

მარტში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების ხარჯები დაიბეგრა.
საღანძილის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით კიკნაძემ ამ საკითხზე განმარტება საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს მოსთხოვა.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 6 500 პირია სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული, -აღნიშნა 6 აპრილს საკრებულოს სხდომაზე დავით კიკნაძემ, – საკრებულოს 35 წევრიდან თორმეტია თანამდებობის პირი. მაინტერესებს, „ქამრების შემოჭერა“ მარტო 23 ადამიანს რატომ შეგვეხო? რატომ ჩამოგვეჭრა თანხა გაუფრთხილებლად. თუ დაინტერესდით ამ საკითხით და მომავალში როგორ იქნება საქმე. „ქამრების შემოჭერა“ საწვავისა და სალაპარაკოს ხარჯების შემცირებით უნდა მოხდეს. რიგითი დეპუტატები მოკლებულები ვართ იმ საშუალებებს, რითაც თქვენ სარგებლობთ. ამიტომ არის ბრძოლა სკამებისთვის. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებული იყავით, რომ ეს საკითხი განგეხილათ და ჩვენთვის განგემარტათ. თანხის რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, პრინციპის საკითხია.“
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის განმარტებით, მან ამ საკითხში გარკვევა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილს დაავალა.
ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ის ესაუბრა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშვილს და კომისიის სხდომაზეც მოიწვია.
„ბატონმა ვლადიმერმა განგვიმარტა, რომ და ხაზინამ არ დართო თანხის დაბეგვრის გარეშე გაცემის ნებართვა. მას შემდეგ, რაც ჩვენ 2015 წლის პირველი იანვრიდან ეს თანხა 100-100 ლარით გავზარდეთ, ხარჯის ანაზღაურებისთვის წლის ბოლომდე დამატებით 35 ათასი ლარია საჭირო. ეს თანხა თავისუფალი ნაშთიდან მიიმართებოდა, მაგრამ საფინანსო სამსახურის უფროსმა გვითხრა, რომ „ქამრების შემოჭერის“ ფონზე ეს მომატება არ გამოვიდოდა,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
„გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ დეპუტატებისთვის ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ფინანსური ანგარიშსწორების თვალსაზრისით არ არის გამართული. კანონში წერია, რომ დეპუტატებზე ხელფასის გაცემა აკრძალულია. ხარჯების ანაზღაურებას სჭირდება შესაბამისი დადასტურება დოკუმენტებით, – საწვავის ქვითარით ან მგზავრობის ბილეთით. ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ ამ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას. 2015 წლის იანვრიდან გადავედით სახაზინო მომსახურებაზე. ფინანსთა სამინისტრომ არ ჩათვალა დამაკმაყოფილებლად საკრებულოს გადაწყვეტილება და ხარჯის თანხა დაბეგრა როგორც ხელფასი,“ – ამბობს ინგა მაღრაძე და განმარტავს, რომ მისთვის ხარჯის გაცემის საფუძველი არის დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრების ოქმები და საკრებულოს აპარატის დასკვნა.
„იგივე განმეორდება აპრილშიც და ძალიან ვწუხარ. კარგად ვიცი, რა ხარჯთან არის დაკავშირებული მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობა. სხვა მუნიციპალიტეტებშიც ანალოგიური მდგომარეობაა. საკრებულოს თავმჯდომარეები რამდენიმე დღის წინ ერთად დავსხედით და ვფიქრობთ, როგორ მოვძებნოთ გამოსავალი. ისევ უნდა შევიკრიბოთ ფინანსთა და რეგიონული სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად. საბოლოოდ ერთიანი მიდგომით უნდა ვიხელმძღვანელოთ,“ – ამბობს ინგა მაღრაძე, – სხვათაშორის, ამ ხარჯის მომატებას მე მხარი არ დავუჭირე, რადგან საკითხი გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან არ იყო შეთანხმებული.“
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იღებენ საკრებულოს სხდომებსა და კომისიებში მუშაობისთვის, საკრებულოს დავალებების შესრულებისა და ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის. ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან საკრებულოს წევრის ფაქტობრივ საცხოვრებლამდე მანძილის გათვალისწინებით:
დაბა ხარაგაულის, ბაზალეთის, ფარცხნალის, საღანძილისა და ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ დეპუტატებზე 400 ლარის ოდენობით;
ლეღვანის, მოლითის, ვახანის, კიცხის, ხიდარის, ვარძიისა და წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ დეპუტატებზე 450 ლარის ოდენობით;
ბორითის, ხუნევის, ხევის, ნადაბურის, წიფას, ზვარეს, სარგვეშისა და ღორეშას ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ დეპუტატებზე 500 ლარის ოდენობით.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“