უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის პარალელურად, ამერიკა და ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალებსა და ფულს აწვდიან.
უკრაინა ეწინააღმდეგება რუსეთის მოთხოვნას აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერებისა და ამ ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღების თაობაზე.
რა ვითარებაა ამჟამად რუსეთის მოსაზღვრე ხარკოვის ოლქში და რა მოლოდინები აქვს მოსახლეობას, – უკრაინაში არსებული მდგომარეობის გაცნობა ხარკოვში მცხოვრებ მადონა კაპანაძეს ვთხოვეთ.
მადონა ხარკოვში მეუღლესთან, სერგო კიკნაძესთან, შვილებთან – გაგასა და თამაზისთან ერთად ცხოვრობს. ის ამჟამად ხარკოვის #149-ე სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობს.
– რუსეთის საზღვრიდან 40 კილომეტრში ვართ, – ამბობს მადონა კაპანაძე, – ყველა საზღვარზე არის ბუფერული ზონა, გარდა ხარკოვისა. ახლა ჩვენთან, ყველაფრის მიუხედავად, წარმოუდგენელი სიმშვიდეა. არ გამოცხადებულა მობილიზება; ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები, სკოლები. ზედმეტად არავინ არაფერს ყიდულობს.
უკრაინაში რუსეთმა ომი 2014 წლიდან დაიწყო და ამ ფაქტს აქ არავინ ეგუება. დონეცკის ოლქში, შვიდი წელია, სროლა მუდმივად ისმის და პროვოკაციებს აწყობენ. ხარკოვში დონეცკიდან წამოსული ბევრი ოჯახი ცხოვრობს. ამ ოჯახების შვილები ჩემი სკოლის მოსწავლეებიc არიან.
საზღვართან მიმდინარე მოვლენებს ტელევიზიით მუდმივად აშუქებენ. მოსახლეობაში პანიკა არ არის. ამას ხელს უწყობს საერთაშორისო მხარდაჭერა და ხელისუფლების პირველი პირების სიმშვიდე.
არავითარი შიში არ გვაქვს, რომ ფართომასშტაბიანი ესკალაცია მოხდება. გადამოწმებული ინფორმაციით გესაუბრებით. ხარკოვის ოლქში რუსულენოვანი მოსახლეობა მრავლადაა. პოლიტიკურმა სიტუაციამ ეს ხალხი უკრაინის მხარეს გადმოიყვანა. მოქალაქეებს სისხლისღვრა და დაპირისპირება არ სურთ.
ახლა აქ არანაკლები პრობლემაა კორონავირუსის პანდემია. ამის მიუხედავად, სკოლებს არ ხურავენ – ონლაინ სწავლებაზე ცალკეული კლასები გადაგვყავს. ხარკოვის სკოლებში მასწავლებელთა 100% კოვიდსაწინაააღმდეგო ვაქცინით აცრილია.
სოციალურ ქსელში ჩემი მეგობრების, ახლობლების, ნაცნობებისა და ზოგადად, ქართველების ფოტოებს უკრაინის დროშით რომ ვხედავ, გული სიამაყით მევსება. მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩემი მეორე სამშობლოს მხარდაჭერისთვის. მადლობა, რომ გახსოვართ. მადლობა, რომ გიყვარვართ; მადლობა, რომ თქვენს თანადგომას მაგრძნობინებთ.
ამ ქალაქმა, ხარკოვმა, ბევრი სიხარული და ბედნიერება მაჩუქა. ეს ჩემი ქალაქია – 38 წელია, აქ ვცხოვრობ.
ვუსმენ პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც ამბობს, რომ ხვალინდელი დღე მშვიდობას მოგვიტანს.
„არ შეგეშინდეთ ინტერნეტის; დაე, ინტერნეტს ეშინოდეს ჩვენი. დაიცავით ორგანიზმი ვირუსებისგან, ტვინი – სიცრუისგან და გული – პანიკისგან“, – ასე მოგვიწოდებს პრეზიდენტი.
ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება; მჯერა, უკრაინაში საღი აზრი გაიმარჯვებს!
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი