„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ყველა დამსაქმებელს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნას ავალდებულებს.

უსაფრთხოების მენეჯერის დანიშვნა დასაქმებულთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.

იქ, სადაც 20-მდე თანამშრომელია, უსაფრთხოების მენეჯერის ფუნქციებს დირექტორი ითავსებს; 20-დან 100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში – შრომის უსაფრთხოების ერთი მენეჯერია საჭირო; ხოლო თუ სამსახურში 100-ზე მეტი თანამშრომელია, შრომის უსაფრთხოებაზე ორმა პირმა უნდა იზრუნოს.

ხარაგაულის მერიაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად დავით ჩადუნელი მუშაობს. მან, ორი წლის წინ შრომის უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფოსგან შემოთავაზებული მოკლევადიანი კურსი გაიარა.

ამჟამად კი ის ეუფლება კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის“ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, რომელსაც 2022 წლის ზაფხულში დაასრულებს.

დავით ჩადუნელი ამბობს, რომ დასაქმებულთა ხარისხიანი შრომის აუცილებელი პირობაა, რომ ისინი უსაფრთხო გარემოში საქმიანობდნენ.

„უსაფრთხო შრომის პირობების დაცვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, – ამბობს დავით ჩადუნელი, – ამ ხელშეკრულებისა და კანონის თანახმად, ყველა ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სერტიფიცირებული პირი.

აუცილებელია, ორგანიზაციამ შეიმუშაოს შრომის უსაფრთხოების გეგმა და რისკების შეფასების დოკუმენტი. ორივე დოკუმენტი შევიმუშავე და მერმა ისინი დაამტკიცა.

მერიაში საოფისე საქმიანობა მიმდინარეობს და რისკები შედარებით ნაკლებია, ვიდრე, ვთქვათ, 16-სართულიანი სახლის მშენებლობისას. თუმცა, შრომის უსაფრთხოებაში ნულოვანი რისკები არ არსებობს.

ხარაგაულის ადმინისტრაციულ შენობაში, უმთავრესად, ელექტროგაყვანილობის საფრთხეებია. ასევე მოსალოდნელია ფიზიკური საფრთხეები, როცა რუტინული მუშაობის დროს დასაქმებული მუდმივად ზის.

მოსაწესრიგებელია სველი წერტილები, განათებები კიბის უჯრედებში, შესაცვლელია შენობის შესასვლელი. აუცილებლია ევაკუაციის გეგმა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში გამოიყენება. რისკების გადამოწმება 6 თვეში ერთხელ ხდება.

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან ზოგი რამ უკვე გამოსწორდა, ზოგი რამ გზადაგზა გაუმჯობესდება“.

ზესტაფონში კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პროგრამას“ ნიკა კვიჟაშვილი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ამ კოლეჯში ეს პროგრამა ორწლიანია და სახელმწიფოსგან სრულად ფინანსდება.

„პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული პროფესიული განათლების დიპლომს მიიღებს, – ამბობს ნიკა კვიჟაშვილი, – კოლეჯში ჩარიცხვა შეუძლია პირს, რომელმაც საშუალო სკოლა დაამთავრა.

ეს პროგრამა შრომის უსაფრთხოების 24 მოდულს მოიცავს. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებზე მოთხოვნა გაიზარდა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.

ამჟამად შრომის უსაფრთხოების საკითხებს „კონსტრუქტ2“-ში 23 სტუდენტი ეუფლება. სწავლის მსურველები გამოცდების საფუძველზე ირიცხებიან – ეს არის მათემატიკური და სივრცითი უნარების ტესტები. სწავლება მიმდინარეობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

დასწრება აუცილებელია, რადგან შრომის უსაფრთხოება არის პროფესია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ეხება. შრომის უსაფრთხოების საკითხების დისტანციურად შესწავლა წარმოუდგენელია.

კოლეჯი „კონსტრუქტ2“ ზესტაფონში მდებარეობს მისამართზე – ნიკო ნიკოლაძის ქ. #28“.

ნინო კაპანაძე