პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ექიმი გიორგი ბარბაქაძე თავისი განვლილი ცხოვრებით, ოჯახითა და მეგობრებით ამაყობს. ამბობს, რომ თავს ყველაზე ბედნიერად პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისას გრძნობს.
კომუნარ ბარბაქაძისა და ნაზი ლურსმანაშვილის ოჯახში აღზრდილს, პატიოსნება და გულწრფელობა ადამიანის საუკეთესო თვისებებად მიაჩნია.
გიორგი ბარბაქაძე, 26 წელია, ექიმია. ის ბორითის ამბულატორიაში ოჯახის ექიმად მუშაობს, ამავე დროს ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსია. მას პროფესიულ არჩევანზე, საქმიანობაში პანდემიით გამოწვეულ სირთულეებსა და ოჯახის ექიმის პროგრამის ეფექტურად განხორციელების გზებზე ვესაუბრეთ.
„ბავშვობა ყველა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული, გამორჩეული და ლაღია, – ამბობს გიორგი ბარბაქაძე, – ვამაყობ იმით, რომ ჩემი მშობლები ოჯახს პატიოსანი შრომით არჩენდნენ.
სკოლაში კარგად ვსწავლობდი. გაწერილი მქონდა დრო, როდის უნდა მემეცადინა და მეთამაშა. ბავშვობაში ძალიან კარგად ვხატავდი და ვხაზავდი. ამიტომ არქიტექტორობა მინდოდა.
ერთმა ფაქტმა ჩემი პროფესიული არჩევანი შეცვალა. ავად გავხდი და მშობლებმა აკადემიკოს ირაკლი ფაღავასთან წამიყვანეს. მის სახლთან პაციენტების რიგი ეზოდან იწყებოდა. მახსოვს, როგორი ყურადღებით გამსინჯა, დანიშნულება მოგვცა და ჩემი მშობლები დაამშვიდა. გახარებულები მისთვის ფულის მიცემას ცდილობდნენ. ბატონმა ირაკლიმ ეს ძალიან განიცადა და ფული არ გამოგვართვა.
იმ დღემ გადაწყვიტა ჩემი პროფესიული არჩევანი. უფროსი ძმები – ალექსანდრე და დავითი ექიმები არიან და იმის მიუხედავად, რომ ექიმობას არ მირჩევდნენ, გადაწყვეტილება, რომელიც ბავშვობაში მივიღე, აღარ შემიცვლია. ბედნიერი ვარ ჩემი პროფესიით, რადგან არ არსებობს იმაზე დიდი ჯილდო, როცა ადამიანს გამოაჯანმრთელებ და გადაარჩენ.
ქირურგობა სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსიდან ავირჩიე. მე და ჩემი ჯგუფელები თავიდან ექთნად ვმუშაობდით ყველგან, სადაც ადგილი გამოჩნდებოდა. მერე არამიანცის საავადმყოფოში აკადემიკოს ზაალ კახიანთან მოვხვდი. ის ქირურგიაში სახელმწიფო გამოცდაზე კომისიის თავმჯდომარე იყო. უმაღლესი შეფასება დავიმსახურე. არასდროს დამავიწყდება, სტუდენტებს რომ უთხრა, ქირურგიაში ხუთიანი ვისაც გინდათ, ბარბაქაძეს გაესაუბრეთ და გამოცდაზე მერე შემოდითო. არამიანცის საავადმყოფოში საუკეთესო ექიმების – ზურაბ ცხაკაიას, მერაბ კილაძის, გოგა ფიფიას გვერდით ვიმუშავე.
შემდეგ ხარაგაულში დაბრუნება გადავწყვიტე. მუშაობა ბორითის საექიმო ამბულატორიაში დავიწყე. მქონდა შანსი, რომ უკეთეს სამედიცინო კლინიკაში მემუშავა და როგორც ქირურგი, მეტად განვვითარებულიყავი. თუმცა, ჩემს მიწაზე დაბრუნება ვარჩიე და სწორადაც მოვიქეცი. პირველ რიგში, თუ შეგიძლია და შანსი გაქვს, შენიანებს უნდა დაუდგე გვერდით და დაეხმარო.
25 წლის წინ სოფლის ამბულატორია იყო პაციენტებისთვის მთავარი სამკურნალო დაწესებულება. იმ დროს უახლოეს საავადმყოფომდე ავადმყოფის გადაყვანა ძალიან ჭირდა. ამიტომ ადგილზე ვიღებდი, შეიძლება ითქვას, რადიკალურ გადაწყვეტილებებსაც, რომ პაციენტი გადამერჩინა.
სხვადასხვა წლებში ხარაგაულის საავადმყოფოში ქირურგად ვმუშაობდი. 2010 წლიდან ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი ვარ.
დღესაც ვფიქრობ, რომ ხარაგაულში საავადმყოფო ცენტრიდან ასე შორს არ უნდა აშენებულიყო. სხვათაშორის, ჯანდაცვის მინისტრმა, საავადმყოფოს გახსნაზე რომ მოვიდა, აღნიშნა კიდეც გულწრფელად, ეს სად აგიშენებიათო. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარაგაულში საავადმყოფო ფუნქციონირებს. ვხედავ რესურსს, რომ ხარაგაულის რაიონული საავადმყოფოს საქმიანობა უფრო გაძლიერდეს.
ძალიან კარგი იდეა ჰქონდათ წლების წინ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში – რეზიდენტურაში სწავლას დაუფინანსებდნენ იმ ხარაგაულელ ექიმებს, რომლებიც შემდგომ აქ რამდენიმე წელი იმუშავებდნენ. სამწუხაროდ, ეს იდეა ვერ განხორციელდა. ვიცნობ რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებმაც, უსახსრობის გამო რეზიდენტურაში სწავლა რამდენჯერმე გადაავადეს.
კორონავირუსის პანდემიამ, ორი წელია, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. „უხილავ მტერთან“ ბრძოლის წინა ხაზზე აღმოვჩნდით. აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი გვეუბნებოდა, კაცობრიობას ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება დაღუპავს და 21-ე საუკუნე ვირუსების საუკუნე იქნებაო. მისგან მახსოვს, ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო გზა კარანტინიაო. ამ წესს, სამწუხაროდ, არ ვიცავთ.
ხშირად ჩემზე გული წყდებათ, – უხეშად იცის თქმაო. ახლა მოფერების დრო არ არის. ყველაზე ძვირფასი და შეუფასებელი ადამიანის სიცოცხლეა და ამას მოქალაქეობრივი შეგნებითა და პასუხისმგებლობით უნდა გავუფრთხილდეთ. განსაკუთრებული აუცილებლობა თუ არ არის, გარეთ ნუ გამოხვალთ.
თუ პირბადე არ გინდა, იმუნიზაცია არ გინდა, – ვირუსი ისე არ დამარცხდება. სამშობლო მარტო მიწა არ არის, ჩვენი ხალხია და ერთმანეთს ამ მიწაზე მცხოვრები ხალხი უნდა მოვუფრთხილდეთ.
კორონავირუსი მეც გადავიტანე. ეს ფაქტი მოულოდნელი არ იყო, რადგან ორი წელია, ამ ვირუსით ინფიცირებულ ათასობით პაციენტთან მიწევს გამოძახებაზე მისვლა. დისკომფორტი რომ ვიგრძენი, მორიგეობა მაშინვე გავცვალე და ტესტი ავიღე. გზაში დამეწია პასუხი, რომ კოვიდზე დადებითი ვიყავი. სახლში ვიმკურნალე, რეკომენდაციების გათვალისწინებით.
– ბორითის ამბულატორიის ექიმი ბრძანდებით. როგორც სოფლის ოჯახის ექიმი, როგორ შეაფასებთ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზოგადად. რისი გაუმჯობესება გჭირდებათ, როგორც სოფლის ექიმს, საქმიანობაში იმისთვის, რომ მეტად იზრუნოთ პაციენტებზე, მუდმივად იყოთ ამბულატორიაში; რათა სამომავლოდ, დაავადებათა პრევენცია პრიორიტეტულად იქცეს და ჰოსპიტალურ სექტორზე უზარმაზარი დანახარჯი არ გვქონდეს.
– იდეაში, ოჯახის ექიმის პროგრამა საუკეთესოა. თუმცა, მისი ადგილზე განხორციელება, ძალიან რთულია. ქალაქებში ოჯახის ექიმი ლოკალურ ადგილზე ემსახურება პაციენტებს, ჩვენსავით 15-20 კილომეტრის გავლა არ უწევს ფეხით. ავტომობილიც რომ მყავდეს, ფიზიკურად ვერ მოვასწრებ, პაციენტებს ერეთაში, ბორითში, უბისაში, საქასრიაში სრულყოფილად მოვემსახურო.
სულ ვამბობ, ამ პრობლემის მოგვარების გზა არის ზონალურად პოლიკლინიკების შექმნა. იქ ადგილზე, მორიგეობით იქნებიან სხვადასხვა პროფილის ექიმები, რომლებიც უფრო ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას გაწევენ.
საზოგადოების ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას რაც შეეხება, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან მიგრაცია მაღალია და ხარაგაულის სოფლებში, უმეტესად, საშუალო და უფროსი ასაკის მოსახლეობა ცხოვრობს. მათ ჯანმრთელობის მეტი პრობლემა აქვთ.
ჩვენ, ქართველები, ყველაფრისთვის ვიხარჯებით. თუმცა, სანამ ძალიან არ გაგვიჭირდება, საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას არ ვაქცევთ. ექიმთან პრევენციისთვის თითქმის არავინ მოდის.
ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში უმთავრესია ნდობა. ჩემთან რომ მოხვედი, უნდა მენდო და დამიჯერო. ახლა სამედიცინო პერსონალის მიმართ ყველა, რატომღაც, ჩასაფრებულია. დამერწმუნეთ, მე და ჩემს კოლეგებს ნორმალურად არ გვძინავს, სანამ პაციენტს ბოლომდე არ გამოვაჯანმრთელებთ.
სამედიცინო მომსახურება სახელმწიფოსგან 100%-ით უნდა ფინანსდებოდეს. ვერ წარმომიდგენია, ექიმი ავადმყოფს ფულზე ელაპარაკებოდეს. მედიცინა ბიზნესად არ უნდა გადაექციათ. ამან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. წლების წინ ერთი ჩემი მეგობარი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა იმის გამო, რომ ანევრიზმის ოპერაცია უფულობის გამო ვერ გაიკეთა. არადა, რამდენიმე ათეული წლის წინ ასეთ პაციენტს დიაგნოზის დასმისთანავე საოპერაციოში წაიყვანდნენ. ბოლო წლებია, რაც სახელმწიფო დაზღვევის სისტემა დაინერგა. რაღაცები სასიკეთოდ შეიცვალა, მაგრამ ბევრი რამ მაინც დასახვეწია.
– თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ. რამდენად ყურადღებიანი მეუღლე და მამა ხართ?
– მამაჩემი სულ სამსახურში იყო და სახლში იშვიათად ვხედავდი – დილაადრიან მიდიოდა და გვიან ბრუნდებოდა. მინდოდა, მამა სულ ჩემთან ყოფილიყო. ახლა მას მე დავემსგავსე – უფრო მეტად სამსახურში ვარ. ამიტომ შვილები სულ მენატრება. საკუთარ ოჯახზე ბევრი საუბარი არ მიყვარს. ჩემთვის ოჯახი ერთი დიდი ციხესიმაგრეა, რომლის ფუნდამენტს ქალი, დედა ქმნის. ჩემი ოცნებაა, რომ მეგობრები ოჯახებით ერთად შევიკრიბოთ. იმედია, ამის შესაძლებლობა მოგვეცემა.
ჩემთვის დედმამიშვილები არის ყველაზე დიდი სიძლიერე. უძვირფასესია დედა, მამა. თუმცა, არსებობს დედინაცვალი და მამინაცვალი. დედმამიშვილის ნაცვალი კი არ არსებობს – დას და ძმას უმდიდრეს ქართულ ენაშიც კი სხვა შესატყვისი არ აქვს.
ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანშია უფალი. საკუთარ თავში უნდა ნახო ძალა და ყველას სიყვარულით შეხედო. ამას თუ მივაღწევთ, მართლა ბედნიერი ერი ვიქნებით.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.