სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

ამ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხშირად ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში საერთო პროფილის რამდენიმე ააიპ გვხდება. მსგავსი სურათი განსაკუთრებით დამახასიათებელია კულტურის, განათლების, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებისთვის. ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსგავს ფუნქციებს ასრულებენ, ცალ-ცალკეა განსაზღვრული ადმინისტრაციული პერსონალი (დირექტორი, დირექტორის მოადგილეები და ა.შ.). ააიპ-ების დაყოფა სათანადო დასაბუთების გარეშე ფინანსური რესურსების არაეფექტიან ხარჯვას იწვევს.

მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მიაღწიონ კონკრეტულ სფეროში დასახულ მიზანს. ამდენად, ააიპ-ების დაფუძნება და მათზე დაფინანსების გაცემა, ხშირ შემთხვევაში, არ არის საკმარისად გაანალიზებული. სათანადოდ არ იგეგმება, თუ რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს და რა თანმიმდევრობით, როგორი უნდა იყოს მიმდინარე ამოცანები კონკრეტულ სფეროში საბოლოო მიზნის მისაღწევად.

შედეგად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ააიპ-ის დაფუძნების იდეამ არ გაამართლა და საჭირო გახდა მისი ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ან ორგანიზაცია აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა მისი საქმიანობის შედეგები არაეფექტიანია.

მთლიანობაში, 2014-2019 წლებში დასახული მიზნების მიუღწევლობის მოტივით 169 იურიდიული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ  მათ დაფინანსებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61,6 მლნ ლარი არის გადახდილი. შესაბამისად, აღნიშნული თანხები შესაძლებელია შეფასდეს როგორც არაეფექტიანი ხარჯი.

მუნიციპალურ ააიპ-ებში წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა  ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვა არ ეფუძნება სათანადო გათვლებს. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობები ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ახორციელებენ ააიპ-ების ლიკვიდაცია/გაერთიანებას, 2014-2019 წლებში ადმინისტრაციული პერსონალი 25%-ით, ხოლო ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება 71%-ით არის გაზრდილი.

მერიებიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული იყო 40 074 კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლისთვის 17 932 დასაქმებულით გაიზარდა და 58 006 კაცი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 2014 წლიდან 2019 წლამდე დასაქმებულთა რაოდენობა 40 900 კაცით გაიზარდა, ხოლო ააიპ-ებში იმავე პერიოდში ზრდამ ჯამში 18 500 კაცი შეადგინა, რაც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის 45%-ია.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სექტორში 2019 წლის მონაცემების მიხედვით დასაქმებულია 299 700 ადამიანი, შესაბამისად, მუნიციპალიტეტების ააიპ-ებში მომუშავეთა რაოდენობა მთლიანად სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 20.5%-ს შეადგენს.

თვითმმართველობებს ორგანიზაციების საშტატო რიცხოვნობის დამტკიცების დროს არ აქვთ გაკეთებული სათანადო გათვლები, სადაც დასაბუთებული იქნებოდა თითოეული დაქირავებულის საჭიროება. შედეგად, ააიპ-ებში არ აქვთ მოსამსახურეთა თანამდებობის შესაბამისი სამუშაო აღწერილობები, სადაც განსაზღვრული იქნება თითოეული დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები.

ამასთანავე, ზოგიერთი დასაქმებულის შესასრულებელი სამუშაოები  გაურკვეველია, ასევე ხშირია ფუნქციების დუბლირების შემთხვევები, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად საერთოდ არ არის დატვირთული.

ააიპ-ებზე დაფინანსება გაცემულია ზოგადი დაგეგმვის საფუძველზე, განსაზღვრული არ არის კონკრეტული მიზნები და პროგრამის შესრულების შეფასების ინდიკატორები. მუნიციპალიტეტები არ ზომავენ სუბსიდიებზე დახარჯული თანხების ეფექტიანობას. დაგეგმვაში არსებული ხარვეზები გავლენას ახდენს პროგრამის ეფექტიანად განხორციელებაზე, ხელს უშლის მუნიციპალიტეტს, ჩაატაროს პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგი და შეაფასოს მიღწეული შედეგები.

ააიპ-ების უმეტესობა დამფუძნებელს არ წარუდგენს ანგარიშს საქმიანობის შედეგების შესახებ ან წარდგენილი ანგარიში ფორმალური ხასიათის არის და არ ასახავს შედეგების მიმოხილვასა და ანალიზს. საქმიანობის ანგარიშებზე დაყრდნობით მუნიციპალიტეტმა უნდა განიხილოს ააიპ-ების წლიური შედეგები და შეაფასოს საქმიანობა. აღნიშნული ხარვეზი მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტების მხრიდან არ არის დაწესებული შესაბამისი კონტროლი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ააიპ-ების განვითარებას და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.

20 მუნიციპალიტეტში (ხარაგაული, სამტრედია, საჩხერე, ოზურგეთი, ჩოხატაური, რუსთავი, ფოთი, თეთრიწყარო, მცხეთა, ლენტეხი, ცაგერი, ხონი, ახალციხე, ყვარელი, წყალტუბო, გარდაბანი, ზუგდიდი, ბათუმი, ლანჩხუთი, ახალქალაქი) დაფუძნებულია ისეთი ააიპ-ები, რომლების საქმიანობის სფეროც,  მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებში გვხვდება და სხვაგან ანალოგიური ფუნქციების ორგანიზაციები არ არის შექმნილი. მაგალითად, ააიპ „ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი“, ააიპ „საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და საერთაშორისო კონტაქტების ცენტრი“, ააიპ „ფოთის სოციალური კვლევის ცენტრი“, ააიპ „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ეკოლოგიური განვითარების ცენტრი“, ააიპ „გენდერული თანასწორობის ორგანიზაცია“, ააიპ „თეთრიწყაროს განვითარების ფონდი“, ააიპ „მცხეთის ინვესტიციებისა და ჰუმანეტარული პროექტების გაერთიანება“, ააიპ „მეგობრობის ცენტრი“ და სხვ.

ასეთი ააიპ-ების დაფინანსებაზე 2014-2019 წლებში 28 287 300 ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტების მხრიდან არ არის დასაბუთებული აღნიშნული ორგანიზაციების შექმნის ობიექტური აუცილებლობა.

2014-2019 წლის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით 11 მუნიციპალიტეტში შექმნილია ააიპ-ები, რომელთა ფუნქცია არის მოსახლეობაში ადგილობრივი მნიშვნელობის ინფორმაციის გავრცელება. ჯამში ამ დაწესებულებების ფუნქციონირებაზე დახარჯულია 2 265 500 ლარი.

აღსანიშნავია, რომ იმავე თვითმმართველობებში შექმნილია კერძო ორგანიზაციები, რომლებიც აწვდიან მოსახლეობას მსგავსი ტიპის ინფორმაციას. შესაბამისად, აღნიშნული ააიპ-ების დაფინანსება ადგილობრივ მცხოვრებლებს მნიშვნელოვანი დამატებითი სერვისით ვერ უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებს აქვთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთ სტრუქტურაში გაერთიანების კარგი პრაქტიკა. კერძოდ, თავდაპირველად მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები ცალკე იურიდიულ პირებად დაარეგისტრირეს, ყველას ჰქონდა დამოუკიდებელი ადმინისტრაცია და თვითონ განსაზღვრავდა ბაღის მართვის პოლიტიკას.

თვითმმართველობებმა მათ ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებები გააერთიანეს და თითოეულ მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ერთი ააიპ, რომელსაც მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქვს სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიწოდების ერთგვაროვანი პრაქტიკა.

აღნიშნულმა პროცესმა გაამარტივა ბაღების მართვა, შესაძლებელი გახადა ყველა დაწესებულებაში ერთიანი პოლიტიკის გატარება და შეამცირა ადმინისტრაციული ხარჯები. კარგი პრაქტიკა გვხვდება, ასევე თვითმმართველ ქალაქებში ინფრასტრუქტურული ააიპ-ების გაერთიანების კუთხით. კერძოდ, თბილისსა და ქუთაისში შეინიშნება ტენდენცია, როდესაც სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის მიზნით შექმნილი ააიპ-ები ერთ ორგანიზაციად ერთიანდება. ა

ღნიშნული ამცირებს ადმინისტრაციულ დანახარჯებს და დაწესებულებების მართვას უფრო ეფექტიანს ხდის. ამ მხრივ თბილისის და ქუთაისის გამოცდილება შესაძლებელია სხვა მუნიციპალიტეტებმაც გაიზიარონ.

სახელწიფო აუდიტმა მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოების მიმართ შემდეგი რეკომენდაციები გასცა:

  • მუნიციპალიტეტების აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შეისწავლონ, ემყარება თუ არა ააიპ-ის შექმნა რეალურ საჭიროებებს და რამდენად არის ცალკე იურიდიული პირის დაფუძნება და ფუნქციონირება საუკეთესო ალტერნატივა მოსახლეობისთვის კონკრეტული სერვისების მისაწოდებლად;
  • ააიპ-ების საქმიანობის დაგეგმვის და მართვის პროცესში იხელმძღვანელონ ხარჯთეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე;
  • შეისწავლონ მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკადრო პოლიტიკა, განახორციელონ  ააიპ-ში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი, შეაფასონ იდენტური ფუნქციების მქონე საშტატო ერთეულების არსებობის მიზანშეწონილობა და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია.
    აღნიშნული ხელს შეუწყობს ააიპ-ების ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სისტემის  გაუმჯობესებას;
  • ააიპ-ების საქმიანობაზე კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია იურიდიული პირებისთვის ზუსტად განისაზღვროს დასახული მიზნები და შესასრულებელი ამოცანები, რათა გაზომვადი კრიტერიუმებით იყოს შესაძლებელი ააიპ-ის საქმიანობის შეფასება.ამასთანავე, ორგანიზაციების დაფინანსება უნდა ხორციელდებოდეს დასახული მიზნების შესაბამისად, შესრულებული გათვლების საფუძველზე. სათანადო კონტროლის სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს იურიდიული პირების საქმიანობის შედეგების გაუმჯობესებას და მუნიციპალური ფინანსების ეფექტიან ხარჯვას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში თვითმმართველობებს გაუგზავნა, რეკომენდაციების გასათვალისწინებლად.

რას ფიქრობენ ამ ანგარიშთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში, გაეცანით სტატიაში „ხარაგაულის საკრებულო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის პასუხს ამზადებს“.