მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას უწყლობა, უგზოობა, უტრანსპორტობა აწუხებს. „თქვენ რას შეეკითხებოდით ხარაგაულის მერს“, – „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე ამ მიმართვას 200-მდე შეკითხვა მოჰყვა. მოქალაქეებისგან დასმული შეკითხვებით მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„ამ ზაფხულს 24-საათიანი წყალმომარაგებითა და კეთილმოწყობილი
საავტომობილო გზით უნდა შევხვდეთ“
– ბატონო კობა, ქეთევან სხილაძე და ლელა ბარბაქაძე კითხულობენ, – როდის დასრულდება ხარაგაულში წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო არხების მოწყობა, რომლის გამოც ორი წელია, ქუჩები გადათხრილია და ცუდ ამინდში გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება როგორც ფეხით, ისე ავტომანქანით.
– ხარაგაულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 24-საათიანი წყალმომარაგება და გამართული საკანალიზაციო სისტემა. ხარაგაულში წყალმომარაგების ორი სისტემა ეწყობა – ერთია ლეღვნის წყალსადენიდან გამომავალი და მეორე – ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული ჭაბურღილებიდან.
პატარა ხარაგაულში მოწყობილი ახალი რეზერვუარიდან წყალს მოსახლეობა იმ დროს მიიღებს, როცა ლეღვნიდან წყლის მოწოდება გაჭირდება. მოგეხსენებათ, ლეღვანში წყლის სათავე ნაგებობა არ იცვლება და წვიმიან ამინდში ისევ ამღვრეული წყალი წამოვა. ამ დროს ჩვენ წყალს პატარა ხარაგაულიდან მივიღებთ.
კანალიზაციის ცენტრალიზებული სისტემისა და წყალმომარაგების ორივე მიმართულებით მშენებლობის დასრულებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მარტის ბოლოსთვის დაგვპირდნენ.
ამ სამუშაოების დასრულებისთანავე კომპანია „ბლექ სი გრუპი“ დაბა ხარაგაულში ასფალტის დაგებას დაიწყებს. ასე რომ, ზაფხულს ჩვენ 24-საათიანი წყალმომარაგებითა და კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით უნდა შევხვდეთ.
საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა გაგრძელდება, რაც ცენტრალურ მაგისტრალზე მოსახლეობის დაერთებას და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. თუმცა, ეს სამუშაოები დ. ხარაგაულში ცენტრალური გზის მოასფალტებასთან კავშირში არ არის.
„ძირულას ხეობის სოფლებში, ავტობანის მშენებლობის დასრულებამდე,
გაზიფიცირება ვერ დაიწყება“
– გაზიფიცირება ძალიან მტიკვნეული საკითხია მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლის მოსახლეობისთვის. თამრიკო სახვაძე კითხულობს, ეღირსება კი ოდესმე ხარაგაულის სოფლებს გაზიფიცირება. კონკრეტულად რა ნაბიჯებს დგამთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ ხარაგაულის სოფლების გაზიფიცირება დაჩქარდეს? 2022 წელს მხოლოდ ხუთი სოფლის გაზიფიცირება განხორციელდება, თუ გვქონდეს კიდევ სოფლების დამატების იმედი?
– პარლამენტარობის დროს, კოლეგებთან ერთად, გაზიფიცირების დაჩქარება კატეგორულად მოვითხოვე. მაშინ გაზიფიცირებისთვის წელიწადში 20 მლნ ლარი იხარჯებოდა. ამ თანხის 50 მილიონამდე გაზრდას ვითხოვდით. პასუხისმგებელმა პირებმა გვიპასუხეს, – ამ მიმართულებით დაფინანსება რომ გავზარდოთ, საქართველოში არ არიან იმ რაოდენობის სპეციალისტები, ამ თანხის ათვისება რომ შეძლონო.
გაზიფიცირებისთვის საჭირო წინასაპროექტო სამუშაოები ხარაგაულის ყველა სოფელში ჩატარებულია. პროექტირებაზე როდის გადავალთ, ამის პროგნოზირება მიჭირს. ძირულას ხეობის სოფლებში, სანამ ავტობანის მშენებლობა არ დასრულდება, გაზიფიცირება ვერ დაიწყება.
ამჟამად გაზიფიცირებისთვის მეტი პერსპექტივა აქვს საღანძილეს, სარგვეშს, ღორეშას, კიცხის ზონის სოფლებს. ბორში დღის წესრიგში პანსიონის გაზიფიცირების საკითხი დგას. ყველა შეხვედრაზე ვსვამ ამ საკითხს ცენტრალური ხელისუფლების წინაშე და თუ რამე მოსახლეობის სასიკეთოდ შეიცვალა, გაცნობებთ.
– ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა უგზოობაა. თქვენს მიმართ მოქალაქეებისგან დასმული შეკითხვების დიდი ნაწილი მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციას ეხება. გიორგი მაღრაძე გეკითხებათ, როდის დამთავრდება ძირულიდან მოლითამდე მშენებარე საავტომობილო გზა და როდის დაიწყება მოლითი–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა.
– ძირულა-მოლითის მონაკვეთზე რამდენიმე პრობლემური მონაკვეთია. „ბლექ სი გრუპის“ მუშაობით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. როგორც კი სამუშაო კლიმატი გაუმჯობესდება, ძირულასა და ლაშეში პრობლემური ადგილები მოასფალტდება.
თავად დაბაში ვთქვი, რომ გზა ზაფხულისთვის უკვე კეთილმოწყობილი იქნება. ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან ბაბის შესასვლელამდე გზა მოასფალტებულია. თუმცა, გადასაგებია მეორე პირი, მოსაწყობია საყრდენი კედლები, გვერდულები, საგზაო ნიშნები და სხვ.
ბაბიდან ფონამდე გზა კატასტროფულ მდგომარეობაშია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში მითხრეს, რომ მუშაობენ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკორდთან“ ხელშეკრულების გაწყვეტაზე. თუმცა, ამ პროცედურების დასრულების ზუსტი დრო ვერ მითხრეს.
ხელისუფლების ვალდებულებაა, მოქალაქეებს მოწესრიგებული გზა ჰქონდეთ. ცოტაც მოვითმინოთ და ხარაგაულში ჯერ არნახული ხარისხის და მასშტაბის გზა გვექნება.
„დიდვაკის ხიდის რეაბილიტაცია წელს ვერ მოხერხდება“
თეიმურაზ ბერაძე: – როდის აღდგება დაზიანებული საავტომობილო ხიდი დიდვაკეში?
– 2019 წელს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციოდ ცენტრალურმა მთავრობამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 5 მლნ ლარი გამოუყო. მაშინ პარლამენტარი ვიყავი და ამისთვის ბევრი ვიბრძოლე. ეს თანხა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვერ აითვისა და ცენტრალურმა ბიუჯეტმა უკან დაიბრუნა.
მოწადინებული ვართ, რომ დიდვაკეში საავტომობილო ხიდი აღდგეს. თუმცა, მისი მშენებლობა, სავარაუდოდ, ერთი მილიონი ლარი დაგვიჯდება. ამიტომ პრიორიტეტები უნდა განვსაზღვროთ. ხვალვე რომ გადავდგე და ხარაგაულის აღმასრულებელი ხელისუფლება შეიცვალოს, ამ პრობლემებს ახალი ხელისუფლება ერთდროულად ვერ გადაწყვეტს.
მოქალაქის პრეტენზია ყოველთვის სამართლიანია. თუმცა, არაგონივრულ მოთხოვნას ვერ შევასრულებ. დიდვაკის ხიდს უყურადღებოდ არ დავტოვებ – შედეგი ადრე თუ გვიან მიიღწევა, მაგრამ წელს ამ ხიდის რეაბილიტაცია ვერ მოხერხდება.
„ააიპ-ების მონიტორინგს ვიწყებთ“
გვანცა: – ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის დასაქმებაა, დაიცალა რაიონი. სოფლებს ახალგაზრდები კი არა, უკვე ასაკოვანი ადამიანებიც ტოვებს. რა გეგმა გაქვთ მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით?
– მოდით, ჯერ იმაზე ვისაუბროთ, რომელ სამუშაო ადგილებზეც მოთხოვნაა, იმას თუ იყენებენ ხარაგაულელები.
სამი ათასამდე ხარაგაულელი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა დასაქმებული. დიდი მოთხოვნაა შემდუღებლებსა და მძიმე ტექნიკის ოპერატორებზე. თუმცა, მოქალაქეების მხრიდან ნაკლები ინტერესია. ფულადი სოციალური შემწეობის მიმღები პირები, თუ დასაქმდებიან, ერთი წლის განმავლობაში დახმარება არ მოეხსნებათ.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სხვადასხვა საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველები უნდა დავასაქმოთ; მაგალითად, ხარაგაულში, 120 ასეთ ადგილს ვამზადებთ – სანიაღვრე არხების მომვლელი, მებაღე, ოფისში მომუშავე, სათნოების სახლიდან ბენეფიციარებამდე საჭმლის მიმტანი და სხვ. ისინი სოციალური შემწეობის შენარჩუნებით იმუშავებენ.
კონკურსებსაც ვაცხადებთ საჯარო სამსახურებსა და თვითმმართველობისგან დაფუძნებულ ააიპ-ებში. ვიწყებთ ააიპ-ების მკაცრ მონიტორინგს, რომ გამოჩნდეს, რაში ვუხდით ხელფასს კონკრეტულ დასაქმებულს. თუ ის თავის ვალდებულებას ვერ ასრულებს, სამსახურს დატოვებს.
„ხარაგაულში ბევრი ბუნებრივი რესურსი აუთვისებელია“
ლაშა წიქარიშვილი: – ეკონომიკის რომელი დარგების განვითარება იქნება პრიორიტეტი მომავალში ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის?
– ხარაგაული ინდუსტრიული ცენტრი არასდროს ყოფილა. ახალი მცირე საწარმოების, კოოპერატივების განვითარების კუთხით ხარაგაული ყველაზე ნელი ტემპით მიდის წინ. ბევრი ბუნებრივი რესურსი აუთვისებელია. ხარაგაულში საჭიროა ინიციატივიანი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამებში რეალური პროექტებით ჩაერთვებიან.
კიცხში რძის გადამამუშავებელმა საწარმომ ვერ იმუშავა. ამ დროს, პასტერიზებულ რძეზე მოთხოვნა იზრდება. ეს საწარმო რომ მუშაობდეს, კიცხის ზონაზე მცხოვრები მოსახლეობა რძეს ხელსაყრელ ფასად ჩააბარებს. ვფიქრობთ, ახლებური ხედვებია საჭირო.
კიცხში მეორე კოოპერატივი კარგად მუშაობს. ხარაგაულში გამართულია ჩაისა და სოკოს გადამამუშავებელი საწარმო. ერთ-ერთ ბიზნეს ჯგუფს სერიოზული გეგმები აქვს ხარაგაულში ბეტონის ქარხნის გახსნაზე. სასმელი წყლის ჩამოსხმის კუთხით ინიციატივა გაჩნდა.
სამთავრობო დონეზე დგას საკითხი, რომ იმ ლიცენზიანტებმა, რომლებმაც ლიცენზიის პირობები ვერ შეასრულეს, ლიცენზიები ჩამოერთვათ და მის შეძენაზე აუქციონი ხელახლა გამოცხადდეს. ღორეშაში ქვის მწარმოებელი კომპანია „ზოდი“ დატვირთვით მუშაობს.
სახელმწიფოს აუქციონზე გამოტანილი ჰქონდა ბორითის თემში 4 მლნ კბმ გამარმარილოებული კირქვა. არ ვიცი, აუქციონი შედგა თუ არა. აქედან მუნიციპალიტეტი შემოსავალს ერთჯერადადაც მიიღებს და შემდეგ – ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის სახითაც. ასეთი კომპანიები ადამიანებს ასაქმებენ და სამუშაო ადგილებს ქმნიან. ხარაგაული ამ მიმართულებით აუცილებლად განვითარდება.
სერგო არევაძე: – რკინიგზის გატარების გარდა, რეალურად, რა ფუნქცია აქვს ხარაგაულს? რით პოზიციონირდება ქვეყნის თუ მსოფლიოს წინაშე?
– მსოფლიოს წინაშე ხარაგაული განსაკუთრებული და გამორჩეული მეცნიერებითა და საზოგადო მოღვაწეეებით პოზიციონირდება.
არ ვიცი, ამ შეკითხვის ავტორი რკინიგზას ნეგატიურად მოიხსენიებს თუ პოზიტიურად. რკინიგზის მაგისტრალის ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ამის გამო ერთ მილიონ ლარს იღებს ყოველწლიურად, ქონების გადასახადის სახით. ეს თანხა სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს ხმარდება.
განახლებულ რკინიგზას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ნუნისში ტურისტები მოჰყვება. რკინიგზაზე ბევრი ხარაგაულელია დასაქმებული, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
„გავააქტიურებთ მუშაობას იმ ტურისტულ კომპანიასთან,
რომელსაც ბიუჯეტიდან ფულს ვუხდით“
მარინა ბაზღაძე: – რა იგეგმება ნუნისში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ნუნისელებთან დანაპირების შესახებ, ღობეების გაკეთებასთან დაკავშირებით რა ხდება? საერთოდ თუ აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას ტურიზმის განვითარების გეგმა, პროგრამა?
– ნუნისი ყველა სეზონის კურორტად უნდა გადაიქცეს. სოფელ ნუნისიდან კურორტამდე მისასვლელი გზა მობეტონდა. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ნუნისი მთლიანად განვაახლოთ და ქალაქის ტიპის დასახლებად ვაქციოთ. მუნიციპალიტეტში ეს ერთი მარგალიტის თვალი გვაქვს ნუნისის სახით და ტურისტებისთვის მიმზიდველი უნდა გავხადოთ.
მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან შარშან ზვარესა და ნუნისში გზა მობეტონდა. წელს ამ ფონდიდან გამოყოფილი ფინანსები გვინდა ჩრდილის გზას მოვახმაროთ, რადგან იქ რამდენიმე უბანი ტალახში იხრჩობა. ამიტომ ნუნისის განახლებაზე, ღობეების მოწყობაზე, 2023 წლიდან ვიფიქრებთ. შესაძლოა, თუ კონკურსის პირობებს მოვარგეთ, ევროკავშირისგან გამოცხადებულ კონკურსშიც ჩავებათ, ნუნისის კეთილმოწყობისთვის.
ტურიზმის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი იქნება ხარაგაულში წელს კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობა. მარტის ბოლოსთვის პროექტი უნდა გვქონდეს, რომ დაფინანსება მოვიპოვოთ. მოვუწოდებ ჩემს მაკრიტიკებლებს, განსაკუთებით მათ, რომლებიც ხარაგაულის საკრებულოში ოპოზიციური პარტიებიდან არიან წარმოდგენილები, შევქმნათ დამოუკიდებელი კომისია, რომელიც პარკის რეაბილიტაციის პროცესს გააკონტროლებს.
ტურიზმის მიმართულებით ხარაგაულში განხორციელებული აქტივობები არასაკმარისია. ტურიზმის ცენტრის საქმიანობა ხარაგაულის შიგნით ტურიზმის განვითარებისთვის, შესაძლოა, საკმარისია, მაგრამ ტურისტების მოსაზიდად არ კმარა.
ხარაგაული იმერეთის ტურისტულ რუკაზე მყარად უნდა იყოს მონიშნული. ბიუჯეტიდან ფულს ვუხდით კომპანიას, რომელმაც ქუთაისში ჩამოსული ტურისტი ხარაგაულით უნდა დააინტერესოს. თუმცა, ჩვენც მზად უნდა დავხვდეთ.
ამიტომ გვინდა ჩხერის ციხემდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მირონწმინდაში ეკლესიამდე მისასვლელი გზის მობეტონება. იმედია, წელს პანდემია დასრულდება და ახალ აქტივობებს მზად უნდა დავხვდეთ. გავააქტიურებთ მუშაობას იმ ტურისტულ კომპანიასთან, რომელსაც ბიუჯეტიდან ფულს ვუხდით.
ლაშა არევაძე: – ჩვენი მუნიციპალიტეტი მდიდარია ხე–ტყით და ბარათები არ არსებობს, რომ მოსახლეობამ კანონიერად იმუშაოს ტყეში. თუ ფლობთ ინფორმაციას, როდის ამოქმედდება „საქმიანი ეზოები“, რომ მოსახლეობამ სამასალე ხე-ტყის შეძენა ადგილზე შეძლოს?
– უკიდურესად ვარ აღშფოთებული, რომ სატყეო სააგენტოს იმერეთის წარმომადგენლობა ნაკლებ დროს ხარჯავს ხარაგაულში „საქმიანი ეზოს“ მოსაწყობად. ყველაზე დიდი პოტენციალი „საქმიანი ეზოების“ ამოქმედებისა, ხარაგაულს გააჩნია. უახლოეს ხანში ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებ. ვისაც ეს ევალება და არ ასრულებს, კარგად ვერ ექნება საქმე.
„შშმ პირებს, მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან
გამომდინარე ვეხმარებით“
გოგა გოგატიშვილი: – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რა კეთდება:
1) გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ადგილობრივ/მუნიციპალურ დონეზე განხორციელებისთვის/იმპლემენტაციისთვის?
2) შშმ პირთა სტატისტიკური და კვლევითი მონაცემების შესაგროვებლად, რამაც უნდა უზრუნველყოს კონვენციის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; მუნიციპალური პროგრამების/სერვისების შექმნა და ამოქმედება.
3) როგორ მიმდინარეობს ინკლუზიური განათლების პროცესი მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში/საბავშვო ბაღებში? რა პრობლემებია/გამოწვებებია?
– ინკლუზიური მიმართულება სკოლამდელ დაწესებულებაში დანერგილია. აქვთ შესაბამისი გეგმა და ჰყავთ სპეციალისტებიც. გარდა ამისა, ხარაგაულში „თაირისი“, თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, შშმ ბავშვებს სხვადასხვა სერვისს აწოდებს.
მერიაში მოქმედებს სოციალური სამსახური და შშმ პირებს, მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ემსახურება – იქნება ეს ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება, წამლების შეძენა, ერთჯერადი ფულადი დახმარება თუ სხვ. მაქსიმალური ყურადღებით ვეკიდებით იმ ოჯახებს, სადაც შშმ პირია.
ბოლო პერიოდში აგებული ყველა ახალი შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. გვაქვს შშმ პირების მომვლელებისთვის ფინანსური დახმარების პროგრამა. ვფიქრობ, ხარაგაულში ამ ჯგუფებს ხელისუფლებისგან ყურადღება არ აკლია.
ქეთი შარიქაძე: – შშმ პირ ბავშვებს ფულადი სახის დახმარება მინიმუმ ერთხელ მაინც არ უნდა ჰქონდეს წელიწადში? მაგალითად, ქალაქებში ზოგან 800 ლარია,ზოგან 500 ლარი.
– შშმ პირებს, ძირითადად, მათი საჭიროებების მიხედვით ვეხმარებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ერთ შშმ ბავშვს 5 ათასი ლარითაც დავეხმარეთ. უყურადღებოდ არავინ დაგვიტოვებია. არ ვიცი, რომელ მუნიციპალიტეტებშია ასეთი თანხები შშმ პირებისთვის ერთჯერადად განსაზღვრული.
ლაშა არევაძე: – სოფლებში მგლები რომ მომრავლდნენ და მოსახლეობას პირუტყვს უნადგურებენ, რას გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
– მივესალმები ლაშას. გარეული ცხოველი თუ მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და პირუტყვს უნადგურებს, მისი ბუნებიდან ამოღება საკუთარი ძალითაც დასაშვებია. ამ შემთხვევაში უნდა გვაცნობოს, რომ ამოღებული ცხოველი დავარეგისტრიროთ, რომ პოპულაციას საფრთხე არ შევუქმნათ. ხარაგაულში, წელიწადში ექვსი მგელის ბუნებიდან ამოღების ნებართვას გვაძლევენ.
გიო შარიქაძე: – ოდესმე მიექცევა თუ არა ყურადღება სოფლებში მცხოვრებ მოხუცებს, რომლებიც ამ დიდთოვლობის დროს ყველასგან იქნენ მიტოვებულები და მხოლოდ კეთილი ადამიანების მეშვეობით მოხდა მცირედით მათი დახმარება. რაიმე გეგმა თუ გაქვთ მარტოხელა მოხუცების პრობლემის მოსაგვარებლად?
– სოლიდარული ვარ ყოველთვის, როცა ინიციატივიანი ადამიანები გაჭირვებულებს ეხმარებიან. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასეთი მოხუცებისთვის შეშასა და საკვებს ვყიდულობთ. „სათნოების სახლის“ ახალი ხელმძღვანელი ამ მიმართულებით სერვისების დახვეწას გეგმავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია, თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, საზოგადოებრივი სამრეცხაოს მოწყობას აპირებს. მარტოხელა მოხუცების იდენტიფიცირება და მათი საჭიროებების დადგენა ჩემს წარმომადგენლებს აქვთ დავალებული. მათ საჭიროებების მიხედვით, სოციალური პროგრამებიდან ვეხმარებით.
რაც შეეხება მოხუცთა თავშესაფრის მოწყობას, ამას სხვაგვარი ორგანიზება სჭირდება და ერთი ხელის მოსმით ვერ შევძლებთ.
დავით ბარბაქაძე: – თუ აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას ხარაგაულის ურბანული განვითარების გეგმა და რას ითვალისწინებს ეს გეგმა?
– არსებობს ასეთი გეგმა, მაგრამ ძალიან მოძველებულია. ხარაგაული გვინდა გამორჩეულ ტურისტულ ცენტრად ვაქციოთ და ვფიქრობ, განახლებული ურბანული გეგმა დაგვჭირდება. მზად ვარ, ამ კუთხით მცოდნე ადამიანების მხრიდან კონსულტაციები მივიღო.
„ცენტრალიზებული წყლის სისტემის მოწყობას
წყლის რესურსი სჭირდება“
– თეთრაწყაროში მცხოვრები დალი ხარატიშვილი და კიცხში მცხოვრები შმაგი ავალიშვილი უწყლობის პრობლემაზე გვწერენ. სოფლებში ცენტრალიზებული წყლის სისტემების მოწყობას გეგმავთ თუ არა, როდის, რომელ სოფლებში და რა ფინანსებით?
– ცენტრალიზებული წყლის სისტემის მოწყობას წყლის რესურსი სჭირდება. 2021 წელს ხუთი ჭაბურღილი მოვაწყვეთ. წყალაფორეთის ჭაბურღილიდან წყლის დიდი დებეტი მივიღეთ. ეს პროცესი სხვა სოფლებში წელსაც გაგრძელდება.
კიცხში სკოლის მიმდებარედ ვგეგმავთ ჭაბურღილის მოწყობას, რომ წყალი საექიმო ამბულატორიასაც მივაწოდოთ. იმ სოფლებში, სადაც მილები და რეზერვუარები შევუძინეთ და მოსახლეობამ არ გამოიყენა, წელს იქ მსგავ აქტივობებს აღარ განვახორციელებთ.
თეთრაწყაროში, წყლის ცენტრალურ რეზერვუარში, არასამთავრობო ორგანიზაციისგან მოწყობილი ჭაბურღილიდან წყალი უნდა შესულიყო. ეს სისტემა ბოლომდე აღარ მოწესრიგდა და შედეგად ბოქლომდადებული ჭაბურღილი მივიღეთ. ასეთ საკითხებს მეტი დაკვირვება სჭირდება.
თეთრაწყაროში დღეს მოსახლეობის 80% წყალს რეგულარულად იღებს. 20% ვერ იღებს იმ დროს, როცა წყლის დებეტი ნაკლებია. წელს გატარდება ღონისძიებები ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
ჩავერთეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ იაპონიის საელჩოსგან გამოცხადებულ კონკურსში. წყლის ჭაბურღილების მოსაწყობი სპეციალური ტექნიკის შეძენა გვსურდა. ეს საქმეს გაგვიიოლებდა და ჭაბურღილების მოწყობაზე იმაზე ნაკლები ფული დაგვეხარჯებოდა, ვიდრე ახლა ვხარჯავთ.
დარეჯან ბერაძე: – ვახანში ტრანსპორტის დანიშვნა იგეგმება თუ არა ხარაგაულიდან ყოფილ დაწყებით სკოლამდე?
– მუნიციპალური ტრანსპორტი ყველა სოფელში საჭიროა. კონკრეტული სოფლისთვის უნდა დავითვალოთ, რამდენი მგზავრი გადაადგილდება, მათ შორის რამდენი მასწავლებელი იქნება და სხვ. მიზანშეწონილობა უნდა გამოიკვეთოს. ამ საკითხს შევისწავლით, რადგან ვახანი ერთ-ერთი დიდი თემია.
„ქუთაისი-თბილისის მატარებელის აღდგენისთვის ვიბრძოლებ“
– კარგია, რომ ხაშური-ზესტაფონის მიმართულებით რკინიგზელების მატარებლით გადაადგილების უფლება მგზავრებსაც ექნებათ. თუმცა, მოსახლეობა ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მატარებლის აღდგენას ითხოვს.
– ქუთაისი-თბილისის მატარებელი არა მარტო ხარაგაულის მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი. ის ქუთაისელებს, ზესტაფონლებს, ხაშურლებსა და გორელებსაც სჭირდებათ. ეს სოციალური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ტრანსპორტი იყო.
ეს საკითხი სამხარეო საბჭოს სხდომაზე დავაყენე და ჩემს კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოვუწოდე. დადგება, ალბათ, მთავრობის წინაშე და საქართველოს რკინიგზამ, ხალხის ინტერესების შესაბამისად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თუნდაც მათთვის ფინანსურად წამგებიანი მატარებლის აღდგენაზე. ამისთვის ვიბრძვი და ვიბრძოლებ ბოლომდე.
კახა ბუაჩიძე: – რა პრიორიტეტებით ანიჭებთ ადამიანებს „საპატიო ხარაგაულელის“ წოდებას,
მმართველ პარტიას უნდა ეპირფერებოდეს?
– მიმაჩნია, რომ ადამიანები ამ სტატუსს დამსახურებულად იღებენ. თუ მოქალაქეებს ვინმეს წარდგენა სურთ, მათ წინადადებას სიამოვნებით მივიღებ. საპატიო ხარაგაულელებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი საქმიანობით სულაც არ არიან აღფრთოვანებულები, მაგრამ მე მათი დაჯილდოებისგან თავი არ შემიკავებია.
ბაქარი დევდარიანი: – საინტერესოა, როგორ ხედავს ხარაგაულის მერი მუნიციპალიტეტის მომავალს ათი წლის შემდეგ.
– ათი წლის შემდეგ ხარაგაულისკენ სიამოვნებით უნდა მოიჩქაროდეს ყველა, ვინც იმ დრომდე ხარაგაულში არ იქნება ნამყოფი. უახლოეს ხანში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება. მათ შორის, რკინიგზის სადგურიდან და კინოთეატრამდე ყველა შენობა კეთილმოეწყობა. უახლოეს ხანში სავაჭრო ცენტრის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს გვერდით დავუდგებით, რომ შენობების ფასადები გააუმჯობესონ.
ათი წლის შემდეგ ბევრი ღირსეული და ავტორიტეტული პიროვნება ეყოლება ხარაგაულს მსახურებაში; მათ შორის ისეთი, როგორც ბაქარ დევდარიანია. მე მზად ვარ მასთან თანამშრომლობისთვის, ხარაგაულის განვითარების მიმართულებით.
ზურაბ ცერცვაძეს აინტერესებს, ეს ფაქტი რამდენად გახსოვთ – „პრეზიდენტის სასახლეში გავრილოვთან მიღებაზე მიდიოდა, გავაჩერე და ვუთხარი, მანდ აქცია გვაქვს და შესვლისას დაგისტვენენ, სირცხვილია მანდ გამოჩენა-მეთქი…“
ბატონო კობა, თქვენ, როგორც 2016 წლის მოწვევის პარლამენტარი, როგორ აფასებთ უკრაინის საზღვართან რუსეთის გააქტიურებას და რამდენად ხედავთ უკრაინის საზღვართან მიმდინარე პროცესებში საფრთხეს საქართველოსთვის?
– 1988 წლის ნოემბრიდან ეროვნულ მოძრაობაში ჩავები და ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა. მაშინ ჩემს გვერდით ზურაბ ცერცვაძე არ მდგარა. გავრილოვთან შეხვედრაზე რომ მივდიოდი, მისთვის უნდა მეკითხა, რატომ ახდენს რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ჩემი შეკითხვა აღარ გახდა საჭირო, რადგან ირაკლი კობახიძემ სათქმელი არ დაგვიტოვა. თუმცა, ეს ფაქტი არ გაშუქებულა.
უკრაინა-რუსეთის მოსალოდნელ კონფლიქტს რაც შეეხება, რუსეთმა თავისი აგრესიით ბევრი ტკივილი გვაწვნევინა. საქართველოსა და უკრაინის არჩევანია ნატო, რაც რუსეთისთვის მიუღებელია. ჩვენ გვიწევს უსერიოზულეს პოლიტიკურ კატაკლიზმებში ყოფნა, სადაც შეცდომის დაშვება არ შეიძლება. ფრთხილად და მოზომილად უნდა ვიმოქმედოთ. თავგანწირვას რეალური შედეგები ყოველთვის არ მოაქვს. დღეს ევროპა არა მარტო უკრაინის, არამედ თითოეული თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ინტერესებს იცავს.
– ბატონო კობა, თეა კიკნაძე გვწერს: „არჩევნების წინ რომ გვპირდებოდა, პრობლემებს მოვაგვარებო და ყველა სოფელს გზა, წყალი და გაზი ექნებაო, ახლა რატომ არ ასრულებს? მოხუცებს რომ ხელს ართმევდა და აუცილებლად შევასრულებ თქვენს მოთხოვნებსო, როდის შეასრულებთ ამ პირობას?“
– ხარაგაულის 80 სოფლის ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარება შეუძლებელია. პრიორიტეტების მიხედვით, ჯერ სოფლის ცენტრალური გზები დაიგება, მერე საუბნო და შემდეგ ჩიხები. ვაკეთებთ იმას, რისი შესაძლებლობაც გვაქვს, უფრო მეტის, – ვერ წარმომიდგენია.
სოციალურ პროგრამებზე 2021 წელს მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. წელს ორ მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
დონარი ბერიძე: – თუ არჩევნებში აქტიურობით განისაზღვრება ყველა შედეგი, ბორს, თავი არ შეგვირცხვენია, როცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმას გადახედავ, ბორი არსად არის ნახსენები, თითქოს არც კი არის ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. არადა, დაგვპირდით და ველოდებით წყლის, გზის, გაზის, გარე განათების, მოსახლეობაში ინდივიდუალური საჭიროებებისადმი თქვენი დანაპირების შესრულებას.
– ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ქალბატონი დონარის და მისი მეზობლების მოთხოვნები შევასრულო. გზის საკითხი წელსვე მოგვარებადია. წყალმომარაგებას რაც შეეხება, რეზერვუარიდან წყლის მთელ სოფელზე განაწილების მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ. ამიტომ ალტერნატიული რესურსი უნდა ვეძებოთ. ვეცდებით, ეს შესაძლებლობა წელსვე გავაჩინოთ.
– სოფიო ციებაშვილი ინტერესდება, მოქალაქეებს გვეშველება რამეო?
– რიტორიკულად ნათქვამია… იმედი არ უნდა დავკარგოთ და აუცილებლად გვეშველება.
– ბატონო კობა, თქვენი აზრით, რა იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც მოსახლეობის ნაწილში თქვენდამი ნდობა უნდობლობად გადააქცია?
– ჩემთან კონკრეტული თხოვნით მოსული ადამიანი უკან მშრალი პასუხით არასდროს გამისტუმრებია. თუ ვინმე ჩემზე გულდაწყვეტილია, შემომეხმიანოს. არის ინფორმაციები, რომლებიც განახლებას საჭიროებს. ყველა მოქალაქემ თავისი ინტერესებისთვის უნდა იბრძოლოს. 2021 წელს 3 ათასზე მეტ ბენეფიციარს დავეხმარეთ იმ დროს, როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
პოლიტიკოსის შეფასების საკითხი რომ დგება, ადამიანების მხარდაჭერას ვგრძნობ. აბა, საიდან ჩნდება ის ხმები, რომლებსაც არჩევნებში ვიღებ?! ვისაც ჩემი გაკეთებული არ მოსწონს, მოვიდეს და მის აზრს გავიზიარებ.
არ არის პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკა ისე მოწყობილი, რომ საქმე ბრძოლის გარეშე გამოვიდეს. ყველას ვუხსნი კარს, რომ ამ პროცესების თანამონაწილე გახდეს. ყველამ იაქტიუროს ჩემთან და მერიის სამსახურებთან ურთიერთობებში. გადაულახავი და დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს.
ვინც ნდობა გამომიცხადა, მათი ნების წინააღმდეგ ვერ წავალ. თუ ხალხს ჩემი სახელისა და გვარის ხსენებისას მხოლოდ ლანძღვა გაახსენდებათ, რად მინდა ეს სკამი. მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია და ამისთვის მოსახლეობის გვერდში დგომას, მათგან სამართლიან და ობიექტურ კრიტიკას ვითხოვ.
ნინო კაპანაძე
“ჩემი ხარაგაულის” რედაქცია აგრძელებს ფეისბუქზე მოქალაქეებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხების მოპოვებას. ყველა შეკითხვაზე პასუხს ეტაპობრივად იქვე მოგაწოდებთ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი