ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამით Covid-19-ის ხარაგაულში პირველად გამოვლენიდან 3 თებერვლამდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 4212-მდე გაიზარდა. მათგან 3590 გამოჯანმრთელდა, 44 კი გარდაიცვალა.

ამჟამად ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირებული 578 პირიდსნ 27 სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, იანვარსა და თებერვლის პირველ რიცხვებში მათთან ტესტირებისთვის ის მოქალაქეები მიდიან, რომელთაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ, ან ინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფებოდნენ.

„შესაძლოა, სიმპტომიან ადამიანს სწრაფი ტესტით ვირუსი არ დადასტურდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, PCR ტესტსაც აუცილებლად ვაკეთებთ, – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე, – თუ სწრაფმა ტესტმა ვირუსით ინფიცირებაზე ეჭვი გააჩინა, ამ დროსაც PCR ტესტი კეთდება.

უსიმპტომო პაციენტი, რომელსაც Covid-19 გეგმიური ტესტირებისას დაუდასტურდა, ძალიან ცოტაა. 600 მასწავლებლიდან ასეთი გასულ კვირაში 5 იყო.

ეპიდემიოლოგი ყველა დადასტურებული შემთხვევის შემდეგ კონტაქტებს იძიებს და მათ იზოლაციის წესების შესახებ რეკომენდაციებს აწვდის.

ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ინფიცირებულებმა და მათთან კონტაქტში მყოფმა პირებმა გარეთ არ იარონ და სახლში დარჩნენ.

აუცილებელია, ყველამ ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის წესები. რაც ყველაზე მთავარია, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან“.