4-7 მარტს ხარაგაულში კორონავირუსი 25 ადამიანს დაუდასტურდა. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, ალექსანდრე ტაბატაძის, ინფორმაციით, ვინაიდან ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები, ვირუსის დასადგენად, მხოლოდ სწრაფ ტესტს აკეთებენ, ტესტირებაზე მომართვიანობა საგრძნობლად შემცირდა.

„კორონავურუსის ახალ შემთხვევათა შემცირებულმა სტატისტიკამ არ უნდა მოგვატყუოს, – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე, –  დადასტურებულ შემთხვევათა ოფიციალური რაოდენობა დაახლოებით ექვსზე უნდა გავამრავლოთ, რომ კორონავრუსით ინფიცირების რეალური ციფრი მივიღოთ. ამიტომ, მიუხედავად რეგულაციების შემსუბუქებისა, აუცილებელია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხე კვლავ მაღალია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ხარაგაულისა და ბორითის კოვიდცენტრების პერსონალს ყოველ ორშაბათს PCR ტესტირება უტარდებოდათ. ვინაიდან  ჩვენ PCR ტესტებს აღარ ვაკეთებთ, დღეს, 7 მარტს, მედპერსონალის ტესტირება არ ჩატარებულა. კოვიდცენტრების პერსონალს, კორონავირუსის დასადგენად, სწრაფ ტესტს საავადმყოფოს გადამზადებული თანამშრომლები ჩაუტარებენ.

ამ ეტაპზე, საგაზაფხულო არდადეგების გამო, კორონავირუსზე სკოლის მასწავლებლების ტესტირებაც, შეჩერებულია, ტესტირებები მომავალი კვირიდან განახლდება“.

ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე  ვირუსი 5 259 პირს დაუდასტურდა, მათგან 4 900 გამოჯანმრთელდა, 47 გარდაიცვალა.

312 ინფიცირებულიდან 11 საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, მკურნალობს.