ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დღეს, 21 თებერვალს, საკრებულოს ბიურომ განიხილა.

ეს დოკუმენტი დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო მაღლაკელიძემ წარუდგინა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის მიხედვით, შემოსულობები 18 229,5 ათასი ლარით განისაზღვრა. მათ შორის:

  • ბიუჯეტში გადასახადების სახით შევიდა 7 636,2  ათასი ლარი;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერია – 9 635,6 ათასი ლარი;
  • სხვა შემოსავლები – 1 313,0 ათ. ლარი;
  • არაფინანსური აქტივების კლებიდან მიღებული შემოსულობები – 60,0 ათ. ლარი.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს ვერ შესრულდა მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის (დაგეგმილი 70 ათასი ლარის ნაცვლად, 55 600 ლარია მობილიზებული) და ჯარიმები, სანქციები და საურავები (დაგეგმილი 647 200 ლარის ნაცვლად, მიღებულია 494 500 ლარი).

„2021 წელს გადასახადების გეგმიდან და არაფინანსური აქტივების კლებიდან მიღებულმა ჭარბმა შემოსულობებმა სხვა შემოსავლების გეგმების შეუსრულებლობით გამოწვეული დანაკლისი გადაფარა“, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი.

დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ თორნიკე ავალიშვილი 2021 წლის ბიუჯეტის შესრულებას უარყოფითად აფასებს. ის ვერ ხედავს თვითმმართველობისთვის ორი ახალი ავტომანქანის შეძენის აუცილებლობას. ის ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხს აპროტესტებს.

„სოფლებში გზები მობეტონდა, თუმცა უხარისხოდ, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი, – მაგალითად, დეისსა და სარგვეშში დაგებული გზები უკვე მწყობრიდან გამოვიდა. გზა საუკეთესოდ მობეტონდა ბაზალეთში – ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის საცხოვრებელი სახლის უბანში. ყველა გზა ასეთი ხარისხით უნდა დაიგოს.

მიმაჩნია, რომ თვითმმართველობისგან დაფუძნებულ ააიპ-ებში შტატები გაბერილია. ამის გამო მათზე გაცემული სუბსიდიიდან სახელფასო ფონდი 80%,-ია, ხოლო პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო თანხა – 20%.

„დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაში“ უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი პირის ხელფასი 1200 ლარია და მას, ფაქტობრივად, საქმე არ აქვს. მეეზოვე, რომელიც შრომას დილაადრიან იწყებს, 400 ლარს იღებს. ეს უსამართლობაა.

არაეფექტურია მიუსაფარი ცხოველების მოვლის ღონისძიებებზე 2021 წელს გაწეული ხარჯი – 10 ათასი ლარი, რადგან ხარაგაულის ქუჩებში ძაღლებისგან ბავშვებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა“.

საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის თქმით, მერიისა და საკრებულოს ავტომანქანები მწყობრიდან გამოსულია და შეკეთებას აღარ ექვემდებარებიან. ამიტომ აუცილებელია, ავტომანქანების შეძენა. მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ ავტომანქანებით მერიასა და საკრებულოში მოქმედი სამსახურების წარმომადგენლები და კომისიების წევრები სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ისარგებლებენ.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ თვითმმართველობისგან დაფუძნებულ ააიპ-ებში ხარაგაულელები საქმდებიან და შემოსავალი უჩნდებათ.

მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ეძებენ გზებს, თუ როგორ მოაგვარონ მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, თუმცა, ამ დრომდე კონკრეტული გზა ამ საკითხის გადასაჭრელად, ვერ მოიფიქრეს.

„2022 წლისთვის „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას“ ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაციისთვის 16 ათასი ლარი გამოეყო. გეთანხმებით, რომ ამის შემდეგ მიუსაფარი ძაღლების ქუჩაში დაბრუნება გამოსავალი არ არის. წინადადებებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ოპოზიციისგან მივიღებთ“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

2021 წლის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულო 7 მარტის სხდომაზე განიხილავს.

ნინო კაპანაძე