

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანხმობა მისცა გამგეობას ორი შტატის დამატების თაობაზე. გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, თითო-თითო უფროსი სპეციალისტი დაემატება ბორითისა და ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მისივე თქმით, ორივე ადმინისტრაციული ერთეული გამოირჩევა ტერიტორიული სიდიდით და ამომრჩეველთა რაოდენობით. „ეფექტური მართვისთვის გვესაჭიროება მათი დანიშვნა,“ – აღნიშნა კახა გოლუბიანმა.
დეპუტატმა ჯამბულ გამცემლიძემ მხარი არ დაუჭირა ორი შტატის დამატებას. „რატომ გახდა საჭირო მათი დანიშვნა. გამგებლის წარმომადგენლებიც კი „კუბოზე ყვავილები“ არიან და შტატის დამატება არ მიმაჩნია საჭიროდ. ამიხსენით, რატომ უნდა მივცე ხმა,“ – იკითხა დეპუტატმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა აღნიშნა, რომ „ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში ცხრა სოფელია. საჭიროა, რომ უკეთესი მართვისთვის დაემატოს ერთი შტატი.“
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა და აღნიშნა, რომ „ქამრების შემოჭერაზე“ საუბრისას შტატები და ხარჯი არ უნდა გაიზარდოს.
„ბევრი პრობლემა აქვს მოსახლეობას და თანხები არასაკმარისია. აღსანიშნავია, რომ შტატები იზრდება თანამდებობის პირთა ოჯახის წევრების დასასაქმებლად.
საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, აკაკი მაჭავარიანს, მიუთითებდით, რომ მის სიძეს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად არ უნდა ემუშავა. დღეს კი საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე კეთილმოწყობის სამსახურის უფროსია. ხარაგაულის #2 საბავშვო ბაგა-ბაღის გამგედ დაინიშნა საკრებულოს წევრის, გივი თხელიძის მეუღლე. არც ბატონი კახა გოლუბიანი უნდა მუშაობდეს გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად, რადგან ის გამგებლის მეჯვარეა.
ადრე არ იყო ა(ა)იპ-ებში მოადგილეების შტატი და ახლა ნიშნავთ. მათი ხელფასების გაცემაში აგვისტოდან პრობლემები შეგექმნებათ. იმის მაგივრად, რომ თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიმართოთ, ოჯახის წევრებს ასაქმებთ,“ – აღნიშნა თორნიკე ავალიშვილმა 6 აპრილს საკრებულოს სხდომაზე.
საკრებულოს წევრის, გივი თხელიძის თქმით, ის თავისი მეუღლის საბავშვო ბაღის გამგედ დანიშვნაში არ ჩარეულა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ქეთევან ლომსაძე ბაღის გამგედ თავისი გამოცდილების გამო დაინიშნა. პოლიტიკური გადაწყვეტილებით იყო საბავშვო ბაღის გამგე აქამდე დანიშნული და მან საქმე უკან წაიყვანა. შეგვიძლია შევამოწმოთ და ვნახოთ, ახლა რა ვითარებაა,“ – აღნიშნა გივი თხელიძემ.
დეპუტატ ომარ გაგოშიძის თქმით, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელად სიძის დანიშვნაზე იმიტომ მიუთითებდნენ, რომ იმ დროს ა(ა)იპ-ები საკრებულოს ექვემდებარებოდა.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“