინ წაიღებს გარემონტებულ შენობას,“ – ამბობს დავით კიკნაძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ რუსუდან გურგენიძის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი საკრებულომ არ დაუჭირა. გამგებელი ამბობს, რომ არაფერი აქვს საწინაღმდეგო ხარაგაულში შშმ ბავშვთა დღის რამდენიმე ცენტრის გახსნაზე.

„თუ საკრებულო არ იქნება თანახმა, საკითხს უკან გავიტან. პრემიერ-მინისტრის დადგენილების თანახმად, ეკონომიიდან მიღებული თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა დავხარჯოთ. ვინც უკეთეს მიმართულებას მისცემთ ამ თანხას, იქ დავხარჯავთ. ჩვენ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ბორში დღის ცენტრის შექმნაზე და არა ჩვენი პირადი შეხედულებით. მე არ ვწყვეტ ამ საკითხს, ამას წყვეტს საკრებულო,“ – დასძენს გამგებელი.

ნინო კაპანაძე

magda_yurashvili

sakrebolos_skhdoma