2022 წლის 14 იანვარს „მარად ჭაბუკად“ დარჩენილ პოეტს, ლადო ასათიანს 105 წელი შეუსრულდებოდა.

რა ცოტაა ამქვეყნად ყოფნის ოცდაექვსი და პოეტური ბიოგრაფიის ხუთიოდე წელი და რა გრანდიოზულია მის მიერ დატოვებული პოეტური შემოქმედება, – ასზე მეტი ლექსი, ორი ისტორიული ბალადა, ერთი პოემა, რამდენიმე თარგმნილი ლექსი და მოთხრობა.

ლადო ასათიანის მეგობარი და მისი კრებულის შემდგენელი ნიკა აგიაშვილი ამბობს, რომ „მრავალ მათგანს ნამდვილი სიმწიფის ბეჭედი აზის და ისინი შექმნილია ჭეშმარიტი ოსტატ-შემოქმედის ხელით“.

ლადო ასათიანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ლადო ასათიანის ქალიშვილ მანანა ასათიანთან.

მანანა ასათიანის საცხოვრებელი ბინა ლადო ასათიანის მუზეუმი უფროა. რამდენიმე ოთახის კედლები მთლიანად პოეტისა და მასთან დაკავშირებული ფოტოებითაა განფენილი.

ვათვალიერებთ ფოტოებს, რომელთაგან თითოეულს მეტად საინტერესო და გამორჩეული ისტორია აქვს…

„ლადოს მშობლები რუსულისა და ქართულის პედაგოგები იყვნენ. ბაბუაჩემი განსაკუთრებით განათლებული კაცი იყო. პირდაპირ საოცარია, როგორ მიიღეს ასეთი განათლება ცაგერში, – ამბობს ქალბატონი მანანა და ლადოს მშობლების ფოტოებს მაჩვენებს.

  • ლადო ასათიანის პირველი ფოტო ქართულ პრესაში ცნობილი ფოტოგრაფის, დავით მხეიძის მიერაა გადაღებული.
  • ვახტანგ ქოქიაშვილის ნახატი „ყაყაჩოები“ – ლადოს ხომ საოცრად უყვარდა ყაყაჩო, ეს გოგი თოთიბაძის ნახატია, 9 აპრილს თავად ამოვიდა დილით და ამოიტანა წარწერით:

„დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
 გაისარჯოს და ბრძოლებში გაიხარჯოს…“

  • ესეც გიორგი შხვაცაბაიას შექმნილი ქანდაკების ნიმუში.
    თბილისში, ჯერჯერობით, ლადო ასათიანის ძეგლი არ არის. 30 წელია, მუშაობს მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია ლადოს ძეგლის შესაქმნელად, 30-მდე ნიმუში აქვს შემუშავებული.

მერიიდან თანხმობაა, მაგრამ საქმე წინ არ მიდის. ლადოს ჭადართან, – იმ ადგილას, სადაც მომავალი მეუღლე, ულამაზესი ანიკო ვაჩნაძე გაიცნო, ახლა ფილას აგებენ“.

  • აქვეა გამოფენილი ლადო ასათიანისა და ანიკო ვაჩნაძის, ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის, ლადო ასათიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოების ამსახველი ფოტოები…
  • მანანა ასათიანის ნათლიის – ლადო გუდიაშვილის ნახატები;
  • ქალბატონი მანანას ბებია ეკატერინე გაბაშვილთან და ოლღა გურამიშვილთან ერთად გიმნაზიაში სწავლის პერიოდში…
  • მანანა ასათიანი ნათლიებთან – კონსტანტინე გამსახურდიასთან, სიმონ ჩიქოვანთან, ნიკა აგიაშვილთან, ასევე იოსებ გრიშაშვილთან, მურმან ლებანიძესთან, ანა კალანდაძესთან, მერაბ ბერძენიშვილთან, ბიძინა კვერნაძესთან, ჭაბუა ამირეჯიბთან, რუსუდან სებისკვერაძესთან, ანზორ ერქომაიშვილთან, როინ მეტრეველთან, თემურ ჩხეიძესთან, ნათელა მაჭავარიანთან, ლია სტურუასთან, ნინო რამიშვილთან, ნოდარ ასათიანთან, ვახტანგ როდონაიასთან, გოდერძი ჩოხელთან, ჯანსუღ ჩარკვიანთან, გიზო ჟორდანიასთან… ერთად გადაღებული ფოტოები.

ლადო ასათიანის პირველი წიგნი ლადო გუდიაშვილმა გააფორმა.

„მერე მე დამხატა. ნახეთ, ჩემი ტყუპები – ეკა-მაკა დამისვა ხელებზე“, – განაგრძობს ქალბატონი მანანა – „ძვირფას მანანა ასათიანს ლადო გუდიაშვილისაგან, 1968 წელი“, – აღნიშნულია ლადო გუდიაშვილის ნახატზე.

ამ დარბაზის მშვენებაა ზურა სამხარაძის მიერ შექმნილი ლადო ასათიანის პორტრეტი. საოცარია პირდაპირ, საითაც უნდა წახვიდე, ლადო შენ მოგყვება ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. თვალსაჩინოდაა ანა კალანდაძისა და მურმან ლებანიძის ხელნაწერები – ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი ლექსები.

„მურმან ლებანიძე „შვილიკოს“ მეძახდა, – იხსენებს ქალბატონი მანანა, – ლექსიც მომიძღვნა – „მანანა, იფრინე, შვილო, მამაშენის მსუბუქი ფრთებით. ის ქართულ მიწას არ ამძიმებდა“… ახლახან აღმოვაჩინეთ ლადოს ტექსტზე ბიძინა კვერნაძის სიმღერა, რომელიც ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

ერთ-ერთ ფოტოზე ლეჩხუმში ლადოს ძეგლია ასახული. ამ ძეგლთან ლადო ასათიანისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვდიოდი. უცებ ცრემლები წამომივიდა და ვეღარაფერი ვთქვი… დოდო ჭიჭინაძემ მითხრა, ძალიან კარგი იყოო. სათქმელი რომ დაგემთავრებინა, ეს არ იქნებოდა კარგიო“…

ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი ფოტოების გვერდით არიან მანანა ასათიანის ტყუპების – ეკა-მაკას მეგობრების – ლიზა ბაგრატიონის, ბასა ფოცხიშვილის, თამრიკო ჭოხონელიძის, ნატო მეტონიძის, ქეთი ფარესაშვილის ფოტოებიც.

„ჩვენთან სტუმრად ხშირად მოდიან ეს ახალგაზრდები. ისე რომ, არ ვიწყენ, – ამბობს ქალბატონი მანანა. თვალსაჩინოდაა გამოფენილი ლადო ასათიანის შვილიშვილის, მაკა ჯანიკაშვილის ფოტო და სიტყვები: „ბავშვობაში, თუკი ვინმე იტყოდა, რომ ეს ლადო ასათიანის შვილიშვილიაო, საშინლად ვღიზიანდებოდი იმიტომ, რომ შემდეგ აუცილებლად მისი ლექსის თქმას მთხოვდნენ. მე კი ისე ვიბნეოდი, რომ ლექსს ვეღარ ვამბობდი“.

 

მაკა ჯანიკაშვილი ამერიკის მოქალაქეა და ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში ცხოვრობს. სწორედ ამერიკაში სტაჟირების დროს მომეცა მისი გაცნობისა და მასთან დაახლოების შესაძლებლობა. მაკა ჯანიკაშვილს ჰყავს ვაჟი გიორგი.

მის ტყუპისცალ ეკას ჰყავს მეუღლე მიხეილ უკლება და ორი შვილი – ანა და ლადო – დიდი ბებია-ბაბუის თანამოსახელეები, თუმცა კი ისინი არ არიან ასათიანები. მათი გვარი უკლებაა.

„5 წლის იყო ლადო, ერთ ჟურნალისტს რომ უთხრა – მე ვარ ლადო ასათიანი, ეს კი ანა უკლებააო“, – გვიამბობს ქალბატონი მანანა.

– ქალბატონო მანანა, დედათქვენი, ქალბატონი ანიკო ვაჩნაძე, ბავშვობაში „მამაილას“ გეძახდათ. ეს მამასთაა დაკავშირებული?

– დიახ, „მამაილა“ მამას უკავშირდება… მისი ხასიათი გაქვსო, – მეუბნებოდა დედა, – ყველაზე მეტად კი თვალებით ჰგავხარ მამაშენსო. რუსთაველზე, პირველ გიმნაზიასთან დამზადების სამინისტრო იყო და დედა იქ მუშაობდა ეკონომისტად (მამა რომ გაიცნო, მაშინ მწერალთა კავშირში მუშაობდა).

დედას სამსახურთან ახლოს რუსული ბაღი იყო და მახსოვს, იქ დამატარებდა. ერთხელ, ბაღიდან რომ მოვედი, მაგიდაზე შევხტი და უკვე გარდაცვლილი მამას ფოტოს ვუთხარი – მამა, ნახე, შენ სიმაღლე ვარ-მეთქი.

დედაჩემი შემოვიდა ამ დროს და მოისმინა… მერე ვნახე დედას ჩანაწერებში, მთელი ღამე არ მიძინიაო… მამა რომ გარდაიცვალა, ორწლინახევრის ვიყავი. პატარაობიდან დავყავდი დედას სასაფლაოზე. რომ მივიდოდით, ჩავცუცქდებოდი და ჯოხს ვიღებდი. უამრავი ჭიანჭველა იყო და მათ ვკლავდი.

– რას შვები, ადექი, წამოდიო, – მეუბნებოდა დედა.

– რას ვშვები და ჭიანჭველებმა რომ არ შეჭამონ მამა, ვკლავ-მეთქი, – რაც მეტს ვთხრიდი, მით მეტი ამოდიოდა და ძალისძალით, ტირილით მივყავდი სასაფლაოდან დედას.

ერთ მშვენიერ დღეს შალვა აფხაიძე შეგვხვდა ქუჩაში. მომეფერა, თავზე ხელი გადამისვა და დედაჩემს უთხრა – რატომ ხარ, ანიკო, ასე დანაღვლიანებულიო;

– აი, ასე აკეთებსო, – უთხრა დედამ ჩემზე.

შალვა აფხაიძე მომიბრუნდა, თავზე ხელი გადამისვა, ხელზე მაკოცა და მითხრა:

– ნუ გეშინია, ჩემო მანანა, ჭიანჭველები მამაშენს ვერაფერს დააკლებენო. მაშინ დაახლოებით შვიდი წლის ვიქნებოდი.

– ახლა უნიკალურ რამეს გაჩვენებთ, – მეუბნება ქალბატონი მანანა და სათუთად შლის ალბომს, რომელზეც გარედანაა ამოტვიფრული – „ანიკო ვაჩნაძე“ და რომელიც მწერალთა კავშირში მუშაობის პერიოდშია შედგენილი.

მართლაც უნიკალური რამაა – ცნობილი მწერლებისა და პოეტების ხელნაწერები, რომელთა უმრავლესობა ანიკო ვაჩნაძეს ეძღვნება.

ვის ხელნაწერს არ ნახავთ აქ – ალიო მაშაშვილისა და სანდრო შანშიაშვილის, ილო მოსაშვილისა და გიორგი კაჭახიძის, სერგეი მიხალკოვისა და ვალერიან გაფრინდაშვილის, გალაკტიონ ტაბიძისა და გიორგი ქუჩიშვილის, პაოლო იაშვილისა და ვიქტორ გაბისკირიას, გიორგი შატბერაშვილისა და სიმონ ჩიქოვანის, ირაკლი აბაშიძისა და მიხეილ ქვლივიძის, კოლაუ ნადირაძის, გრიგოლ აბაშიძის, შალვა დადიანისა და რაც მთავარია, ლადო ასათიანის!

– გარდაცვალებიდან 5 წლისთავი რომ გაუმართეს ლადოს, რვა წლის ვიყავი, – იხსენებს ქალბატონი მანანა, – მწერალთა კავშირის დარბაზი გაჭედილი იყო. ხელიდან ხელში გადამატარეს და პირველ რიგში დამსვეს.

გამოვიდა სერგო ზაქარიაძე და წაიკითხა „სასაფლაო,“ რომელიც მამამ მე მომიძღვნა. სერგო ზაქარიაძეს ცრემლები ჩამოსდის… მეც ამიტყდა ტირილი…

ჩემს ბავშვობაში ჩვენთან ხშირად დადიოდნენ კონსტანტინე გამსახურდია, სიმონ ჩიქოვანი, გერონტი ქიქოძე, მარიკა ბარათაშვილი, კლავდია დევდარიანი. გოგლა ლეონიძე „ჩემ პენსიონერს“ მეძახდა, – ყოველთვის, როცა კი მნახულობდა, ჩემთვის შოკოლადებს ყიდულობდა…

– გვიამბეთ ლადო ასათიანისა და ანიკო ვაჩნაძის გაცნობისა და შეუღლების ამბავი.

– იცით, როგორ გაიცნეს ერთმანეთი? დედა მწერალთა კავშირში მუშაობდა, მამა კი ქუთაისიდან თბილისში ახალი ჩამოსული იყო. ერთხელაც, დედა სამსახურიდან შინ რომ ბრუნდებოდა, რუსთაველზე, მწერალთა თავშეყრის ადგილას – ჭადართან, რომელსაც მერე „ლადოს ჭადარი“ უწოდეს, ლადო დაუნახავს.

ერთმანეთს თვალი თვალში გავუყარეთ და რაღაც მნიშვნელოვანი ვიგრძენითო, – მიამბობდა დედა. მეორე დღეს, ამხანაგთან ერთად კვლავ იმ გზით წამოსულს, იმავე ჭადართან ნიკა აგიაშვილი და ლადო შეუნიშნავს. ნიკა დედას იცნობდა, მისალმებია და, – ანიკო, გაიცანი, ეს ქუთაისიდან ჩამოსული ჩემი მეგობარი, ახალგაზრდა პოეტი ლადო ასათიანიაო, – წარუდგენია.

დედას კი საპასუხოდ ლადო თავისი ამხანაგისთვის წარუდგენია: გაიცანი, ეს ქუთაისიდან ჩამოსული ახალგაზრდა პოეტი ლადო ასათიანი ყოფილაო. შინ დაბრუნებული ანიკოსთვის დედამისს უთქვამს, – ერთი, შენი თავი გამათხოვებინაო. თუ გინდა, ხვალვე მოგიყვან სასიძოს, თუ მოგეწონება, ცოლადაც გავყვებიო, – სიცილით უპასუხია დედას.

იმ დღეს, ბებიასთან საუბრამდე, თურმე დედას ლადოსგან სასიყვარულო ბარათიც მიუღია და დაუხევია. არადა, ძალიან ლამაზი წერილი ყოფილა და სიკვდილამდე ნანობდა თავის საქციელს.

გაჭირვებული წლები იყო. ბებიას როგორღაც მოუხლაფორთებია სადილი ნავთქურაზე და სასიძოს ელოდებიან. ლადოს მარტო მოსვლა მორიდებია და აკაკი შანიძის სიძე ლევან კიკნაძე წამოუყვანია.

სადილობისას, სამზარეულოში გასულ ბებიას დედაც უკან გაჰყოლია და უკითხავს: მოგეწონა თუ არაო? კიო, – უპასუხია ბებიას, მაგრამ თურმე ლევან კიკნაძეს გულისხმობდა.

არა, ეგ არა, მეორეზე გეკითხებიო, – უთქვამს დედას. მაგასაც არა უშავს, გაჰყევიო, – ურჩევია ბებიაჩემს დედაჩემისთვის. ამის შემდეგ ანიკო ვაჩნაძემ და ლადო ასათიანმა მალე მოაწერეს ხელი.

პირველ ხანს ანიკოს მშობლებთან ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ყოფილი ძერჟინსკის ქუჩაზე გადავიდნენ ერთ პატარა უფანჯრო ოთახში, რომლის ფართი სულ 14 კვადრატული მეტრი იყო. ოთახს კარზე ჰქონდა მინა ჩასმული და დღის სინათლე იქიდან შედიოდა.

ლადოს სუსტი ფილტვები ჰქონდა. ჯარში რომ წასულა, გზაში გაციებულა. გაათავისუფლეს და თბილისში დააბრუნეს. ამის შემდეგ ხშირად აბასთუმანში დადიოდა.

დედა ოჯახიდან ნივთებს ყიდდა, რომ მამასთვის აბასთუმნის ტუბინსტიტუტის საგზური შეეძინა. ანიკოსა და ლადოს საოცარი სიყვარული აკავშირებდათ. უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ – ან დედა იყო აბასთუმანში, ან ლადო გამორბოდა აბასთუმნიდან თბილისში.

აბასთუმანში მამამ ექიმი ცუცა ფურცელაძე გაიცნო და ლექსი მიუძღვნა:

„აბასთუმანში პატარა სახლია,
მთის ძირში მიდგმული.
ამ სახლში წაბლისფერთმიანი ქალია –
დიდბუნებოვანი და დიდგული…“

ცუცას და ლადოს მეგობრობა აკავშირებდათ. ლადომ მას ლექსების კრებული აჩუქა, რომელიც მოგვიანებით, მისმა დისშვილებმა და ჩემმა მეგობრებმა მე მისახსოვრეს.

– ლადო ასათიანის შვილობა საამაყოა, მაგრამ იოლი სატარებელი არ იქნებოდა.

– ეს დიდი მოვალეობა და პასუხისმგებლობა იყო. ვინც გაიგებდა, ლადოს შვილი ვიყავი, ყველა მოწიწებით მექცეოდა. მახსოვს, უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე რომ ჩავაბარე და ვარლამ თოფურიას ლექციაზე პირველად შევედი, მოსალმებისა და სიის ამოკითხვის შემდეგ ბატონი ვარლამი ჩემით დაინტერესდა, – შენ, ბაბუ, რომელი ასათიანის შვილი ხარო?

მყავდნენ არაჩვეულებრივი ჯგუფელები: რისმაგ გორდეზიანი, თამაზ კვაჭანტირაძე, გუჩა კვარაცხელია, გურამ შარაძე, ლადო მინაშვილი, იუზა ხუსკივაძე…

ჩემი ჯგუფელი თამაზ კვაჭანტირაძე წამოხტა და, – ლადო ასათიანის შვილიაო, – სასწრაფოდ მოახსენა. მოხვალ, შენ, ბაბუ, ლექციების შემდეგ ჩემთანო, – მითხრა. და მართლაც მივედი. მომეფერა, – კარგი მამის შვილი ხარ და აბა, შენ იციო. ვიცოდი, დიდი მეცნიერი მამას ქუთაისიდან კარგად იცნობდა, მის ნიჭსაც ძალიან აფასებდა და ხშირად რჩევასაც აძლევდა.

ლადოც ხშირად აღნიშნავდა თურმე, რომ ქართული ენა ვარლამ თოფურიამ შეასწავლა: ოთხი წლის განმავლობაში ვისმენდი მის ლექციებს და თუ რამ სწორად დამიწერია, სწორედ მას უნდა ვუმადლოდე. ვარლამი ყოველთვის გვანათებდა და გვანათლებდაო.

ვარლამ თოფურიასთან პირველი შეხვედრის დროს ლაპარაკში წამომცდა – „როგორ გეკადრებათ.“ ბაბუ, მაგი სიტყვა მეორედ აღარ თქვაო, – მითხრა. შევწუხდი… დავემშვიდობე და წამოვედი.

მოვედი სახლში და სულხან-საბას „სიტყვის კონა“ გადავშალე. „კადრება“ – უკადრისი საქციელი. დღეს ტელევიზორში ყოველდღე იმეორებენ „როგორ გეკადრებათ…“ ძალიან გთხოვთ, შეცვალეთ ეს სიტყვა „ბრძანებთ“ – რას ბრძანებთ, რას ამბობთ. ამის შემდეგ ყველას ვეუბნები, მაგრამ ყოველდღე მაინც ასე მესმის, ძალიან დამკვიდრებულია. ამიტომ, როგორმე იქნებ თქვენი გაზეთიც ცოტა წაგვეშველოს.

სხვათა შორის, ვარლამ თოფურია ლადოს გვერდზეა დასაფლავებული და მის მეუღლეს ხშირად ვხვდები. არაჩვეულებრივი ქალია, ყოველდღე დადის დიდუბის პანთეონში, ყოველდღე!

საფლავი არ მიყვარს, არ შემიძლია რაღაცნაირად… სხვის საფლავებზე დავდივარ, მაგრამ ლადოს საფლავთან გული სხვანაირად მეკუმშება და თვალებიც მაშინვე ცრემლით მევსება… ლექსში „სასაფლაო“ ანდერძად მიბარებს, გაიცინეო. რანაირად გავიცინო…

– პოეტური გენები ლადო ასათიანის შთამომავლებში თუ ვლინდება?

– დედას ეგონა, მეც ლექსის წერას დავიწყებდი… უფრო – სურდა, ალბათ, მაგრამ… 7-8 წლისამ ნაძვის ხეზე მართლა დავწერე ლექსი და დედამ ცნობილ პოეტთან, მარიჯანთან მიმიყვანა.

მარიჯანმა ჩემი ლექსი წაიკითხა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა: ნუ გეშინია, მანანა, რომ გაიზრდები, კარგ ლექსებს დაწერო. მას შემდეგ ლექსი აღარ დამიწერია. მივხვდი, რომ ლექსების წერა ჩემი საქმე არ იყო. უბრალოდ, ძალიან მიყვარს პოეზია და კარგი შემფასებელიც ვარ.

მერე ჩემს შვილებში ვეძებდი პოეტურ ნიჭს. ერთხელ ეკამ დაწერა ჩემნაირი ლექსი. მე კი ვუთხარი, მეტი აღარ დაწერო-მეთქი.

ლადო ასათიანს დაწერილი ლექსი არასოდეს გადაუკეთებია. როგორც დაწერდა, იმ სახითვე აქვეყნებდა, სიტყვებს არ ცვლიდა. ერთადერთი სიტყვა აქვს შეცვლილი, როცა ლექსი მე მომიძღვნა. „ტანხატულა“ გადააკეთა „თვალხატულათი.“ მიხვდა, რომ ტანხატულა ვერ ვიქნებოდი.

მისი ასამდე ლექსი და სამი პოემა უკლებლივ არის შემორჩენილი. მისი არც ერთი ლექსი საშუალო დონის არ არის, ყველა კარგია.

– ლადო ასათიანის საფლავზე ყაყაჩოები თავისით მართლა ამოდის?

– ამოდის!… ზოგჯერ ამოდის თავისით…

– თქვენ ასაკში წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ლადო ასათიანი?

– ამის თქმა ცოტა ძნელია, მაგრამ იქნებოდა ისევ ისეთი პრინციპული… ალბათ, ბევრ კარგ ლექსსაც დაგვიწერდა… რა ვიცი, მამაზე ლაპარაკი ყოველთვის მიჭირს …

ლაურა გოგოლაძე

გაზეთი „ჩემი ხარაგაული“
2010 წ.