წუხელ სოფელ ხუნევში თხევადი ჟანგბადის გადამზიდი ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ამის გამო გვიან ღამით განხორციელდა ხუნევის მოსახლეობის ევაკუაცია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, მათ ღამის ათ საათზე შეატყობინეს მომხდარის შესახებ. „სასწრაფოდ შევქმენით საგანგებო შტაბი. გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და მოადგილეები წავედით ხუნევში და მოსახლეობის ევაკუაციაში ვმონაწილეობდით.

სატვირთო მანქანას 6 ტონა თხევადი ჟანგბადი გადაჰქონდა.

ავარიის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია ვერტყვიჭალის სკოლასა და ბორითის საავადმყოფოს შენობაში განხორციელდა. ხუნევიდან ოთხი მიკროავტობუსით დაახლოებით ასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო ხარგაულისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამსახურების ბრიგადები. მუშაობდნენ სპეციალისტები.

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და თხევადი ჟანგბადით სავსე სპეციალური ავზი გააუვნებელყვეს,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბარში პაატა გოგოლაძემ.