„მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მიაღწიონ კონკრეტულ სფეროში დასახულ მიზანს. თვითმმართველობებმა საბიუჯეტო სახსრები ეფექტურად უნდა მართონ“, – აღნიშნულია „მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით კიკნაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეს ანგარიში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოუგზავნა და დეპუტატებისთვის მისი გაცნობა დაავალა; ასევე რეკომენდაციებზე თვითმმართველობისგან გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

ამჟამად საკრებულოში სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გასაგზავნ წერილს ამზადებენ.

საკრებულომ ამ ანგარიშის გაცნობის შემდეგ რეგლამენტში ცვლილება შეიტანა და დაადგინა, რომ მუნიციპალური ააიპ-ები ანგარიშებს საკრებულოს წარუდგენენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოში ააიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი ცალკე კომისიის შექმნა მოითხოვა. მის წინადადებას საკრებულომ მხარი არ დაუჭირა. დეპუტატების განმარტებით, საკრებულოში ააიპ-ების მუშაობის ანგარიშების განხილვისას ნებისმიერ დეპუტატს აქვს კითხვის დასმის შესაძლებლობა, ასევე ამ ორგანიზაციებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება.

თორნიკე ავალიშვილი მიიჩნევს, რომ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაში“ 182 თანამშრომელი არ არის საჭირო. მისი თქმით, სოფლებში დასაქმებულია 34 პირი, რომლებსაც ნარჩენების შეგროვება ევალებათ. „დაბა ხარაგაულის ქუჩებს 14 მეეზოვე ასუფთავებს. მათი ანაზღაურება 440 ლარია, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი, – გაუგებარია, რას აკეთებს მეეზოვეზე მეტს ამ სამსახურში დასაქმებული უსაფრთხოების მენეჯერი, რომლის ხელფასი ათას ლარზე მეტია?!

საინტერესოა, ანგარიშების ჩაბარებისას დირექტორები როგორ დაასაბუთებენ კონკრეტული შტატის საჭიროებას. ჩვენ ვაპირებთ თითოეული დასაქმებულის უფლება-მოვალეობისა და იმ შედეგის შესწავლას, რაც მათი მუშაობით ხარაგაულის მოსახლეობამ მიიღო. საკრებულომ თავისი პოზიციები და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლი უნდა გააძლიეროს“.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 20 მუნიციპალიტეტში და მათ შორის ხარაგაულში, დაფუძნებულია ისეთი ააიპ-ები, რომლების საქმიანობის სფეროც, მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებში გვხვდება და სხვაგან ანალოგიური ფუნქციების ორგანიზაციები არ არის შექმნილი. ამ ორგანიზაციების შექმნის ობიექტური აუცილებლობა დასაბუთებული არ არის.

რომელი ააიპ-ები მიაჩნია ხარაგაულში ასეთად, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მერის პირველ მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ. ის ამბობს, რომ, შესაძლოა, სახელმწიფო აუდიტი საგამომცემლო საქმიანობის ფუნქციის მქონე ააიპ-ს გულისხმობდა. თუმცა, მისივე თქმით, მსგავსი ორგანიზაციები სხვა მუნიციპალიტეტე2ბშიც ფუნქციონირებს.

„ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ ის, რომ ცვლილებებს ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობის“ ცენტრში ვგეგმავთ“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ააიპ-ების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის“ შესახებ ხარაგაულის თვითმმართველობისგან მომზადებულ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნილ პასუხს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მოპოვებისთანავე გაცნობებთ.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე 
თვითმმართველობამ საბიუჯეტო სახსრები ეფექრტურად უნდა მართოს – სახელმწიფო აუდიტის სამსახური