ექიმ თინა მჭედლიძის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა.

თინა ექიმი ოთხ ათეულ წელზე მეტი ხარაგაულელთა ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე იდგა. ხარაგაულის საავადმყოფოში ის თერაპევტად მუშაობდა, იყო ხარაგაულის რაიპოლიკლინიკის მთავარი ექიმი, მორიგე ექიმი – ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში. 2012 წლიდან თინა მჭედლიძე ბაზალეთის საექიმო ამბულატორიის ექიმად მუშაობდა.

მისი გახსენება კოლეგებს, ახლობლებსა და პაციენტებს ვთხოვეთ.

ზაური ჭუმბურიძე, ხარაგაულის საავადმყოფოს ქირურგი: -თინიკო ძალიან კეთილშობილი ადამიანი იყო. საუკეთესო თერაპევტი და ხელმძღვანელი. თავისი საქმე ძალიან უყვარდა და უტყუარ დიაგნოზს სვამდა. ის თავდაუზოგავი დედა იყო თავისი ერთადერთი შვილისთვის. ღმერთმა სიკეთე მისცეს იმქვეყნად. გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის დაკარგვა.

მარინა ცუცქირიძე, ექთანი: -თინა ექიმი სათქმელს ყოველთვის პირდაპირ გეტყოდა. პირფერობა არ შეეძლო. პაციენტების მიმართ უაღრესად ყურადღებიანი და გულიანი იყო. ათეული წლები მის გვერდით გავატარე.

პოლიკლინიკის მთავარ ექიმად რომ მუშაობდა, მე პერიოდულად თბილისში მიხდებოდა საქმიანობა. ზოგჯერ, სხვადასხვა მიზეზის გამო, თბილისიდან ვეღარ ჩამოვდიოდი. დამირეკავდა და მეტყოდა, არაფერი ინერვიულო, შენს საქმესაც მე გავაკეთებ, აქ არაფერი გაფუჭდებაო.

პაციენტისთვის საკუთარ საქმეს გადადებდა. ყველას გასაჭირი გულთან მიჰქონდა. ბოლოს, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სახლში იღებდა ბაზალეთის თემის მოსახლეობას, რომლებსაც ფორმა #100 ან ბიულეტინი სჭირდებოდათ.

გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ბაზალეთის ამბულატორიაში მოვიდა. პაციენტები ელოდნენ, საბუთები მოაწესრიგა. მერე ყველაფერი თავისი ხელით მიალაგა… დღემდე მიჭირს მის სამუშაო მაგიდასთან მისვლა. ნათელი დაადგეს თინა ექიმის სულს.

თინა მჭედლიძის თანაკლასელი ზიური დევდარიანი იხსენებს, რომ თინა თანაკლასელებს შორის იუმორითა და ხალისიანობით გამოირჩეოდა. „მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, – ამბობს ზიური დევდარიანი, – 2018 წელს სკოლის დამთავრებიდან 50 წლისთავი აღვნიშნეთ. მაშინ თინიკომ ბევრი იხუმრა და გვაცინა. გულდასაწყვეტია, მასზე წარსულ დროში რომ გვიწევს საუბარი“.

ექიმის ყველაზე დიდი ჯილდო მადლიერი და გამოჯანმრთელებული პაციენტია. ასეთები კი ძალიან ბევრნი არიან.

ღარიხევში მცხოვრები თამარ გელაშვილი ამბობს, რომ თინა ექიმთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდა. „ძალიან კარგი პიროვნება იყო. ტელეფონზე ნებისმიერ დროს გაგაგონებდა და სათანადო დახმარებას გაგიწევდა, – იხსენებს თამარი, – ჩემი შვილები სულ თინა ექიმთან დამყავდა და მისგან დანიშნული მკურნალობით ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

ბევრი რამის გახსენება შეიძლება. სხვათაშორის, არ უყვარდა, როცა აქებდნენ. თავის საქმეს ყოველთვის გულმოდგინედ ასრულებდა. აქედან კიდევ ერთხელ ვეტყვი, მადლობა, თინა ექიმო“.

ნინო კაპანაძე