მას შემდეგ, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მანანა ბარბაქაძე, მის მოადგილედ გივი თხელიძე, ხოლო სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარედ გივი ხიჯაკაძე აირჩიეს, საკრებულოს აპარატს მათი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები მოვთხოვეთ.

ჩვენს მოთხოვნაზე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ წერილობით გვიპასუხა:

„ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია არ იყო საჯარო, ვიხელმძღვანელეთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და დასახელებულ თანამდებობის პირებს ვთხოვეთ თანხმობა, გაგვეცა თუ არა მათი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები.

მათ აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე თანხმობა არ განაცხადეს, რის გამოც მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია, რომ მანანა ბარბაქაძემ 1988 წელს დაამთავრა მოსკოვის პოლიციის აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით; 1990 წელს კი – მეორადი ფაკულტეტი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკა და თანამედროვე კომერციული საქმიანობა.

ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებულია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი თხელიძის ბიოგრაფია, საიდანაც ირკვევა, რომ ის 1983-1987 წლებში ქალაქ როსტოვის სამხარეო უმაღლეს პარტიულ სკოლაში სწავლობდა. გივი თხელიძე 1995 წელს, 41 წლის ასაკში, ჩარიცხულა ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც 11 წლის მანძილზე, 2006 წლამდე, სწავლობდა.

ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება. ის არც განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელთა ჩამონათვალშია.

რაც შეეხება გივი ხიჯაკაძეს, მან გვითხრა, რომ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობა-მებოსტნეობა-მევენახეობის ფაკულტეტი დაამთავრა აგრონომის სპეციალობით.

„დიპლომის ასლი საკრებულოს აპარატში ჩავაბარე, – ამბობს გივი ხიჯაკაძე, – არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ ჩემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოგაწოდოთ. პირადი ინფორმაციააო, ქალბატონმა მანანამ და ბატონმა გივიმ მითხრეს. ამიტომ მეც თავი შევიკავე, თორემ რა პრობლემაა?! უმაღლესი განათლების გარეშე 1987 წელს აგრონომად მუშაობას ვინ დამაწყებინებდა?!“

არის თუ არა საჯარო საკრებულოს თანამდებობის პირთა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, – ამის გასარკვევად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) მივმართეთ.

IDFI-დან გვიპასუხეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები ნამდვილად არის ღია და საჯარო ხასიათის ინფორმაცია და მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაიცეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე.

აღნიშნული გამომდინარეობს რიგი საკანონმდებლო აქტებიდან, კერძოდ: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.“

თანამდებობის პირთა ჩამონათვალი მოცემულია საქართველოს კანონში „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“. კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ თანამდებობის პირს წარმოადგენენ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირები.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლი ადგენს, რომ მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე წარმოადგენენ თანამდებობის პირებს.

შესაბამისად, მათი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები არის ღია, საჯარო ხასიათის ინფორმაცია და უნდა გაიცეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს,“ – ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) „ჩემი ხარაგაულისთვის“ მოცემულ განმარტებაში.