2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის.

მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ისევ სამი საგნის მიხედვით. ცვლილება არ ეხება ჯანდაცვის მიმართულების არც ერთ პროგრამას და ასევე გრანტის გაცემის წესს.

სიახლეა ასევე  ქართული ენისა და ლიტერატურის 2022 წლის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხო გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც.

ქართული ენა და ლიტერატურა
2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად).

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70 ქულა), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად კი გამოყოფილი იქნება 3 საათი.

გეოგრაფია 
გეოგრაფიის ტესტში 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იგეგმება მცირეოდენი ცვლილებები. რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას. ამის შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59. აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა.

წყარო