ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს განიხილავს.

ამის პარალელურად, ჩვენ რამდენიმე მოქალაქეს დავუკავშირდით იმის გასარკვევად, თუ რით იყო პირადად მათთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვანი და კონკრეტულად მათ რომელ საჭიროებებს უპასუხა.

ზურაბ მაჭავარიანი, ბორში მცხოვრები:  – ამ ხელისუფლებას ნამდვილად ვერ დავუკარგავ იმას, რომ ბორში ცენტრალური გზა მობეტონდა. თუმცა, მაჭავარიანების საუბნო გზის მობეტონებას, წლებია, საშველი არ დაადგა. ერთხელ მოიხრეშა, მაგრამ ხრეში ერთ სეზონს უძლებს – გზაზე დიდი დაღმართია და წვიმა აფუჭებს. სტუმარი ცალხიდიანი მანქანით ჩემ სახლამდე ვერ მოვა. 70 მეტრიანი მონაკვეთია დარჩენილი და მობეტონება აუცილებელია.

ხელისუფლებამ ხელფასები 100%-ით გაიზარდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა კი იგივე დარჩა.

თემურ გამცემლიძე, ბორითში მცხოვრები: – ბორითში საუბნო გზები მოაბეტონეს. თუმცა, ამ მხრივ პრობლემები მაინც ბევრია. გორგაძეების უბანში, სადაც მე ვცხოვრობ, გზის მოწესრიგება წელს დაუგეგმავთ. გზა უნდა მობეტონდეს ფაბრიკის უბანშიც. თქვენი გაზეთის საშუალებით შევიტყვე, რომ ამ გზებზე 36 ათასი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა მცირეა და, ჩემი აზრით, 30 მეტრი გზის მობეტონებასაც არ ეყოფა.

ავტობანის მშენებლობის გამო ბორითში გარე განათების ქსელი დაზიანდა. 8 თვეა, ამ საკითხის მოგვარებას ვითხოვ. გამოამინდებას ელოდებიანო, რწმუნებულმა მითხრა. ალბათ, აგვისტოს თაკარა მზე უნდა იყოს, თორემ ამ ზამთარში ცუდმა ამინდებმა სულ ორ კვირას გასტანა. ამის შემდეგ როგორ ვიგრძნო ახლა, რომ ბიუჯეტი ჩემიც არის.

რაზეც მივმართე ჩვენი სოფლის რწმუნებულს, ხათუნა ჯობაძეს, დამეხმარა. ყოჩაღი ქალი ჩანს. თუმცა, ვხედავ, რომ პროექტები ხორციელდება იქ, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცხოვრობენ. სადაც გინდათ ამ ამბავს ფაქტებით დავამტკიცებ. ჩემი ბრალია, ამას აქამდე რომ არ ვამბობდი.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხარაგაულის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მუნიციპალურ ააიპებში დასაქმებულთა ხელფასებს ხმარდება.

ჯილდა მახაროპულო, წიფაში მცხოვრები: – 2021 წელს წიფაში საუბნო გზა გაკეთდა, წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა, გარე განათება მოწესრიგდა. ყველაზე მტკივნეული და გადაუჭრელი მაინც ცენტრალური გზის პრობლემა. „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“!

წლებია, სკოლიდან სოფელ წიფამდე გზის მობეტონებას ვითხოვთ და იქნებ წელს მაინც მოგვარდეს. მოსახლეობის პრობლემებზე მეტად ორიენტირებული ბიუჯეტი გვჭირდება. თუმცა, წინა წლებთან შედარებით, ცვლილება იგრძნობა.

მაია ბერაძე, ხარაგაულში მცხოვრები: – რა ეფექტურობასა და პროგრესზეა საუბარი, როცა ხარაგაულში წყალი გრაფიკით მოგვეწოდება. ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირებმა ხელფასები 100 %-ით გაიზარდეს, ააიპ-ებში დასაქმებულებს კი 10% – 30-40 ლარი მოგვემატა.

ყველაფერი, რაც კეთდება, დროში გაიწელა. ტალახსა და მტვერში ვიხრჩობით, რა წარმატებებზეა საუბარი. ყველა, ვინც ხარაგაულში მოდის – სტუმარი თუ მაღაზიის დისტრიბუტორი, ამბობს, რომ ასე მიტოვებული მუნიციპალიტეტი მეორე არ უნახავთ. წინ ვერ მივდივართ.

წლებია, მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ვერ მოგვარდა. იქნებ, მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმოს ამ კუთხით რამე.

პროგრესს, როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლები თავის ჯიბეებზე გრძნობენ. ხარაგაულიდან წასვლას არსად ვაპირებ, აქ უნდა ვიცხოვრო და წარმატება გამეხარდება, თუმცა, ამას, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ.

ნინო კაპანაძე